სამყაროს შესწავლისას სამგანზომილებიან სივრცეს ორგანზომილებიან ფოტოებზე ვუყურებთ. შედეგად კი ობიექტები, რომლებიც ერთმანეთთან ახლოს ჩანს, რეალურად ერთმანეთისგან დიდი მანძილით არის დაშორებული. NASA-ს JWST-მ კი ამის საოცარი მაგალითი ახლახან დააფიქსირა. ე. წ. კოსმოსურ ტორნადოზე გესაუბრებით, ახლომდებარე პროტოვარსკვლავურ გადინებაზე, რომელიც Herbig-Haro 49/50-ის სახელითაა ცნობილი და შორეულ სპირალურ გალაქტიკასაც გვაცნობს.
ვების მაღალი გარჩევადობა აქამდე წარმოუდგენელ დეტალებს გვიზიარებს და საშუალებას გვაძლევს, დავაკვირდეთ, ვარსკვლავების ფორმირების ადრეულ ეტაპზე როგორ მოქმედებს ეს ენერგეტიკული გადინება გარემოზე…
Herbig-Haro-ს ობიექტები გაზის მანათობელ ღრუბლებს წარმოადგენს, რომლებიც ვარსკვლავის ფორმირების დროს მიღებული მაღალსიჩქარიანი ნაკადების გარემომცველ მასალასთან შეჯახების შედეგად წარმოიქმნება. ეს ნაკადები სინათლის წლის მანძილზე ვრცელდება, შოკის ტალღებს წარმოქმნის, რომლებიც გაზს ათბობს. ხოლო, როცა გაზი ცივდება, შუქს ხილულ და ინფრაწითელ ტალღის სიგრძეზე ასხივებს. ასე კი ამ ობიექტებს იდეალურს ხდის შესასწავლად ისეთი ინფრაწითელი ტელესკოპებისთვის, როგორიც ჯეიმს ვებია.
პირველად Herbig-Haro 49/50 2006 წელს დააფიქსირეს და ფორმის გამო „კოსმოსური ტორნადო“ უწოდეს. HH 49/50 Chamaeleon I Cloud-ის კომპლექსში მდებარეობს, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ახლომდებარე აქტიური ვარსკვლავების ფორმირების რეგიონი გახლავთ ირმის ნახტომში. მრავალ დაბალი მასის მქონე ვარსკვლავს ქმნის და დედამიწიდან დაახლოებით 625 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს.
ახლა კი ჯეიმს ვები მას უფრო მეტი დეტალით გვაცნობს — NIRCam და MIRI დაკვირვებები მბზინავი წყალბადის მოლეკულებს, ნახშირბადის მონოქსიდის მოლეკულებსა და მტვრის მარცვლებს ავლენს, რომლებიც სტაფილოსფერ და წითელ ფერებში გვხვდება. რაც შეეხება HH 49/50-ის თავზე მოთავსებულ გალაქტიკას, უფრო შორი სპირალური გალაქტიკაა. ცენტრში ამობურცულია, ძველი ვარსკვლავების მდებარეობას ასახავს და ეს ლურჯადაა ნაჩვენები. მოწითალო ფერის გამოსახულებები კი მტვრის თბილ რეგიონებს ასახავს, ვარსკვლავების ფორმირების რეგიონებთან ერთად.
გარდა იმისა, რომ JWST-ს ამის კარგად აღბეჭდვა შეეძლო, მეცნიერები გვეუბნებიან, რომ იგი საკმაოდ იღბლიანიც აღმოჩნდა, რადგან საშუალება მიეცა, ორი ობიექტი მსგავსი განლაგებით დაეფიქსირებინა…