ნასა გვეკითხება, თუ იცით, რა საერთო შეიძლება ჰქონდეს მარგარიტას, ძმარსა და ჭიანჭველის ნაკბენსო, შემდეგ კი გვპასუხობს, რომ ისინი იმ ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავენ, რომლებიც ჯეიმს ვების ტელესკოპმა ორი ახალგაზრდა პროტოვარსკვლავის IRAS 2A-ისა და IRAS 23385-ის ირგვლივ აღმოაჩინა. ალკოჰოლის გარდა, JWST-მ ჭიანჭველა მჟავას, მეთანს, ფორმალდეჰიდსა და გოგირდის დიოქსიდს მიაგნო. ამ ამბავში კი, ნასას თქმით, მთავარი ის არის, რომ ისინი „პოტენციურად დასახლებადი სამყაროების შესაქმნელად ძირითად ინგრედიენტებს წარმოადგენენ“.
სწორად ფიქრობთ, დასახლებად სამყაროებში ის გარემო იგულისხმება, რომლებიც სიცოცხლისთვის გამოდგება, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იქ სიცოცხლე არსებობს… მართალია, ამ ვარსკვლავების გარშემო პლანეტები ჯერ არ ყალიბდება, მაგრამ, ნასას ვარაუდით, თითქმის ყველა ვარსკვლავს აქვს სულ მცირე ერთი პლანეტა… და სწორედ ამ პლანეტების ჩამოყალიბების რეგიონში აღმოაჩინა ვების ტელესკოპმა კომპლექსური ორგანული მოლეკულები.
განსაკუთრებულ ყურადღებას კი ეთანოლზე ამახვილებენ, დიახ, ზუსტად იმაზე, რომელიც ალკოჰოლურ სასმელებში გვხვდება. ჯეიმს ვების მიერ შემოთავაზებული პირველი გრაფიკული გამოსახულება გვაჩვენებს განსხვავებულ სინათლის სპექტრს, რომელიც მან IRAS 2A-ზე დაკვირვებისას გადაიღო. მოცემულ გამოსახულებაზე ეთანოლი ყინულოვანი მასალის მრავალ ჯგუფშია წარმოდგენილი:
მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ეს ინგრედიენტები, რომლებიც ყინულოვან მასალებად ყალიბდება ერთ დღეს მზის სისტემის ობიექტების ნაწილად შეიძლება იქცეს, მათ შორის კოსმოსურ ქანებადაც… — „ეს მოლეკულები, შესაძლოა, ასტეროიდებისა და კომეტების ნაწილად იქცეს და ახალი პლანეტარული სისტემაც ჩამოაყალიბოს, როცა პლანეტის წარმომქმნელ დისკზე, პროტოვარსკვლავური სისტემის ევოლუციის დროს, ყინულოვანი მასალა შეიძლება მოხდეს. ჩვენ ვაკვირდებით ამ ასტროქიმიურ პროცესს, რასაც მომდევნო წლებში ვების კიდევ უფრო მეტი მონაცემი დაემატება“.
ხოლო ეს სურათი 15 მიკრონ ტალღის სიგრძეზეა გადაღებული, JWST-ის MIRI-ის დახმარებით, პროტოვარსკვლავის ახლომდებარე რეგიონიდან, რომელიც IRAS 23385-ის სახელითაა ცნობილი:
IRAS 23385 და IRAS 2A კი ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა კვლევის სამიზნედ სწორედ იმიტომ გამოიყენა, რომ გაეგო პოტენციურად დასახლებადი სამყაროების შექმნის ძირითადი ინგრედიენტები ადრეული სტადიის პროტოვარსკვლავებში გვხვდება, ანუ, იქ, სადაც პლანეტები ჯერ არ არის ჩამოყალიბებული.
„ეს აღმოჩენა პასუხობს ასტროქიმიის ერთ-ერთ კითხვას, რომელსაც მეცნიერები დიდი ხნის მანძილზე სვამდნენ, როგორ წარმოიშვება კომპლექსური ორგანული მოლეკულები (COM)? აირებში იქმნება თუ ყინულში? ყინულებში COM-ების აღმოჩენა გვთავაზობს, რომ მყარი ფაზის ქიმიურ რეაქციებს ცივი მტვრის მარცვლების ზედაპირებზე კომპლექსური მოლეკულების შექმნა შეუძლია“, — გაბმარტავს უილ როჩა, კვლევის ხელმძღვანელი.