2008 წლის დიდი რეცესიების დროს კომპანიებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყეს სამუშაო ძალის შემცირება. მარტო აშშ-ში 2008-დან 2010 წლამდე 8 მილიონზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს. უფრო უკეთეს ფინანსურ დროსაც კი, თუნდაც ახლა, მიმდინარე პერიოდში, ფირმები ხშირად ამცირებენ კადრებს, რადგან ეს განიხილება, როგორც ბიუჯეტის შემცირებისა და სტრუქტურების კორექტირების საშუალება. მკვლევრები და ბიზნესმენები ვერ თანხმდებიან ამ პრაქტიკის სიკეთეებზე და დღევანდელ სტატიაშიც ვეცდებით, გაჩვენოთ, რომ ამან შეიძლება რეალურად გაზარდოს კომპანიის გაკოტრების რისკი.
ისინი, ვინც კადრების გაცხრილვას ემხრობიან, თვლიან, რომ ეს ეფექტური სტრატეგიაა, რომლითაც გაყიდვების გაზრდა და საქმის მეტად კეთებაა შესაძლებელი. მოწინააღმდეგენი კი პირიქით, ამტკიცებენ, რომ ამას ყოველთვის სიკეთე არ მოაქვს და შეიძლება ძალიან ცუდად იმოქმედოს პროდუქტიულობაზე, სტრესში ჩააგდოს დარჩენილი თანამშრომლები და იმოქმედოს საერთო განწყობაზე. სანამ ამ თემაზე დებატები გრძელდება, დიდი კომპანიები მაინც მიჰყვებიან ამ პრაქტიკას, მაგალითად: Victoria’s Secret, Lowe’s და PepsiCo.
ობერნის, ბეილორისა და ტენესის უნივერსიტეტის მკვლევრები კი აყალიბებენ თეორიას, რომლის მიხედვითაც, ხშირმა შემცირებებმა შეიძლება გამოიწვიოს მრავალი პრობლემა. მაგალითად, ასეთი ფირმები კარგავენ ღირებულ ცოდნას, როცა გუნდის წევრებს უშვებენ; დანარჩენი თანამშრომლები გაორმაგებული დატვირთვით მუშაობენ, რაც ცოტა დროს ტოვებს მათ გასავითარებლად და ახალი უნარების გამოსამუშავებლად. ამასთან, ისინი ნდობას კარგავენ მენეჯმენტის მიმართ, რაც ნაკლებ ჩართულობასა და ლოიალობას იწვევს საერთო საქმეში; ზოგიერთ კომპანიაში კი ეს სიტუაცია შეიძლება დიდხანსაც გაგრძელდეს.
მკვლევრებმა ჩაატარეს კვლევა 2010 წლის იმ კომპანიებს შორის, რომლებმაც დაითხოვეს თანამშრომლები. სულ მოიცვეს 83 ინდუსტრია, მათ შორის იყო მომსახურების სფეროები, მაღალი ტექნოლოგიები და წარმოებები. კვლევის მიზანი იყო შედეგებზე დაკვირვება, რა მოუტანა აღნიშნულ კომპანიებს მასობრივმა შემცირებებმა, როგორი იყო მათი შესყიდვების რაოდენობა და აღმოაჩინეს, რომ ასეთი ფირმები უფრო ხშირად განიცდიდნენ ფინანსურ კრიზისს, ვიდრე ისინი, რომლებმაც არ შეამცირეს კადრები. კვლევებმა აჩვენა, რომ ფინანსური რესურსის გაზრდამ, ვერ ჩაანაცვლა გათავისუფლებული თანამშრომლების რესურსი, რადგან ისინი ერთგვარი კულტურული კონტრიბუტორები და ცოდნის მატარებლები იყვნენ ფირმაში.
იმ ფირმებისთვის, რომელთა სტრატეგიაც თანამშრომლების შემცირებით მეტი მოგების ნახვა და ბიზნესის გაუმჯობესებაა, მკვლევრებს ერთი საინტერესო აღმოჩენა აქვთ – არამატერიალური რესურსები დაეხმარა კომპანიებს გაკოტრებისგან თავის დაცვაში. მაგალითად, თანამშრომლების არსებული ცოდნა შეიძლება გამოყენებულ იქნას შეწყვეტილი პროცესების გასაახლებლად ან ამ პროცესების უფრო ეფექტურად ჩანაცვლებისთვის. ფირმებს შეუძლიათ მათი გამოყენება პარტნიორების მოსაზიდად, ასევე, გათავისუფლებული თანამშრომლების მიერ დატოვებული ხარვეზების გამოსასწორებლად და სხვა. აქედან გამომდინარე, სანამ ვინმეს გათავისუფლების გადაწყვეტილებას მიიღებდეს, კარგი იქნება, მენეჯმენტის გუნდმა კარგად განიხილოს არსებული თანამშრომლების რესურსები, ცოდნა და ისე გადაწყვიტოს, რა დარტყმა შეიძლება მოუტანოს კომპანიას მათმა გაშვებამ მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში.
დასკვნის სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემცირება, ცხადია, ყოველთვის უარყოფით შედეგებს არ იძლევა, უბრალოდ ეს გადაწყვეტილება ხშირადაა მიღებული მხოლოდ ფინანსების დაზოგვის კუთხით და არ აფასებენ არამატერიალურ რესურსებს, რის საფუძველზეც, კომპანიამ შეიძლება დაკარგოს ძვირფასი თანამშრომლები.
წყარო: HBR