ამ შემთხვევაში ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ობიექტივში Horsehead Nebula მოექცა და, ალბათ, აღარც გაგიკვირდებათ, რომ მისი ისეთი მახასიათებლები გამოავლინა, რომლებიც აქამდე არასდროს უნახავთ. უფრო ზუსტად რომ გითხრათ, „ცხენის“ თავის ახლო ხედი გვაჩვენა.
Horsehead Nebula 1300 სინათლის წლითაა ჩვენგან დაშორებული და იგი ორიონის მოლეკულური ღრუბლის კომპლექსის ნაწილს წარმოადგენს. მტვრითა და გაზით არის გასქელებული, იმდენად სქელიც კია, რომ ოპტიკურ შუქზეც ჩრდილებივით მუქად ჩანს. შესაბამისად, ბევრ ფოტოზე ღრუბელს ვხედავთ, როგორც ხვრელს, რომლის ირგვლივაც ბრჭყვიალა აირებია მოხვეული. ახლა კი 23 ფილტრის კომბინაციით ასტრონომებმა ისეთ გარჩევადობას მიაღწიეს, რომ შეუძლიათ, თვალი ადევნონ ემისიებს 20 ნანომეტრზე მცირე მარცვლებიდან.
თუ მას ადამიანის ნორმალური ხედვის მიღმა დავაკვირდებით, მივაახლოებთ და დავათვალიერებთ ტალღის სიგრძეებში, ამ ნისლეულის ვიზუალი სრული სიბნელიდან რაღაც მანათობელ ღრუბლად იქცევა. აღსანიშნავია ისიც, რომ Horsehead Nebula-ს არ აქვს სინათლის შიდა წყარო, მაგრამ იგი ახლომდებარე Sigma Orionis-ის კომპლექსით თბება. მარტივად რომ აღვწეროთ, ძალიან ახალგაზრდა, დიდი და ცხელი ვარსკვლავებით, რომლებიც დაახლოებით 34 600 კელვინის ტემპერატურაზე ანათებს.
მსგავსი მახასიათებლების კომბინაცია Horsehead Nebula-ს შესანიშნავ ლაბორატორიად აქცევს ვარსკვლავური „ბაღების“ გასააზრებლად. თავად Horsehead კი მასალის მკვრივ გროვას წარმოადგენს, რომელიც გრავიტაციის ქვეშ აფეთქდა. ხოლო ფორმირების პროცესში პატარა ვარსკვლავებს შეიცავს, რომლებსაც ჩვენი თვალთახედვიდან მტვერი იცავს…
საინტერესოა ისიც, რომ ნისლეულის გარეთ არსებული ვარსკვლავების ინტენსიური რადიაცია მავნედ ზემოქმედებს მის გარშემო არსებულ ობიექტებზე. შორეული ულტრაიისფერი შუქი ე. წ. ფოტოდისოციაციის პროცესს იწვევს — მოლეკულები მკაცრი სხივების ქვეშ იშლება და ნეიტრალურ ვარსკვლავთშორის მედიუმს ქმნის. Horsehead Nebula-ს მიმდებარედ კი სწორედ ის არის, რასაც ფოტოდისოციაციის რეგიონის (PDR) სახელით ვიცნობთ, რაც ახლა JWST-ის ობიექტივში მოექცა.
მეტიც, ჯეიმს ვების უახლესი მონაცემები მეცნიერებს ე. წ. ფოტოაორთქლების პროცესის გააზრებაში დაეხმარება, რომლის დროსაც გაზი ძლიერი შუქით იონიზდება და ორთქლდება. ამჯერად კი სურათებმა მკვლევართა ჯგუფს საშუალება მისცა, მცირე ზომის სტრუქტურები გამოევლინა, რომლებიც Horsehead Nebula-ს კიდეში გვხვდება და ძაფების მსგავსი ქსელიც, რომელიც უკვე PDR-ის წინა მხარესაა მოქცეული. აღნიშნული ქსელი მტვერსა და გაზს შეიცავს, რომლებიც ფოტოაორთქლების პროცესს უზრუნველყოფს.
დაბოლოს, როგორც ამბობენ, ეს მხოლოდ დასაწყისია. შემდგომი ნაბიჯი სინათლის სიღრმისეული ანალიზი იქნება, რათა მტვრისა და გაზის ქიმიური შემადგენლობები გაიგონ, მტვრის მარცვლების ზომაც და ნაკადიც, რასაც იმის მიხედვით გაარკვევენ, თუ როგორ ფანტავს იგი სინათლეს. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს მკვლევრებს დაეხმარება, გაიგონ, როგორ იცვლება და ორთქლდება ღრუბლები, როგორ ათავისუფლებს იგი მათში მოქცეულ ახალშობილ ვარსკვლავებს…