in

უდარდელობასა და თავისუფლებასთან ასოცირებული ავტომობილები – კაბრიოლეტების ისტორია

ალბათ ცოტა რამ შეედრება კაბრიოლეტით გადაადგილებას. განსაკუთრებით ზაფხულში, როცა მანქანიდან შეგიძლია ლურჯ ცას ახედო, მსუბუქი ქარი თმას გიწეწავს და საუნდტრეკად შენი გემოვნების მუსიკაც გაქვს ჩართული. რამდენჯერაც ეს კადრი ფილმებში გვინახავს ან შეიძლება თავადაც გამოგვიცდია, ალბათ თქვენც გიფიქრიათ, რომ ის რაღაცნაირ, უდარდელობის შეგრძნებას ტოვებს ადამიანში, პოზიტიური ენერგიით გვავსებს. გასაკვირი არცაა, რომ სარეკლამო თუ კინო ინდუსტრიები ამ ინსაითს ხშირად იჭერენ და იყენებენ თავიანთ შემოქმედებაში. რეკლამის განმთავსებლები კაბრიოლეტს ხშირად იყენებენ, როცა თავისუფლების, გლამურის, გართობის ან სექსუალურობის გამოხატვა სჭირდებათ რეკლამის თემატიკაში.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენი რუბრიკის ფარგლებში კაბრიოლეტის, მეორენაირად – კონვერტირებადი ავტომობილის ისტორია მოგიყვეთ. ამისთვის, როგორც ხშირად ვაკეთებთ ხოლმე ამ რუბრიკაში, მე-20 საუკუნის დასაწყისში გადავიდეთ.

მე-20 საუკუნის პირველი ნახევარი

შეიძლება ახლა სასაცილოდ მოგეჩვენოთ, რომ იმ დროის უსახურავო მანქანებს კაბრიოლეტებს ვეძახით, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, პირველი ასეთი მანქანები სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა. ისინი ადამიანებს საშუალებას აძლევდნენ, ღია ცის ქვეშ გადაადგილებულიყვნენ. მეტსაც გეტყვით, რომ ავტომობილის შექმნის პირველი მცდელობები სწორედ უსახურავო მანქანებით დაიწყო, რადგან ისინი ცხენების ეტლს იყო მიმსგავსებული. პირველი სახურავიანი ავტომობილი 1910 წელს გამოჩნდა. 

1934 წლამდე არათუ კაბრიოლეტის წარმოება, ზოგადად ავტომობილების დამზადება იყო რთული პროცესი. კლასიკური გაგებით, კაბრიოლეტის პირველი დიზაინი 1922 წელს შეიმუშავეს, მაგრამ რეალობაში ვერ მოიყვანეს. 1927 წელს მწარმოებლებმა, როგორებიცაა Buick, Cadillac, Lincoln და Chrysler, მრავალი კაბრიოლეტის მოდელი მოუტანეს ამერიკულ საზოგადოებას. თუმცა პირველ ყველაზე გამოკვეთილ მცდელობად Peugeot 601 Eclipse მიიჩნევა. ამ მანქანას ჰქონდა მყარი, გასაშლელი სახურავი და ელექტრული ამოსაწევი, რითაც დაიწყო ამერიკელების დიდი სიყვარული ამ ტიპის მანქანებისადმი. რადგან ამერიკელები ვახსენეთ, იმასაც გეტყვით, რომ ყველაზე მეტი თაყვანისმცემელი კაბრიოლეტს სწორედ ამ ქვეყანაში ჰყავდა და ჰყავს. კაბრიოლეტებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ ამერიკულ კულტურაში, განსაკუთრებით კალიფორნიაში.

1939 წელს კომპანია Plymouth-მა მძღოლებს შესთავაზა მსოფლიოში პირველი კაბრიოლეტი მექანიკური გასაშლელით, რის შედეგადაც, მძღოლები ხელით გადასაწევ სახურავს სამუდამოდ დაემშვიდობნენ და მიესალმნენ ამ ინოვაციას, რომელმაც თავისუფლების მეტი განცდა მოუტანათ.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ

მეორე მსოფლიო ომზე დიდხანს აღარ შევრჩერდებით, რადგან ავტოინდუსტრიისთვის ამ პერიოდის შეფასება ერთი წინადადებითაც შეიძლება – მეორე მსოფლიო ომის დროს ყველა საავტომობილო საწარმო ან დაპაუზებული იყო ან სამხედრო ტექნიკაზე მუშაობდა. ამიტომ ამ მოსაწყენ თავს გადავახტებით და პირდაპირ ომის შემდგომ პერიოდზე მოგითხრობთ, რომელიც კაბრიოლეტების მოყვარულთათვის შთამბეჭდავად გამოიხატება.

