in

ქეთო ბუხნიკაშვილი Amazon-ის პროგრამის მენეჯერი, დემეტრე შანშიაშვილი კი Microsoft-ის პროგრამის მენეჯერი გახდა

დღეს, ოჯახურ წყვილზე გიამბობთ, რომელთაგან ერთი Amazon-ის პროგრამის მენეჯერი, მეორე კი Microsoft-ის პროგრამის მენეჯერი გახდა. მათ საერთაშორისო ბრენდების პრაღის ოფისებში მუშაობა უკვე დაიწყეს.

BOG
BOG

ქეთო ბუხნიკაშვილი ამბობს, რომ საოპერაციო მიმართულება, სადაც ახლა პროგრამის მენეჯერია, Amazon-ში, Brexit-ის შემდეგ შეიქმნა.

ქეთო ბუხნიკაშვილი

„თუ, ადრე ბრიტანეთთან სასაქონლო მიმოცვლას არ სჭირდებოდა სასაზღვრო მომსახურება, თავის თანმდევ უამრავ პროცედურასთან ერთად, Brexit-ის შემდეგ აუცილებელი გახდა, შექმნილიყო გუნდი, რომელიც EU-UK ოპერაციებს ჩაიბარებდა. აქ ჩემი მოვალეობა EU-UK middle mile ტრანსპორტირების შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფაა. ეს მოიცავს გადამზიდავების, სასაზღვრო წარმომადგენლების და სხვა ჩართული მხარეების პრობლემების და გამოცდილების ანალიზს, პროცესის გაუმჯობესებასა და გამარტივებას. ჯერ ისევ ყველასთვის ახალი და დალაგების პროცესშია Brexit-ის ოპერაციები, ამიტომ, ბევრი რამ ახლა იქმნება და ამ საქმეში, მეც თავიდან ბოლომდე ვარ ჩართული“, – ამბობს ქეთო ბუხნიკაშვილი. 

მისთვის ეს ძალიან საინტერესო გამოცდილებაა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მასშტაბების გამო.

„თანაც, ჩემი წინა გამოცდილებისგან განსხვავებულ და ახალ რაღაცებს ვსწავლობ. ჩემთვის პირველი ნაბიჯია კომპანიაში. Amazon-თან დაკავშირებით, ყოველთვის შორს მიმავალი გეგმები მქონდა. ამ ეტაპზე, ეს არის პირველი პროდუქტი, რომელზეც ვმუშაობ, გეგმაში კი მხოლოდ წინ და წინ სვლაა“.

რაც შეეხება, წინა გამოცდილებას, ქეთო ბუხნიკაშვილი 2017-2019 წლებში, ელექტრონულ საფულე OPPA-ს გუნდის წევრი იყო. შემდეგ, სასწავლებლად, ჩეხეთში გაემგზავრა. იქ, პარალელურად, game development კომპანია „ენდორფინაში“ მუშაობდა, რომელიც ქმნის თამაშებს „ონლაინ“ ტოტალიზატორებისთვის, 80 ქვეყნის და მათ შორის, ქართული ბაზრისთვისაც.

ქეთო ბუხნიკაშვილი და დემეტრე შანშიაშვილი

უკვე შეუერთდა Microsoft-ის გუნდს დემეტრე შანშიაშვილიც. შესაძლოა, ახლა მეუღლის მსგავსად, ისიც Amazon-ის თანამშრომელი ყოფილიყო, რადგან მოლაპარაკებები, სხვებთან ერთად, ამ კომპანიასთანაც ჰქონდა, თუმცა, საბოლოოდ, „მაიკროსოფტში“, პროგრამის უფროსი მენეჯერი გახდა.

