ჯეიმს ვების ტელესკოპზე ახალი ამბები არ მთავრდება და ყველა ერთმანეთზე დიდებულია — ამჯერად ისტორიულიც კი, რადგან მან თავისი პირველი პლანეტა აღმოაჩინა, რომელიც ძალიან ჰგავს დედამიწას. მეცნიერები დარწმუნებით გვეუბნებიან, რომ ახლად აღმოჩენილ კოსმოსურ ობიექტს ჩვენი პლანეტის მსგავსი ზომა აქვს, პლანეტების აღმოჩენის ისტორიაში კი ეს მხოლოდ დასაწყისია!
მეტიც, ვები მათ დანახვას ყველაზე დეტალურად შეძლებს, იმდენადაც, რომ ერთადერთი ტელესკოპი იქნება, რომელსაც შორეული პლანეტების ატმოსფეროს აღწერა შეეძლება. ამჯერად კი მეცნიერებს მხოლოდ იმის თქმა შეუძლიათ, რაც არ არის პლანეტის ატმოსფეროში — ვერ ექნება სქელი მეთანის შემცველობის ატმოსფერო, მაგალითად ისეთი, როგორიც სატურნის მთვარეზე გვხვდება.
„დედამიწის ზომის კლდოვანი პლანეტის აღმოჩენის პირველი დაკვირვების შედეგები, ვებთან ერთად, კლდოვანი პლანეტების ატმოსფეროს შესწავლის შანსს გვაძლევს. JWST-ს უფრო და უფრო ახლოს მივყავართ დედამიწის მსგავს პლანეტებთან მზის სისტემის გარეთ და მისია სულ ახლახან დაიწყო“, — ამბობს მარკ კლამპინი, ასტროფიზიკოსი.
პლანეტას LHS 475 უწოდეს და იგი ოქტანტის თანავარსკვლავედში 41 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ამაზე პირველად TESS-ის მონაცემები მიგვანიშნებდა, ჯეიმს ვების ტელესკოპმა კი მისი სწრაფად დანახვა და დაფიქსირება შეძლო. მართალია, პლანეტის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის უცნობი, მაგრამ ადრეულმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ დედამიწის დიამეტრის 99% აქვს და ჩვენს პლანეტაზე რამდენიმე გრადუსით თბილიც კია.
„ამ კლდოვანი პლანეტის დადასტურება ხაზს უსვამს მისიის ინსტრუმენტების ხარისხს და ეს მხოლოდ პირველია იმ მრავალი აღმოჩენიდან, რომელსაც ჯეიმს ვების ტელესკოპი შემოგვთავაზებს“, — აცხადებს კევინ სტივენსონი, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტიდან.