ის, რასაც სურათზე ხედავთ, ფოტოშოპი არ გეგონოთ და არც სხვა რაიმე მანიპულაცია… აი, ღრუბლებში რაღაც ფორმებს რომ ამოვიცნობთ ხოლმე, იმას ჰგავს… როცა ასტრონომებმა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ახალი სურათი მიაახლოვეს, იქ კითხვის ნიშნის სახით პატარა სიურპრიზი დახვდათ. მეცნიერებისთვის კოსმოსში ბევრი რამ ჯერ კიდევ გაუგებარი რომ არის, ეს ვიცით, მაგრამ ამ ყველაფერს ახლა ნამდვილი „კოსმოსური“ კითხვის ნიშანიც ემატება — ვარსკვლავის დაბადების ფონზე სინათლე დეკორატიულად იხრება და მას პუნქტუაციის ნიშნის მსგავსად გვაჩვენებს.
ჯერჯერობით გაურკვეველია, რა ობიექტია ეს, თანაც საკმაოდ შორსაა… ხომ გახსოვთ, რაც უფრო წითელია ობიექტი სურათზე, მით უფრო შორს არის იგი ჩვენგან. თუმცა ის ფაქტი, რომ JWST-ის მიერ ასახული ორი წერტილი თითქმის ერთი და იმავე ფერისაა, დამაინტრიგებელ მოსაზრებას აჩენს, რომ შეიძლება ეს ორი შორეული გალაქტიკის ურთიერთქმედება იყოს. კონკრეტული ფენომენი და გრავიტაციული ურთიერთქმედება ამ გალაქტიკებს საინტერესო ფორმებს აძლევს ხოლმე, რომლებიც კონკრეტულ ობიექტებსაც შეგვიძლია მივამსგავსოთ. მაგალითად, ასე Arp 23 ვარდს ჰგავს, Arp-Madore 2026-424 კი — თავის ქალას.
რეალურად, არც ერთია და არც მეორე, თუმცა ეს პარეიდოლიას უნდა დავაბრალოთ — ფსიქოლოგიურ ფენომენს, რომელშიც გონება ნიმუშებსა და მნიშვნელობებს ელემენტების შემთხვევით განლაგებას უკავშირებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს ნაცნობი სახეებისა თუ ფორმების უცნაურ ადგილებზე აღმოჩენას გულისხმობს. ასე რომ, შეგიძლიათ „კოსმოსურ“ კითხვის ნიშანზე დროებით აღარ იღელვოთ — ყოველ შემთხვევაში იქამდე, ვიდრე მეცნიერები მეტ ინფორმაციას არ მოგვაწვდიან.