in

JWST-მ მეორე ყველაზე შორეული გალაქტიკა დააფიქსირა!

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი ჩვენთვის ადრეული სამყაროს გაცნობას აგრძელებს. უკვე კი მივეჩვიეთ სათაურებს, რომ JWST-მ შორეული გალაქტიკა აღმოაჩინა, მაგრამ ახლაც ასეთი ამბავი გვაქვს — მეცნიერთა ჯგუფმა ჯეიმს ვების დახმარებით კიდევ ორი გალაქტიკა აღმოაჩინა!

M2
M2

ასტრონომებმა UNCOVER z-13-სა და UNCOVER z-12-ს პანდორას კლასტერში მიაგნეს. ისინი სპექტოგრაფიულ მონაცემებს იყენებდნენ, რათა დაედგინათ გალაქტიკები, რომლებიც დედამიწიდან 22 მილიარდი სინათლის წლით იყო დაშორებული. თანაც მსგავს მანძილზე აღმოჩენილ გალაქტიკებს შორის ეს ორი ზომით ყველაზე დიდია… მეტიც, ამბობენ, რომ მიწისთხილსა და ფუმფულა ბურთს ძალიან ჰგავს…

ცოტა რამ არის ცნობილი ადრეულ სამყაროზე და ერთადერთი გზა ამის გასაგებად ან ადრეული გალაქტიკების ფორმირებისა და განვითარების თეორიების გამოსაცდელად სწორედ ეს შორეული გალაქტიკებია. ამ ანალიზებამდე მსგავს ექსტრემალურ მანძილებზე მხოლოდ 3 გალაქტიკას ვიცნობდით. ახალი გალაქტიკებისა და მათი მახასიათებლების შესწავლა კი ნათელს ჰფენს გალაქტიკათა მრავალფეროვნებას ადრეულ სამყაროში და მიგვანიშნებს, ჯერ კიდევ რამდენი რამ არის შესასწავლი, — აცხადებს ბინჰი ვონგი, კვლევის წამყვანი ავტორი.

ეს ორი გალაქტიკა იმდენად შორსაა, რომ 330 მილიონი წლის სამყაროზე გვიყვება. თანაც ამ გალაქტიკების სინათლემ 13.4 მილიარდი სინათლის წელი იმოგზაურა ჯეიმს ვების ტელესკოპამდე რომ მიეღწია, რაც იმაზე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მათი ნავარაუდები დაშორება დედამიწიდან. ამას კი სამყაროს გაფართოებას მიაწერენ…

ამ გალაქტიკების სინათლე უძველესია, დედამიწაზე სამჯერ უფრო ძველიც კი. ადრეული სამყაროს შუქურას ჰგავს. მხოლოდ მათი ნათებით შეგვიძლია, გავიაზროთ ეგზოტიკური მატერიის არსებობა ფიზიკაში, რომელიც განაგებდა გალაქტიკას ადრეულ პერიოდში, — განმარტავს პენ სტეიტი, ასტრონომიისა და ასტროფიზიკის ასოცირებული პროფესორი.

საინტერესოა ისიც, რომ ეს ორი გალაქტიკა ჯეიმს ვების ტელესკოპმა 2022 წელს დააფიქსირა, დიახ, სამეცნიერო ოპერაციების დაწყებიდან მალევე…

აქამდე ამ დისტანციებზე აღმოჩენილი გალაქტიკები წერტილების მსგავსად ჩანდა, მაგრამ ერთ-ერთი წაგრძელებულია, თითქოს მიწისთხილს ჰგავს, მეორე კი ფუმფულა ბურთს. უცნობია ეს ზომის სხვაობა იმითაა განპირობებული, თუ როგორ ჩამოყალიბდა ვარსკვლავები თუ რაღაც მოუვიდათ ჩამოყალიბების შემდგომ, მაგრამ გალაქტიკათა თვისებების მრავალფეროვნება ნამდვილად საინტერესოა. ეს ადრეული გალაქტიკები, სავარაუდოდ, მსგავსი მასალებისგან ჩამოყალიბდა, თუმცა უკვე გვაჩვენეს, რომ ისინი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, — ამბობენ მკვლევრები.

სს „ჰეშს“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია მიენიჭა

Nikon-ის ფოტოსერია წარსულსა და აწმყოს შორის ზღვარს შლის