2
Oct
2019

მხოლოდ 35 წელი მსოფლიო ლიდერობისკენ – იაპონური საოცრება

2 Oct 2019

რა არის ‘კაიზ(ძ)ენი’?

“კაიზენი” იაპონური სიტყვაა და ქართულად “მუდმივ გაუმჯობესებას” ნიშნავს. იაპონელები ცნობილები არიან სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების კოპირებით, თუმცა არასდროს ტოვებენ ერთი ერთში გადმოღებულ ორიგინალს ხელუხლებლად. ისინი ახდენენ კოპირებული გამოცდილების, პროდუქტის, მომსახურების მუდმივ გაუმჯობესებას ისე, რომ საბოლოოდ შეიძლება, გაგიჭირდეს კიდეც ორიგინალთან მისი გაუმჯობესებული ორეულის შედარება.

კაიზენის ფილოსოფია არის იაპონური კულტურის, ტრადიციის ნაწილი, რომელიც ძალიან წარმატებულად იქნა გამოყენებული ბიზნესში და მოუტანა კიდეც იაპონელ მეწარმეებს მსოფლიო აღიარება. კაიზენის ტერმინის უკეთ აღსაქმელად მაგალითად შეგვიძლია, მოვიყვანოთ ლუდი ან საკე, რომელსაც დღეს უკეთესი გემო აქვს, ვიდრე ადრე ჰქონდა, ამ შემთხვევაში იაპონელი ამ სხვაობას გამოხატავს სიტყვით – კაი-ზ(ძ)ენ, ანუ გაუმჯობესებული, უკეთესი გემო.

კაიზენის ფილოსოფიით, ინოვაცია არ ხდება ერთ დღეში,  უცაბედად რაიმე დიდი აღმოჩენის შედეგად. ინოვაცია ძალიან მცირე, პატარ-პატარა, თუმცა უწყვეტი, მუდმივი ცვლილებებით მიიღწევა, რომელსაც დროთა განმავლობაში უდიდეს აღმოჩენამდე მივყავართ. სწორედ ეს მიდგომა გახდა იაპონური ბიზნესის კონკურენტული უპირატესობა და მუდმივი ინოვაციურობის გარანტი.

კაიზენის ფილოსოფიის ბიზნესში დანერგვა დაიწყო მე-2 მსოფლიოს ომის შემდგომ, როდესაც ამერიკულ საოკუპაციო ძალებს დაევალათ დახმარებოდნენ დანგრეულ იაპონიას აღდგენაში. ამერიკელმა ექსპერტებმა (ედვარდ დემინგი, ჟოზეფ ჯურანი, ფილიპ კროსბი) იაპონელ მენეჯერებთან ერთად შეიმუშავეს ხარისხისა და მწარმოებლურობის გაუმჯობესების ახალი გზა. ამ მიდგომის პიონერი დანერგვაში 1950 წლიდან იყო საკიჩი ტოიოდა – კომპანია ‘ტოიოტა ინდუსტრიის’ დამფუძნებელი, რომელმაც განავითარა ‘ტოიოტას წარმოების სისტემა’ (TPS – ‘Toyota Production System’).

ტოიოტა დღესდღეობითაც კაიზენის მეთოდოლოგიით ახერხებს საკუთარი პროდუქტის ხარისხის, ტექნოლოგიების, მწარმოებლურობისა და უსაფრთხოების ზომების მუდმივ გაუმჯობესებას. ტოიოტას წარმოების სისტემის წარმატებამ უბიძგა მთელ იაპონურ ბიზნესს, დაენერგათ კაიზენის მეთოდოლოგია – მცირე, მუდმივ გაუმჯობესებაზე ორიენტირებული წარმოების პროცესი.

კაიზენის ფილოსოფიის იაპონურმა წარმატებამ დიდი მოწონება დაიმსახურა ასევე  დასავლეთის სამყაროში, სადაც 1986 წლიდან დაიწყეს აღნიშნული მოდელის იმპორტი აშშ-სა და ევროპაში, ოღონდ მათთვის უფრო მარტივად აღსაქმელი სახელდებით – ლინ (Lean) მენეჯმენტი და 6 სიგმა. დღესდღეობით უამრავ კომპანიას ნახავთ მთელ მსოფლიოში, რომელსაც დანერგილი აქვს ან ახლა ნერგავს ამ მოდელს.

და მაინც რა სარგებელი მოაქვს კაიზენის მოდელს ბიზნესისთვის?

