ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა მორიგი საოცარი აღმოჩენა შემოგვთავაზა — გიგანტური ეგზოპლანეტის ატმოსფეროზე დაკვირვების შემდეგ, მან ტურბულენტური ღრუბლები დააფიქსირა. ამ ყველაფერში განსაკუთრებულ ამბავს კი ის წარმოადგენს, რომ ეს ღრუბლები დედამიწის ქვიშის მსგავსი სილიკატებითაა გაჯერებული.
ციურ სხეულს, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, VHS 1256b-ის სახელით იცნობს მეცნიერება და მის შესასწავლად დეტალური სპექტრული მონაცემები გამოიყენეს. ის ჩვენგან დაახლოებით 40 სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს, სადაც ორი მზეა და მნათობებს შორის მოძრაობისთვის თითქმის 10 000 წელი სჭირდება.
როგორც მონაცემები ცხადყოფს, პერიოდულად VHS 1256b-ის ღრუბლებიდან სილიკატები ციური სხეულის სიღრმეში ჩაედინება, ხოლო ატმოსფეროში ცეცხლის ალის მსგავსად ვლინდება. „მის ატმოსფეროში არსებული სილიკატის მცირე ზომის მარცვლები, შეიძლება, უფრო მეტად კვამლის პაწაწინა ნაწილაკებს ჰგავდეს, დიდი ზომის კი — ქვიშის ძალიან ცხელ და პატარა ნაწილაკებს“. — განმარტავენ მეცნიერები.
აღსანიშნავია, რომ მკვლევართა გუნდმა აქ წყალი, მეთანი, ნახშირბადის მონოქსიდი და ნახშირორჟანგიც დააფიქსირეს. „ეს პირველი შემთხვევაა, როცა მზის სისტემის ფარგლებს გარეთ ამდენი მოლეკულა მხოლოდ ერთ ციურ სხეულზე აღმოაჩინეს“. მეცნიერები ჯერ კიდევ მუშაობენ ნაწილაკების დახარისხებაზე, რათა ამ ეგზოპლანეტის ატმოსფერო უკეთ გასაგები გახდეს.