სამყარო საოცრებებით არის სავსე და ამაში ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპიც გვარწმუნებს. სურათზე თქვენ ჩვენგან 5600 სინათლის წლით დაშორებულ ვარსკვლავს ხედავთ, რომელიც სინათლის კონცენტრირებული რგოლებით არის გარშემორტყმული.
ამ ყველაფერს საკმაოდ საინტერესო ახსნაც აქვს — სინამდვილეში ვარსკვლავი გოდოლის თანავარსკვლავედში არსებულ იშვიათ ორობით წყვილს წარმოადგენს. მათი ურთიერთქმედება მტვრის ზუსტ პერიოდულ ამოფრქვევას წარმოშობს, რომელიც დროთა განმავლობაში წყვილის გარშემო ჩნდება. ეს მტვერი ინფრაწითლად ანათებს, რამაც ჯეიმს ვების ტელესკოპს მისი ამოხსნის საშუალება მისცა.
ვარსკვლავი არის ის, რაც ცნობილია, როგორც ურთიერთსაპირისპირო ქარის ორობითი სისტემა, რომელიც უიშვიათესი Wolf-Rayet-ის ვარსკვლავისგან და ცხელი მასიური O-ტიპის ვარსკვლავის კომპანიონისგან შედგება, რომელიც კიდევ ერთი იშვიათი ობიექტია.
აქ საინტერესო საკითხს მათი ელიფსური ორბიტა წარმოადგენს — ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი დახვეწილ წრეებზე კი არ მოძრაობენ, არამედ ოვალების ირგვლივ, სადაც ხან ყველაზე შორს, ხან კი ყველაზე ახლოს არიან ერთმანეთთან. მსგავსად, ვარსკვლავების ირგვლივ არსებულ მასალაში შოკს იწვევს, ნაწილაკებს აჩქარებს და ისეთ ენერგეტიკულ გამოსხივებას წარმოქმნის, როგორიცაა რენტგენის სხივები. ეს შეჯახებული ქარები მტვერსაც წარმოქმნის, რადგან ამ დროს ვარსკვლავური ქარის მასალა ცივდება.
უშუალოდ ეს მტვერი კი ნახშირბადის ფორმაა, რომელიც ორივე ვარსკვლავიდან ულტრაიისფერ შუქს შთანთქავს. მტვერს ათბობს და თერმულ გამოსხივებას იწვევს. ეს უკანასკნელი კი სწორედ ის არის, რასაც ჯეიმს ვების ტელესკოპი ინფრაწითელი ტალღის სიგრძით აკვირდება. ხოლო შემდეგ მტვერს ვარსკვლავური ქარები ფანტავს, რაც მტვრის გარსის გაფართოებას იწვევს.
იმის გამო, რომ ორობითი ვარსკვლავის ორბიტას 7.94-წლიანი პერიოდი აქვს, საათის მექანიზმის მსგავსად, ქარის შეჯახება და მტვრის წარმოქმნა ყოველ 7.94-წელიწადში ერთხელ ხდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ ნისლეულის რგოლების დათვლა ორობითი სისტემის გარშემო ხის რგოლების მსგავსად შეგიძლიათ. გამოდის, ასე ყველაზე ხილული მტვრის გარსის ასაკსაც დაადგენთ — აქ დაახლოებით 20 რგოლი ჩანს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვების სურათზე 160 წლის მტვრის გარსს ხედავთ.