ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გამოყენებით ასტრონომებმა სრულიად ახალი ტიპის კოსმოსური ფენომენი — „შავი ხვრელის ვარსკვლავი“ აღმოაჩინეს. ამ მანათობელ, წითელ ობიექტს, რომელსაც მეცნიერებმა MoM-BH*-1 უწოდეს, ჩვენს მზეზე 100 000-ჯერ დიდი მასა აქვს. ის გაზის იმდენად სქელ გარსშია მოქცეული, რომ ვიზუალურად მთელი მზის სისტემის ზომის ვარსკვლავს ჰგავს. თუმცა, ნამდვილი ვარსკვლავებისგან განსხვავებით, მის ცენტრში ენერგიას ბირთვული სინთეზი კი არ წარმოქმნის, არამედ შავი ხვრელი, რომელიც მატერიას განუწყვეტლივ შთანთქავს.
ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ამ ობიექტის ცენტრში არსებული შავი ხვრელი ნებისმიერ ცნობილ ვარსკვლავზე 100 მილიარდჯერ მეტ ენერგიას ასხივებს. ის უძველესია და დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც 700 მილიონი წლის შემდეგ ჩამოყალიბდა. მსგავსი ობიექტების არსებობის შესახებ თეორია ჯერ კიდევ ორი ათწლეულის წინ გაჩნდა, თუმცა რეალური მტკიცებულებები მხოლოდ 2022 წელს, ჯეიმს ვების ტელესკოპის ამუშავების შემდეგ გამოჩნდა. მაშინ ტელესკოპმა ადრეულ სამყაროში ასობით აუხსნელი „პატარა წითელი წერტილი“ დააფიქსირა, რომლებიც ფიზიკის კანონებს ეწინააღმდეგებოდა — ისინი ზედმეტად დიდები იყვნენ ვარსკვლავებისთვის, მაგრამ ზედმეტად კომპაქტურები გალაქტიკებისთვის.
თავდაპირველად მეცნიერებს უკვირდათ, რატომ არ ასხივებდნენ ეს ობიექტები შავი ხვრელისთვის დამახასიათებელ რენტგენულ სხივებს. როგორც გაირკვა, საიდუმლო წყალბადის ულტრა-მკვრივ გარსშია, რომელიც ამ სხივებს გარეთ გამოსვლის საშუალებას არ აძლევს. ჰავაის უნივერსიტეტის ასტრონომის, როჰან ნაიდუს თქმით, ეს აღმოჩენა უნიკალურია და მილიარდში ერთხელ ხდება. აღსანიშნავია, რომ MoM-BH*-1 იმდენად კაშკაშაა, რომ სრულად ფარავს იმ გალაქტიკის ნათებას, რომელშიც მდებარეობს, რაც მკვლევრებს „შავი ხვრელის ვარსკვლავის“ სუფთა სინათლეზე დაკვირვების იდეალურ შესაძლებლობას აძლევს. ეს აღმოჩენა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ კოსმოსში დაფიქსირებული სხვა იდუმალი წითელი წერტილებიც, სავარაუდოდ, სწორედ ასეთივე შავი ხვრელის ვარსკვლავებია.













