in

ვების ტელესკოპმა სპირალური გალაქტიკის უნიკალური ფოტო გადაიღო

მეცნიერები დარწმუნებით გვეუბნებიან, რომ აქამდე ასეთი არაფერი გვინახავს… საუბარია M51-ზე, რომელიც ამჯერად ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა გადაიღო. ეს სურათი JWST-ის NIRCam და MIRI ინსტრუმენტების მონაცემებს მოიცავს, რაც წარმოუდგენელ დეტალებს ამჟღავნებს და იმ მახასიათებლებსაც, რომლებიც სპირალური ბრუნვის მიღმა იმალება. 

M2
M2

რადგანც ბრუნავს და ჩვენთვის ცნობილ წყლის მორევს ძალიან ჰგავს, Whirlpool უწოდეს. აქვე მრავალ ფერსაც შეამჩნევთ — სპირალურად მბრუნავ ხაზებზე მტვერი შეინიშნება, რომელიც მუქი წითელი რეგიონების სახით ჩნდება. ნათელი სივრცეები კი ვარსკვლავების ფორმირების რეგიონებს წარმოადგენს, რომლებიც საბოლოოდ ლურჯ და თეთრ ცენტრალურ ნაწილამდე აღწევს. თუ კარგად დააკვირდებით, ნარინჯისფერ და ყვითელ სივრცეებსაც დაინახავთ, ეს უკვე იონიზებული გაზის რეგიონებს ასახავს, რომელთაც ახლად ჩამოყალიბებული ვარსკვლავების კლასტერები ქმნის. 

რაც შეეხება შავი ბუშტების მსგავს ნაწილებს, ეს საშუალებას გვაძლევს, დავინახოთ გალაქტიკის გაზისა და მტვრის მიღმა ისე, როგორც არასდროს… არც იმის აღნიშვნა უნდა დაგვავიწყდეს, რომ Whirlpool Galaxy თანავარსკვლავედ Canes Venatici-ში 31 მილიონი სინათლის წლით შორს მდებარეობს. 

საინტერესოა ისიც, რომ სხვა სურათებში, რომელთაგანაც ერთი ჰაბლის ტელესკოპს ეკუთვნის, გალაქტიკურ მორევთან ახლოს პატარა ყვითელი გალაქტიკა ჩანს — ეს NGC 5195-ია და ორი გალაქტიკის ურთიერთქმედებას გვაჩვენებს. მართალია, ბევრად პატარაა, მაგრამ მისი გრავიტაცია იმდენად მაღალია, რომ Whirlpool-ის სპირალურ ბრუნვაზეც კია პასუხისმგებელი. 

JWST-ის M51-ზე დაკვირვებები Feedback-ის კვლევების სერიათა ნაწილია, რომლებიც, თავის მხრივ, FEAST-ის პროექტს უერთდება. ეს უკანასკნელი იმისთვის შეიქმნა, რომ ნათელი მოჰფინოს ვარსკვლავური უკუკავშირის ურთიერთქმედებასა და მათი ფორმირების პროცესს ჩვენი გალაქტიკის მიღმა.

როგორც ამბობენ, ე. წ. ვარსკვლავური უკუკავშირის ტერმინი სწორედ ვარსკვლავებიდან გამოფრქვეული ენერგიის აღსაწერად გამოიყენება… მოკლედ რომ გითხრათ, იმისათვის, რომ მეცნიერებმა ვარსკვლავების ფორმირების უნივერსალური მოდელები შექმნან,  ვარსკვლავური უკუკავშირის გაგებისკენ მიისწრაფვიან.

Apple-ის ამაღელვებელი რეკლამა ძაღლებისთვის „დაბრუნებულ ცხოვრებაზე“

ნახეთ: ურბანული ეპოქის საკულტო არტეფაქტები