in

ვების ტელესკოპმა მომაკვდავი ვარსკვლავის ბოლო ეტაპები დააფიქსირა

ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა შორეული ვარსკვლავის სიცოცხლის ბოლო ეტაპები დააფიქსირა. მის მიერ გამოგზავნილ ფოტოებში „გაზის დონატის“ მსგავს სტრუქტურას ვხედავთ, რომელსაც რგოლის ნისლეულის სახელით ვიცნობთ.

M2
M2

აღნიშნული ნისლეული დედამიწიდან დაახლოებით 2600 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და მომაკვდავი ვარსკვლავისგან წარმოიქმნა, რომლის გარე ფენებიც კოსმოსში გავრცელდა. მეცნიერების თქმით, არსებობს შანსი, რომ ფოტოების საფუძველზე ვარსკვლავების სიცოცხლის ციკლის შესახებ ძირითადი ინფორმაცია მიიღონ.

ნისლეულის გარსის კომპლექსური დეტალების აღბეჭდვასთან ერთად, გამოსახულებებში ცენტრალური თეთრი ჯუჯის ირგვლივ განვითარებულ რეგიონს ვხედავთ. „ჩვენ მოწმენი ვართ ვარსკვლავის ცხოვრების ბოლო ეტაპების. ასე ვთქვათ, მზის შორეული მომავლის დათვალიერებისას, JWST-მ ახალი ფანჯარა გაგვიხსნა ამ შიშისმომგვრელი კოსმოსური მოვლენების გასაგებად“, — ამბობს დოქტორი მაიკ ბარლოუ, თანახელმძღვანელი ასტრონომთა ჯგუფისა, რომელმაც ფოტოები გამოაქვეყნა.

აქვე მეცნიერები დასძენენ, რომ რგოლის ნისლეულს ლაბორატორიის მსგავსად გამოიყენებენ, რათა შეისწავლონ, როგორ წარმოიქმნება და ვითარდება „პლანეტარული ნისლეულები“. რეალურად, ეს უკანასკნელი არასწორი ტერმინია და მე-18 საუკუნით თარიღდება, როდესაც ასტრონომ უილიამ ჰერშელს ნისლეულების მრუდი ფორმები პლანეტებისაში აერია. ახლა კი რგოლის ნისლეულიც ამ კატეგორიაში გაჰყავთ — ის მაშინ ჩამოყალიბდა, როცა მომაკვდავმა ვარსკვლავმა, აფეთქების შემდეგ, თავისი ნივთიერების დიდი ნაწილი კოსმოსში მიმოფანტა. შედეგად, წარმოიქმნა სხვადასხვა ნიმუშები და მბზინავი რგოლები, ღრუბლები…

„გაოცებულები ვართ სურათებში მოცემული დეტალებით… ისინი ყველაფერ იმაზე საოცარია, რაც კი ოდესმე გვინახავს. ყოველთვის ვიცოდით, რომ პლანეტარული ნისლეულები ლამაზი იყო, მაგრამ ის, რასაც ახლა ვუყურებთ, ყველანაირ წარმოდგენას სცდება“, — აღნიშნავს ალბერტ ზიილსტრა, მანჩესტერის უნივერსიტეტის ასტროფიზიკის პროფესორი.

Swarovski-მ კონკიას რეალური ფეხსაცმელი შექმნა

Studio Ghibli-მ საკულტო ანიმაციები სუნამოებად აქცია