ჩვენგან დაახლოებით 1500 სინათლის წლის მანძილზე NGC 1514-ის პლანეტარული ნისლეული მდებარეობს. იგი ჯერ კიდევ 1790 წელს აღმოაჩინა უილიამ ჰერშელმა, რამაც მეცნიერები აიძულა, ხელახლა დაფიქრებულიყვნენ ნისლეულის ბუნების შესახებ. NGC 1514 თანამედროვე ტელესკოპების სამიზნე არაერთხელ გამხდარა, ახლა კი ყურადღებას ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი ამ უჩვეულო ობიექტის უპრეცედენტო დეტალების ასახვით იპყრობს.
„NGC 1514 ელიფსური, მაგრამ, ამასთან, კომპლექსური პლანეტარული ნისლეულია ოპტიკურ ტალღის სიგრძეზე წყვილი ინფრაწითელი ასიმეტრიული რგოლებით… ეს კვლევები კი აჩვენებს, რომ რგოლები მკაფიოა და განსხვავებულ სტრუქტურებს ასახავს“, — განმარტავენ მკვლევრები.
ასტრონომებმა ეს JWST-ის MIRI Imager and Medium Resolution Spectrometer-ის დახმარებით მოახერხეს, რითაც მანამდე არსებული მოსაზრებებიც დაადასტურეს და ნისლეულის ტურბულენტური ბუნების შესახებაც შეიტყვეს მეტი ბოლო 4000 წლის მანძილზე — „ვებამდე არ გვქონდა ამ მასალების დადგენის საშუალება, მისი მიგნებები ძალიან მკაფიოა“.
ამგვარად, ვების ტელესკოპი რგოლების წყვილს არსებული გროვებითა და ძაფებით ნათლად გვაჩვენებს. მის შიგნით არსებულ ღრუბლის მსგავს მასალასაც ასახავს, რომელიც ტურბულენტურობით ხასიათდება. რგოლის საზღვრებს გარეთ კი სუსტი ამომფრქვევი სტრუქტურების მსგავს მასალას ვხედავთ. ჯეიმს ვები გვეუბნება, რომ რგოლების სიკაშკაშე მტვრის მარცვლების თერმული გამოსხივების შედეგია და მხოლოდ 1.5% მოდის ხაზის ემისიებისგან — ეს უჩვეულო ამბავია, რადგან მსგავსი სინათლე ძირითადად ნახშირბადისა და არენებისგან მიიღება…
„სამწუხაროდ, ჩვენი დაკვირვების შედეგები არ გვთავაზობს პირდაპირ ინსაითებს ამ რგოლების ჩამოყალიბების შესახებ. შეგვიძლია ვთქვათ, რა არის ისინი, მაგრამ არა ის, თუ როგორ მოვიდნენ აქამდე“, — ამბობენ მკვლევრები.
მიუხედავად ცოტათი პესიმისტური კომენტარისა, მეცნიერები გარკვეულ ჰიპოთეზებს გვთავაზობენ ნისლეულის რგოლების ჩამოყალიბების შესახებ. თანაც კვლევები გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტს გავიგებთ ამის შესახებ…