ახალმა აღმოჩენამ ურანის მთვარეების საერთო რიცხვი 29-მდე გაზარდა — JWST-მ ყინულოვან პლანეტასთან ახლოს, მისი ეფემერული რგოლების გარეთ პატარა ობიექტი დააფიქსირა, ისეთი, რომელიც აქამდე არავის ენახა. Voyager 2-ის ზონდის მონაცემებშიც კი ვერ იპოვით მას, არადა 1986 წელს ახლო მანძილზე ჩაუფრინა მას… სავარაუდო დიამეტრი 10 კილომეტრია და მისი აღმოჩენა ურანის სისტემის კომპლექსურობაზე მიგვითითებს, იმაზე, თუ რამდენად ცოტა ვიცით ამ პლანეტის შესახებ.
„არცერთ პლანეტას აქვს იმდენი შიდა პატარა მთვარე, რამდენიც ურანს და მათი რგოლებთან კავშირი ქაოტურ ისტორიაზე მიანიშნებს, რომელიც რგოლების სისტემასა და თანამგზავრების სისტემას შორის ზღვარს შლის. თანაც ახალი მთვარე იმაზე უფრო პატარა და მკრთალია, ვიდრე მანამდე აღმოჩენილი პატარა შიდა მთვარეები. ასე კი სავარაუდო ხდება, რომ კიდევ უფრო მეტი კომპლექსური საკითხი რჩება აღმოსაჩენი“, — ამბობს SETI Institute-ის პლანეტარული მეცნიერი მეთიუ ტისკარენო.
ურანის ახალი მთვარე ჯეიმს ვებმა NIRCam-ით 2025 წლის 2 თებერვალს აღმოაჩინა, რა დროსაც 6 საათზე მეტი გაატარა პლანეტისა და მისი შემოგარენის შესასწავლად. S/2025 U1-ის სახელით აღნიშნეს და იგი 13 სხვა პატარა მთვარეს შორის ბრუნავს, რომლებიც, თავის მხრივ, Miranda-ს დიდი მთვარის ორბიტის შიგნით გვხვდება, პლანეტის ცენტრიდან 56 250 კილომეტრის დაშორებით. ეს ორბიტა ოფელიასა და ბიანკას თანამგზავრებს შორისაა მოქცეული. ამასთან, S/2025 U1-ს წრიული ორბიტა აქვს, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ იგი ამჟამინდელ ადგილზე ჩამოყალიბდა.

ახალი მთვარის სახელზე ჯერ კიდევ ფიქრობენ, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ურანის ყველა მთვარეს შექსპირის ან ალექსანდრე პოუპის პერსონაჟების სახელები ჰქვია, აქაც რაღაც პოეტურს უნდა ველოდეთ.
„ამ მთვარის აღმოჩენა ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ აგრძელებს თანამედროვე ასტრონომია ისეთი მისიების მემკვიდრეობას, როგორიცაა Voyager 2, რომელმაც ურანს 1986 წლის 24 იანვარს ახლოს ჩაუფრინა და კაცობრიობას ამ იდუმალებით მოცული სამყაროს ახლოდან ნახვის შესაძლებლობა მისცა. ახლა, თითქმის 4 ათწლეულის შემდეგ, ჯეიმს ვები კიდევ უფრო შორს მიდის…“.












