ქართული სააგენტოს JWT Metro-ს საქმიანობა ადგილობრივ ბაზარს სცდება და ამჯერად მისი შექმნილი რეკლამები აშშ-ის ტელევიზიებში გამოჩნდება.
ყველაფერი ასე დაიწყო:
2022 წლის დასაწყისში JWT Metro ამერიკულ ტენდერში მიიწვიეს, სადაც დიდი საერთაშორისო კონკურენციის მიუხედავად, კოსმეტიკისა და თავის მოვლის ნიუ-იორკში დაფუძნებული ინოვაციური ბრენდის SpoiledChild პირველი მასობრივი კამპანიის შემუშავების და განხორციელების უფლება მოიპოვეს.
ასე დაიწყეს ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური პროცესი, რომელმაც უამრავი ადამიანის ერთწლიანი უწყვეტი შრომა მოიცვა. ამერიკული ბაზრისთვის განკუთვნილი პროექტი თავიდან ბოლომდე საქართველოში დამზადდა: ქართული კრეატივით, ქართული ფროდაქშენით, ქართული პოსტ-ფროდაქშენით, ქართველი მსახიობებით და ქართული მუსიკითაც კი.
„ამხელა ნდობის წინასწარ მოპოვება ნამდვილად რთული იქნებოდა, რომ არა ბრენდის კრეატიული დირექტორი ანდრეა გუსტაფსონი. მას აქამდეც ჰქონია ჩვენთან მუშაობის გამოცდილება და საქართველოსა და მისი შემოქმედებითი ინდუსტრიისადმი ნდობის ნიადაგზე სრული მხარდაჭერაც გამოგვიცხადა“, — აღნიშნავს JWT Metro-ს ექაუნთ დირექტორი, ალექს ჩიქოვანი.
შედეგად, დაამზადეს სამი 30-წამიანი ვიდეორგოლი, რომლებიც მსოფლიოს უძვირეს მედიაში, ამერიკის ტელეარხებზე გადის. კამპანიის მიზანი, პროდუქტების მეშვეობით, ბრენდის ფილოსოფიის გაცნობაა. SpoiledChild-ის ამბიცია კი — თავისი სფეროს რევოლუცია. „მისი პროდუქტების ასორტიმენტი ეფუძნება კოლოსალურ მონაცემთა ანალიზს, რომელზე დაყრდნობითაც AI კონსულტანტი მომხმარებელს ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით მისთვის იდეალურ პროდუქტს სთავაზობს. ბრენდი უარს აცხადებს შეხედოს ასაკს სერიოზულად და უკვე ჩვენი დახმარებით მოუწოდებს ამერიკელებს — STAY IMMATURE“.