არცერთი ვარსკვლავი კვდება ჩუმად, ყველაზე მშვიდ შემთხვევებშიც კი საქმე გვაქვს ბიძგებთან და ამოფრქვევებთან. მზის საბოლოო ბედიც ასეთი იქნება… და გაინტერესებთ, რა მოუვა სხვა პლანეტებს? ან რა მოხდება შემდგომ? JWST-ის ახალი აღმოჩენა გვთავაზობს, პოტენციურად, რა ბედი შეიძლება ეწიოს მზის სისტემის პლანეტებს — ასტრონომებს ორი გაზის გიგანტური ეგზოპლანეტის პირდაპირი სურათი აქვთ, რომლებიც თეთრი ჯუჯა ვარსკვლავების ორბიტაზე ბრუნავს.
„თუ დადასტურდა, ეს იქნება პირველი პირდაპირი ფოტოები პლანეტებისა, რომლებსაც მსგავსი ასაკი აქვთ… და ისინი აჩვენებენ, რომ დიდად განცალკევებული გიგანტური პლანეტები, როგორიც იუპიტერია, გადაურჩება ვარსკვლავურ ევოლუციას“, — განმარტავს სუზან მალალი, Space Telescope Science Institute-ის (STScI) ასტრონომი.
სურათები კი საოცარი რამდენიმე მიზეზის გამოა. თუნდაც იმიტომ, რომ ჩვეულებრივ ეგზოპლანეტებს ასე პირდაპირ ვერ ვხედავთ. მართალია, 5 500 ეგზოპლანეტაზე მეტია ნაპოვნი, მაგრამ მათი უმეტესობა არაპირდაპირი გზით. ასტრონომები ამ ეგზოპლანეტების ეფექტებს იკვლევენ, რომლებიც მას თავის მასპინძელ ვარსკვლავზე აქვს და სწორედ ამ ეფექტებზე დაყრდნობით განსაზღვრავენ მის თვისებებს.
ეს კი იმიტომ, რომ ეგზოპლანეტები ძალიან პატარაა, თანაც ძალიან შორს და ნებისმიერი სინათლე, რომელსაც ისინი აირეკლავენ ან გამოასხივებენ, ვარსკვლავის შუქთან შედარებით, უმნიშვნელოა. მართალია, ამჟამინდელი ტექნოლოგიები უმჯობესდება, მაგრამ უბრალოდ არ შეუძლია მათი შემჩნევა. თუმცა JWST რომ ყველაზე ძლიერი კოსმოსური ტელესკოპია, ეს ბევრჯერ გვითქვამს, და სწორედ ამიტომ გამოიყენეს თეთრი ჯუჯა ეგზოპლანეტების მოსაძებნად.
როგორც უკვე გითხარით, სწორედ ამ გზით აღმოაჩინეს ორი სხვადასხვა თეთრი ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო მბრუნავი გაზის გიგანტური ეგზოპლანეტა — WD 1202-232 და WD 2105-82, რომლებიც დედამიწიდან 34 და 53 სინათლის წლის მანძილზე გვხვდება. მათი მასა ზუსტად არ ვიცით, მაგრამ თუ სურათებით ვიმსჯელებთ, იუპიტერის მასას სადღაც 1-7-მდე უნდა აღემატებოდეს.
საინტერესოა, ორბიტალური განაწილება თეთრ ჯუჯა ვარსკვლავებსა და მათ პლანეტებს შორის — WD 1202-232-ის გარშემო მოძრავი ეგზოპლანეტა 11.47 ასტრონომიული ერთეულის მანძილზეა. ცოტათი უფრო შორს, ვიდრე სატურნი… ხოლო მეორე ეგზოპლანეტა 34.62 ასტრონომიულ ერთეულზე გვხვდება, რაც უკვე ნეპტუნის ორბიტალური მანძილის მსგავსია, რომელიც 30 ასტრონომიულ ერთეულს შეადგენს.
თუ ეგზოპლანეტები მათი მასპინძელი ვარსკვლავის ასაკისაა, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი, რომლებიც მზის სისტემაში არსებული გარე პლანეტების მსგავს მანძილზე არიან, გადაურჩებიან თავიანთი ვარსკვლავების სიკვდილს და ორბიტაზე დარჩებიან. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ დღემდე მხოლოდ ცოტა თეთრი ჯუჯა ეგზოპლანეტაა აღმოჩენილი, მივხვდებით, რომ არც მზის სისტემის ბედის პროგნოზირება შეგვიძლია. თუმცა მათი ატმოსფეროების ანალიზით, დანამდვილებით ვიტყვით, რომ ამ მკვრივ ვარსკვლავურ ნარჩენებს შეუძლია, ახლომდებარე პლანეტების გადაყლაპვა და პლანეტარული მასალით ატმოსფეროს დაბინძურება.
აქედან გამომდინარე, ახლად აღმოჩენილი ორი კანდიდატი მნიშვნელოვან და მთავარ ნაწილს წარმოადგენს ფაზლისთვის იმის გასაგებად, თუ რა მოსდის პლანეტარულ სისტემას, ისეთს, როგორიც ჩვენია, როცა ვარსკვლავი სიცოცხლის ბოლო ეტაპს მიაღწევს. სამომავლო კვლევებითა და JWST-ს დახმარებით ამ საკითხზე კიდევ უფრო მეტს გავიგებთ და ზემოთ დასმულ კითხვებზეც ვიპოვით ზუსტ პასუხს…