„2020 წელს, „ფულბრაიტის“ სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ, აქტიურად ვეძებდი და განვიხილავდი ჩემთვის საინტერესო შემოთავაზებას ისეთი კომპანიებიდან, რომელიც საშუალებას მომცემდა, საქართველოსთან, გეოგრაფიულად, ახლოს მეცხოვრა და თან, მქონოდა განვითარების შესაძლებლობა. რამდენიმე თვის განმავლობაში, Linkedin-ის საშუალებით, ვეკონტაქტებოდი ჩემთვის საინტერესო კომპანიების თანამშრომლებს და ვთხოვდი, გაეზიარებინათ გამოცდილება. შემდეგ ვაგზავნიდი რეზიუმეს ამ ორგანიზაციების ვაკანსიებზე.

ამ პერიოდში, აქტიური მოლაპარაკებები მქონდა Avast-თან, Amazon-თან და Microsoft-თან. თითოეულთან გავიარე მრავალეტაპიანი გასაუბრება, სადაც ვადარებდით ჩვენს სამუშაო კულტურებს და ვამოწმებდით, რისი შეთავაზება შეგვეძლო ერთმანეთისთვის. საბოლოოდ, Microsoft-ს დავთანხმდი, მომხმარებლების სეგმენტის, პროდუქტის და პოზიციის გათვალისწინებით“, – ამბობს დემეტრე შანშიაშვილი.

ახლა მისი მოვალეობაა მომხმარებლების საჭიროებების გაგება და მათთვის მაქსიმალური ღირებულების შექმნა, თავისი გუნდის რესურსებით.

დემეტრე შანშიაშვილი

„მომხმარებლებთან კომუნიკაციით და DATA ანალიზით, ვმუშაობ მათი საჭიროებების ამოცნობაზე / ჰიპოთეზების შექმნაზე. შემდეგ, ვატარებ პროდუქტ ექსპერიმენტებს, მულტიფუნქციურ გუნდთან ერთად. ვსწავლობ მომხმარებლისგან წამოსულ სიგნალებს და შესაბამისად, ვცვლი პროდუქტს. ასევე ჩემი პასუხისმგებლობაა, პროდუქტი მუდმივად ერგებოდეს სხვადასხვა ქვეყნების საკანონმდებლო და საკომუნიკაციო ჩარჩოებს. ეს ნიშნავს კონკრეტული ქვეყნების მარეგულირებელ ორგანოებთან, Tax & legal მრჩევლებთან, მონაცემთა დაცულობის სააგენტოებთან კომუნიკაციას და მათი მოთხოვნების ასახვას პროდუქტში“.

ამბობს, რომ Microsoft-ში მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა. თუმცა, ყოველდღიურად, ათობით მილიონი ადამიანი იყენებს მის შექმნილ ფუნქციონალს, შესაბამისად, აქვს წარმოუდგენლად დიდი შესაძლებლობა, ბევრი რამ ისწავლოს.

„ასეთი მასშტაბის პროდუქტზე, აქამდე, არ მიმუშავია. ახლა, მთავარი ჩემი მომხმარებლების კარგად გაცნობაა, რადგან ვფიქრობ, ეს არის ერთადერთი გზა ღირებულების შესაქმნელად“.

Microsoft-ში გადასვლამდე, ნიუ-იორკში, საზოგადოებრივი ელექტრო ტრანსპორტის განვითარების მიმართულებაზე მომუშავე სტარტაპის გუნდში იყო. მანამდე, 2019-2020 წლებში, სწავლობდა სამაგისტრო პროგრამაზე, ტექნოლოგიების კომერციალიზაციისა და მეწარმეობის მიმართულებით. 2016-2019 წლებში, მუშაობდა ელექტრონული საფულე OPPA-ში, სადაც მომხმარებლებისთვის სხვადასხვა პროდუქტს ქმნიდა.

 

 

“სილიკონ ველი ის ადგილია, სადაც მარტივია ილაპარაკო დაფინანსებასა და განვითარებაზე” – Cargon-ის თანადამფუძნებელი ნიკო ტურაბელიძე

მოდი სტადიონზე დედასთან ერთად – ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის კამპანია