ამჯერად, სრულიად მოულოდნელად, ჯეიმს ვების ტელესკოპმა პატარა ასტეროიდი აღმოაჩინა. ამ კოსმოსური ქვის დიამეტრი 100-200 მეტრამდე მერყეობს და, სავარაუდოდ, პირველ ადგილს დაიკავებს იმ პატარა ობიექტებს შორის, რომელიც ჯეიმს ვებს გაშვებიდან დღემდე აღმოუჩენია.
მიუხედავად იმისა, რომ JWST-მ მასიური კოსმოსური ობიექტებისა თუ ციური სხეულების შთამბეჭდავი ფოტოები შემოგვთავაზა, რომლებიც ჩვენგან მილიონობით სინათლის წლითაა დაშორებული, ახალი აღმოჩენა თითქოს არც ისეთი გასაოცარია ჩვენთვის, მაგრამ თუ მის ზომას გავითვალისწინებთ, ეს ძლიერი ინსტრუმენტის აქამდე წარმოუდგენელ სარგებელზეც კი მიგვითითებს.
საინტერესოა ისიც, რომ გუნდმა ასტეროიდი იმ მონაცემების დახმარებით იპოვა, რომელიც ამისთვის საერთოდ არ ყოფილა გამიზნული. აქ MIRI-ს (Mid-InfraRed Instrument) მასალებს ვგულისხმობთ…
„ჩვენ სრულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ პატარა ასტეროიდი საჯაროდ ხელმისაწვდომი MIRI-ს ადრეულ მონაცემებში. ეს მიგვითითებს, რომ ამ ინსტრუმენტით კიდევ მრავალ ახალ ობიექტს აღმოვაჩენთ“, — აცხადებს მაქს პლანკი, ასტრონომი.
მთავარი ასტეროიდთა სარტყელი მარსსა და იუპიტერს შორისაა მოთავსებული და მილიონობით ერთმანეთისგან განსხვავებულ კოსმოსურ ობიექტს შეიცავს, მათ შორისაა ჯუჯა პლანეტა ცერერა, რომლის სიგანე 1000 კილომეტრს, ხოლო სიგრძე 10 მეტრს უდრის.
იმის გამო, რომ ეს ასტეროიდები მზის სისტემის ჩამოყალიბების შემდეგ დაგვრჩა, მათი შესწავლა მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. დიახ, ასე შეგვიძლია, ბევრი რამ გავიგოთ დედამიწის მსგავსი პლანეტების წარმოშობის შესახებ. ასეა, პატარა ასტეროიდების შემთხვევაშიც, რომლის შესწავლის საშუალებას ახლა JWST გვაძლევს.
კონკრეტულად კი მან მონაცემები ასტეროიდ 1998 BC1-ზე დაკვირვებისას შეაგროვა, რომელიც, თავის მხრივ, 1998 წელს აღმოაჩინეს. თუმცა ეს თანამშრომლობა ასტეროიდის სიკაშკაშისა და JWST-ს მიმართულების გამო მარცხად ჩაითვალა. ამგვარად, გადაწყვიტეს, კონკრეტული მონაცემები ობიექტის ორბიტის განსაზღვრის ახალი მეთოდის გამოსაცდელად გამოეყენებინათ და ამასთან, მისი ზომაც გაეგოთ…
„ჩვენი შედეგები აჩვენებს, რომ „წარუმატებელი“ ვების შედეგებიც კი მეცნიერულად გამოსადეგი შეიძლება იყოს, თუ სწორად ფიქრობთ და ცოტა იღბალიც გაქვთ… იგი მთავარი ასტეროიდების სარტყელში იყო მოთავსებული, მაგრამ ჯეიმს ვების წარმოუდგენელი შესაძლებლობებით 100-მეტრიანი ობიექტის 100 მილიონ კილომეტრზე მეტი მანძილიდან დანახვაც მოვახერხეთ“, — განმარტავს თომას მიულერი, ასტრონომი.