ამჯერად ნასას ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ირმის ნახტომში ვარსკვლავების იშვიათ დუეტს აღმოუჩინა მესამე კომპანიონი, თანაც, ძალიან დიდი. Apep-ის ვარსკვლავურ სისტემას სახელი ქაოსის ღმერთის პატივსაცემად დაერქვა და მოიცავს Wolf-Rayet-ის ორ ვარსკვლავს, რომლებიც ლურჯ-თეთრ ფერებში იწვის, ცხელია და სიკვდილის პირას ძლიერ ქარებს წარმოქმნის. ეს ორი ვარსკვლავიც საკმაოდ ძველია, დიდი და სუპერნოვას აფეთქების ზღვარზე…
საინტერესო კი იმის გამო ხდება, რომ კოსმოსში Wolf-Rayet-ის ვარსკვლავები საკმაოდ იშვიათია — გალაქტიკაში, რომელიც ასობით მილიარდ ვარსკვლავს შეიცავს, ამგვარი მხოლოდ 1000 თუ არსებობს. ხოლო ბინარული ვარსკვლავების კიდევ უფრო ცოტა რაოდენობიდან, რომლებიც Wolf-Rayets-ის ვარსკვლავებს შეიცავს, Apep ერთადერთია, რომლის ორივე წევრიც ამ კატეგორიას აკმაყოფილებს.
ახლა კი ჯეიმს ვები გვეუბნება, რომ მას მესამე ვარსკვლავიც ჰყავს, სუპერგიგანტი, რომელიც მზეზე 40-50-ჯერ უფრო მასიურია. შედარებისთვის, ვარსკვლავების დუეტი მზის მასაზე მხოლოდ 10-20-ჯერ უფრო მასიური გახლავთ…
„ვების ახალი აღმოჩენების შესწავლა ბნელ ოთახში შუქის ანთებას ჰგავდა… ასე ყველაფერი ნათელი გახდა“.
შედეგად, გვეუბნებიან, რომ არსებული ორი ვარსკვლავის გარსი 700 წლის მანძილზე ჩამოყალიბდა, ხოლო მათი აირების შეჯახებების შედეგად, წამში 1200-დან 2000 მილამდე სიჩქარით გროვები წარმოიქმნება. ამ გარსების მოძრაობის სიჩქარისა და დაშორების გაზომვით მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ორი ვარსკვლავი ერთმანეთის გარშემო დაახლოებით 193 წელიწადში ერთხელ ბრუნავს.
რაც შეეხება მესამე, ახლადაღმოჩენილ ვარსკვლავს, ამ ორი ვარსკვლავის ირგვლივ უფრო შორიდან ბრუნავს. მტვრის გარსის გაფართოებასთან ერთად, გარე ვარსკვლავი მათ შიგნით გადის და დონატის მსგავს ხვრელს ტოვებს. ხოლო, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ნაპრალი ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილზე ჩნდება, მკვლევრები დაზუსტებით გვეუბნებიან, რომ იგი სისტემის ნაწილია.
გარდა მესამე ვარსკვლავის აღმოჩენისა, მტვრის ტემპერატურა, გარსებს შორის მანძილი და სისტემის საერთო სიკაშკაშე მიუთითებს, რომ Apep იმაზე შორსაა, ვიდრე ადრეული კვლევებით ვარაუდობდნენ… ახლა ამბობენ, რომ მანძილი 15 000 სინათლის წლით შეიძლება იყოს დაშორებული — „ვების ტელესკოპით რამდენიმე საიდუმლო ამოვხსენით, თუმცა კიდევ ერთ საიდუმლოს დედამიწიდან ამ ვარსკვლავების დაშორების ზუსტი მაჩვენებელი წარმოადგენს, რაც სამომავლო კვლევებს მოითხოვს“.











