წარმოიდგინეთ, რომ ვიღაცას წლებია იცნობთ, თუმცა უცბად რაღაც მოხდება და ეს სრულიად შეგიცვლით მასზე წარმოდგენას… დაახლოებით ასეთი რამ დაემართათ მეცნიერებს Beta Pictoris-ის ვარსკვლავთან ურთიერთობისას. უამრავჯერ უნახავთ მისი ფოტო და არაერთხელ შეუსწავლიათ ჰაბლისა თუ სხვა ტელესკოპებით. მიუხედავად ამისა, ზუსტად ისე, როგორც სხვა შემთხვევებში, ჯეიმს ვების ტელესკოპმა და WALLOP-მა ყველაფერი თავდაყირა დააყენა — Beta Pictoris მეცნიერებს უკვე შესწავლილი კი ეგონათ, თუმცა ზუსტად ახლა გაიგეს მისი ახალი, თანაც საოცარი მახასიათებლის შესახებ.
ჩვენ სამხრეთის თანავარსკვლავედი Pictor-ის მეორე ყველაზე კაშკაშა და ძალიან ახალგაზრდა ვარსკვლავზე ვსაუბრობთ, რომელზეც ვარაუდობენ, რომ ჩვენგან 20 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული. ჯერ კიდევ 1984 წლის დაკვირვებებმა გამოავლინა მისი საოცარი მტვრის დისკი, საიდანაც პლანეტები ყალიბდება. მას შემდეგ კი European Southern Observatory-მ დაადასტურა, რომ სულ მცირე ორი პლანეტა, პირობითად Beta Pictoris b და Beta Pictoris c, ბრუნავს ამ მტვრის დისკის გარშემო.
ვარსკვლავი მრავალი კვლევის სამიზნე იყო წლების განმავლობაში, მათ შორის Hubble Space Telescope-ისაც, რომელმაც მისი მეორე დისკი აღმოაჩინა. JWST-მ კი მიზნად NIRI და MIRI ინსტრუმენტებით Beta Pictoris-ის დისკების უფრო დეტალური შესწავლა დაისახა. გაოცებულიც დარჩნენ, როცა ახალი სტრუქტურა აღმოაჩინეს, მეორეული დისკის კუთხით, რომელიც ძალიან ჰგავდა კატის კუდს. თუმცა არც მხოლოდ ამით დასრულებულა მათი გაოცება, MIRI მონაცემების თანახმად, ორივე დისკი განსხვავებული ტემპერატურისაა და განსხვავებული ნივთიერებებისგანაც შედგება.
როგორც აღმოჩნდა, Cat’s Tail მთავარ დისკზე მაღალი ტემპერატურის იყო. ამას კი ერთ-ერთი თეორიით ხსნიან, რომ მასალა, კომეტებისა და ასტეროიდების მსგავსად, ფოროვანია… თუმცა კატის კუდის ფორმის ახსნა უფრო დიდი გამოწვევაა მეცნიერებისთვის, ამას რამდენიმე ჰიპოთეზით ცდილობენ, რომელთაგანაც ერთ-ერთი აღნიშნულ ფაქტს 100 წლის წინ დისკზე განვითარებულ მოვლენებს მიაწერს. მეორე მოსაზრების მიხედვით, ეს შეჯახების შედეგია — დიახ, შესაძლოა, მტვერს იმ ტრაექტორიით გზავნიდეს, რომ ეს „კატის კუდის“ მსგავს მრუდს ქმნიდეს. ხოლო მესამე ჰიპოთეზის თანახმად, ამ გამოსახულებას მხოლოდ ჩვენი ხედვის კუთხიდან ვხედავთ, სინამდვილეში კი, შესაძლოა, იგი სხვანაირი იყოს.
ასეა თუ ისე, ფაქტია, Beta Pictoris-მა მეცნიერებს დიდი სიურპრიზი მოუწყო… ახლა კი საინტერესოა, კიდევ რომელ ასეთ „შესწავლილ“ ობიექტზე გავიგებთ, რომ თურმე ყველაფერი არ ვიცოდით…