ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა, რომელსაც ამ დროისთვის რეკორდსმენსაც კი უწოდებენ, კიდევ ერთი შესანიშნავი რამ აღმოაჩინა: ყველაზე ცივი ყინული ჩვენთვის ცნობილ სამყაროში. ზუსტი რიცხვებით, ამ ვარსკვლავთშორისი ყინულის ტემპერატურა -226.666667 გრადუსი ცელსიუსია.
ფრიგიდული წარმონაქმნები აღმოაჩინეს, როგორც ვარსკვლავთწარმომქმნელი მოლეკულური ღრუბლის ნაწილი — ეს უკანასკნელი კი კოსმოსის იმ რეგიონში მდებარეობს, რომელსაც Chamaeleon I-ის სახელით ვიცნობთ და დედამიწიდან დაახლოებით 500 სინათლის წლის მანძილითაა დაშორებული. ვების მძლავრი ახლო ინფრაწითელი კამერის (NIRCam) წყალობით კი, ასტრონომებმა შეძლეს, გაყინული მოლეკულები აღმოეჩინათ, რომლებიც ამ დრომდე შეუმჩნეველი რჩებოდა.
„ისეთი შეგრძნება რჩება, თითქოს ყინულები ვარსკვლავური შუქის ფონზეა ჩაძირული. ასეთ ცივ და მკვრივ რეგიონებში, ფონური ვარსკვლავის სინათლის უმეტესი ნაწილი იბლოკება, ამიტომაც ვების განსაკუთრებული მგრძნობელობა იყო საჭირო ამ ნათების გამოსავლენად; და, შესაბამისად, მოლეკულურ ღრუბელში ყინულის იდენტიფიცირებისთვის“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, კლაუს პონდოპიდანი.
აქვე აღსანიშნავია, რომ ყინული სასიცოცხლო ელემენტებსაც შეიცავს, რომლებიც ცნობილია, როგორც CHONS: ნახშირბადი, წყალბადი, ჟანგბადი, აზოტი და გოგირდი. მეცნიერების დასკვნით, ზოგიერთი მათგანი ორგანული მოლეკულაა (მათ შორის მეთანოლი და ეთანოლი). შესაძლოა, ამან მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს სამყაროში სიცოცხლის წარმოშობის ჩვენეულ გაგებაზეც.
„რთული ორგანული მოლეკულების იდენტიფიკაცია, როგორიცაა მეთანოლი და ეთანოლი, მიანიშნებს, რომ შესაძლოა, კონკრეტულ ღრუბელში განვითარებული მრავალი ვარსკვლავური და პლანეტარული სისტემა მოლეკულების მოწინავე ქიმიური მდგომარეობით ხასიათდება“, — განმარტავს კვლევის თანაავტორი, უილ როჩა.
ამასთან, მეცნიერებმა პირველად შეძლეს ყინულის მტვერში ჩარჩენილი გოგირდის ოდენობის გაზომვა და მიუხედავად იმისა, რომ ეს რაოდენობა მოსალოდნელზე ნაკლები იყო, მიგნება მაინც მნიშვნელოვანია. „ეს დაკვირვებები ახალ ჰორიზონტს ხსნის იმის შესახებ, თუ როგორ იქმნება მარტივი და რთული მოლეკულები, რომლებიც სიცოცხლის ბლოკების შესაქმნელადაა საჭიროს“, — ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი, მელისა მაკკლარი.