in

ჯეიმს ვების ტელესკოპმა ირმის ნახტომის მსგავსი გალაქტიკა აღმოაჩინა

გიგანტური გალაქტიკები, იქნება ეს ირმის ნახტომი თუ სხვა, ოდესღაც პატარა რომ იყო, ცალსახაა. შესაძლოა, ვარსკვლავური გროვების სახითაც დაიწყო ცხოვრება, თუმცა დანამდვილებით მეცნიერები ჯერ არაფერს გვეუბნებიან. JWST-ს კი სწორედ ეს მიზანი აქვს, გაიგოს, როგორ ჩამოყალიბდა გალაქტიკები, თანაც საკმაოდ შორ წარსულს შეუძლია გადასწვდეს. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, გეტყვით, რომ ჯეიმს ვების ტელესკოპმა Firefly Sparkle-ის გალაქტიკა აღმოაჩინა, თავად სახელი ჯერ შეიძლება არაფერს გეუბნებათ, მაგრამ გეტყვით, რომ იგი ჩვენი გალაქტიკის მსგავსია. 

M2
M2

ახალ ნაშრომში დაკვირვებები წითელი წანაცვლების z~8.3-ზეა გაკეთებული, რა დროსაც სინათლე 13 მილიარდი წლის მანძილზე მოგზაურობდა. ეს მოგზაურობა კი დიდი აფეთქებიდან 600 მილიონი წლის შემდეგ დაიწყო. გალაქტიკა Firefly Sparkle ვარსკვლავების მასიური კლასტერების ქსელს შეიცავს, რომელიც გვთავაზობს სამხილს იმისა, თუ როგორ ანათებს გალაქტიკები. 

Firefly Sparkle გვაძლევს ირმის ნახტომის მსგავსი გალაქტიკის შესწავლის უპრეცედენტო საშუალებას მისი ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპზე, როცა სამყარო მხოლოდ 600 მილიონი წლის იყო, — აცხადებს ლამია მოულა, კვლევის წამყვანი ავტორი.

მიუხედავად ჯეიმს ვების მძლავრი შესაძლებლობებისა, ეს შორეული და უძველესი გალაქტიკა მხოლოდ გრავიტაციული ლინზებით ჩანს, რაც მას რკალის სახით გვაჩვენებს. მასთან ახლოს 2 გალაქტიკაა — Firefly BF (Best Friend) და Firefly NBF (New Best Friend). აღსანიშნავია ისიც, რომ ახალგაზრდა გალაქტიკის მასა კონცენტრირებულია 10 კლასტერში, რომლებიც 200 000-დან 630 000 მზის მასამდე მერყეობს. როგორც მკვლევრები ამბობენ, ეს კლასტერები კვეთს ზღვარს დაბალი მასის გალაქტიკებსა და მაღალი მასის მქონე კლასტერებს შორის.

რაც შეეხება თავად კლასტერებს, ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან სწორედ მათი დახმარებით ვიგებთ, როგორ იზრდება გალაქტიკა. მეცნიერებმა კი შეძლეს და ამ კლასტერების ასაკი და ვარსკვლავების ფორმირების ისტორია გაიგეს:

კლასტერების ასაკი გვთავაზობს, რომ ისინი გრავიტაციულად არიან დაკავშირებული ვარსკვლავების წარმოქმნის ისტორიასთან, რომელიც ცხადყოფს, რომ ბოლოდროინდელი ვარსკვლავის აფეთქება, შესაძლოა, კომპანიონ გალაქტიკასთან ურთიერთქმედებით იყოს გამოწვეული მსგავს წითელ წანაცვლებაზე Firefly Sparkle-იდან 2 კმ-ს მანძილზე. რკალის კუთხეებთან ახლოს მკრთალი ნათელი მახასიათებლები შეიმჩნევა, რაც მიგვანიშნებს ორი გალაქტიკის შესაძლო ინტერაქციაზე, რომელიც ვარსკვლავის ფორმირების აფეთქებას უნდა გამოეწვია ორივე მათგანში, — აცხადებენ მკვლევრები.

მეცნიერებმა განსაკუთრებული ყურადღება ცენტრალურ კლასტერზე გაამახვილეს. აღმოაჩინეს, რომ მას ექსტრემალურად მაღალი 4000 გრადუსი ტემპერატურა აქვს. ამასთან, საკმაოდ მძიმე საწყისი მასის ფუნქცია, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ იგი მეტალებით ღარიბ გარემოში ჩამოყალიბდა. ეს და სხვა მსგავსი სამხილები, კვლავ ზემოთ აღნიშნულ მოსაზრებას ადასტურებს, რომ Firefly Sparkle ჩვენი მსგავსი გალაქტიკების წინამორბედია. 

გახდი თიბისის ტექსკოლის მონაწილე

როგორ ვერ ვამჩნევთ სიურპრიზებით სავსე ცხოვრებას?