1950-იან და 1960-იან წლებში ამერიკელმა ავტომწარმოებლებმა დაიწყეს კონვერტირებადი მოდელების ფართო სპექტრის წარმოება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მომხმარებელთა გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. მწარმოებლებმა წარმოადგინეს კაბრიოლეტები სრული ჩარჩო კარებით და დასაკეცი ქსოვილის ზედა ნაწილებით, რაც პირველად გამოჩნდა 1950 წლის Nash Rambler-თან ერთად. ის გახდა მაგალითი ბევრი სხვა ავტომწარმოებლისთვისაც.

70-იანი წლები და უეცარი ვარდნა

70-იანი წლები კაბრიოლეტებისთვის ცუდი დროა. ამ დროს მანქანებში პირველი კონდიციონერები გამოჩნდა და ფიქსირებულსახურავიანი ავტომობილები უფრო კომფორტულ მგზავრობის საშუალებად აქცია ზაფხულის სიცხეში. ასევე შემოვიდა ლუქების დამონტაჟების პრაქტიკაც, რამაც ასევე ხელი შეუშალა კაბრიოლეტებს. მომხმარებელი თვლიდა, რომ კაბრიოლეტი დისკომფორტია ხმაურისა და ქარის გამო. 

1976 წელს Cadillac Eldorado-ს გამოსვლის შემდეგ, აშშ-ში მხოლოდ უცხოური წარმოების კაბრიოლეტებიღა დარჩა. 

აღორძინების ხანა

აღორძინების მსოფლიო ხანა შუა საუკუნეებში იყო, თუმცა კაბრიოლეტის ტიპის ავტომობილებისთვის ეს ხანა მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება. Chrysler LeBaron-მა და Dodge 400-მა წარმოადგინეს ახალი, შთამბეჭდავი მოდელები, რომლებითაც კაბრიოლეტთა მოყვარულებიც გაახარეს და ახალი ადამიანების გულიც მოიგეს. მათ ჰქონდათ რბილი, კონვერტირებადი სახურავები, რომლებიც დღესაც გამოიყენება. ამ სერიის გამორჩეული მოდელები იყო: Pontiac Sunbird, Chevy Cavalier Z24, Chevy Camaro IROC-Z, და საკულტო Ford Mustang. 

1989 წელს გამოვიდა MX-5-ის პირველი გამოშვება, რომელმაც ფურორი მოახდინა. ამ დღიდან მოყოლებული, ის იქცა ყველაზე მოთხოვნად კაბრიოლეტად, რომელიც ახლაც იწარმოება. იგი ყველაზე გაყიდვადი კაბრიოლეტი გახდა მსოფლიოში.

როგორც დასაწყისშიც ვთქვით, კაბრიოლეტები კარგად იყიდება სარეკლამო და კინო ინდუსტრიებში. ბევრი დასამახსოვრებელი კადრი არსებობს, თუმცა ერთ-ერთ გამორჩეულად ავტოექსპერტები და კაბრიოლეტების ფანები 1991 წელს გამოსულ ფილმს ასახელებენ „ტელმა და ლუიზა”, რომელშიც მთავარი და ყველასთვის საყვარელი გმირები 1966 წლის Ford Thunderbird-ში სხედან.

თანამედროვე ერა

საავტომობილო ინდუსტრია მუდმივად ვითარდება, მაგრამ კაბრიოლეტებისადმი მოხმარებლის სიყვარული უცვლელი რჩება. ავტომწარმოებლები, როგორიცაა Ford, GM, BMW, Mazda, Volkswagen, Audi, Mercedes, Porsche, Lexus, MINI და სხვა, აგრძელებენ კაბრიოლეტების წარმოებას დღეს. მართალია, ჩვენ მათთან ვერ ვხედავთ შეუდარებელი მართვის გამოცდილებას და ისინი ვერ უწევს საგრძნობ კონკურენციას კლასიკური ტიპის მანქანებს; მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნამ აჩვენა მისი აღმავლობა და ვარდნა და დიზაინი განაგრძობს ცვლილებას, ავტომოყვარულები ამბობენ, რომ სანამ თავისუფალის ოცნებები ჯერ კიდევ არსებობს, კაბრიოლეტებს  მუდამ ექნებათ ადგილი ბაზარზე.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

რატომ გვინდა ხოლმე „სულელი“ ტექნოლოგიები?

კონტენტის პერფორმანსის მატრიცა – რა ნაბიჯები გვჭირდება კონტენტის სტრატეგიაში?