საშუალებას გვაძლევს, ბიზნესში წარმოშობილი საფრთხეები და ბარიერები აღმოვაჩინოთ უადრეს ეტაპზევე და მოვაგვაროთ იქვე და მაშინვე. კაიზენის ფილოსოფიით, ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი პრობლემის მოგვარება უფრო მარტივი და იაფია. მცირე პრობლემაც კი, რომელსაც თავის დროზე არ მივაქციეთ ყურადღება, თოვლის გუნდასავით შეიძლება, გადაიზარდოს უდიდეს საფრთხეში, რომელსაც უნარი აქვს, საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მთლიანი ბიზნესი.

კაიზენის მიზანია, შეამციროს კომპანიის დანაკარგები ეფექტიანი მენეჯმენტით. იგი გამადიდებელი შუშით უყურებს ბიზნესს, ყოველი მოცემული პერიოდისთვის აანალიზებს მის თითოეულ მიმართულებას დეტალებში – როგორიცაა მარაგები, დისტრიბუცია, წარმოება, ჭარბი წარმოება, ა.შ. და განსაზღვრავს ყველაზე ოპტიმალურ სამოქმედო გზას საუკეთესო შედეგების მისაღწევად. კაიზენის დანერგვა ავტომატურად გულისხმობს უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოებასა და შრომის უსაფრთხოებას.

კაიზენის უმთავრესი მიღწევაა არ-დადანაშაულების (Non-blaming) კულტურა

კაიზენის მეთოდოლოგია კომპანიაში ავტომატურად გულისხმობს პოზიტიური მორალის დანერგვას. რადგან კაიზენი საწარმოო რესურსების ეფექტიან მართვაზეა ორიენტირებული, პირველ რიგში, ძალიან პოზიტიურად იყენებს საკუთარ შრომით რესურსს ბიზნესში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. კერძოდ, უმნიშვნელოვანესია კომპანიაში ისეთი ორგანიზაციული კულტურის შექმნა, სადაც არ ეძებენ დამნაშავეებს – კომპანიაში დასაქმებულ ადამიანს არ აქვს შიში, რომ საქმესთან დაკავშირებული შეცდომის აღიარების გამო გაუშვებენ სამსახურიდან.

როდესაც დგება რაიმე პრობლემა კომპანიაში, იაპონელები არ სვამენ შეკითხვას – ‘ვინაა ამაში დამნაშავე?’, არამედ 5-ჯერ კითხულობენ ‘რატომ?’ – რატომ დადგა ესა თუ ის შედეგი. სწორედ ეს მიდგომა ხდის ხილვადს პრობლემებს, რომელთაც დროულად და ძირეულად წყვეტენ.

იაპონურ კომპანიაში ყველა – მენეჯერიდან დაწყებული მუშით დამთავრებული, ძალისხმევას არ იშურებს, რომ თავადვე გააუმჯობესოს საკუთარი სამუშაო ადგილი (გემბა) და აამაღლოს კომპანიის ეფექტიანობა. კონკრეტულ სამუშაო ადგილზე მომუშავე კადრმა ყველაზე კარგად იცის, რა პრობლემებია აქ, როგორ შეიძლება მათი მოგვარება, როგორ უნდა შესრულდეს ეს ოპერაცია ყველაზე მარტივად და რა ცვლილებებია საჭირო სამუშაო სტანდარტების გასაუმჯობესებლად. სწორედ ადგილობრივ კადრებს შესწევთ უნარი მიკრო-ინოვაციებით მოახერხონ კომპანიის უწყვეტი გაუმჯობესება.

და რადგანაც კაიზენი ფილოსოფიაა და არა მკაცრი სისტემა, ძალიან მოქნილი და მარტივად მოსარგებია კონკრეტული კომპანიის/ პერსონის საჭიროებებზე, სამუშაო სტილზე, პრეფერანციებზე. მაგალითად, კაიზენით ზოგიერთი ადამიანი ცხოვრობს პრინციპით ‘გახდი უკეთესი ყოველდღე 1%-ით’, სხვა კი ამჯობინებს, კაიზენი შეიგრძნოს კომპანიაში 5S-ის დანერგვით. და ბოლოს, კაიზენის მეთოდოლოგია მოიცავს მრავალფეროვან ქმედით ინსტრუმენტებს, რომლითაც ეხმარება კომპანიებსა თუ ინდივიდებს მუდმივ გაუმჯობესებაში. სწორედ აღნიშნულ ქმედით ინსტრუმენტებზე მოგახსენებთ შემდგომ პუბლიკაციებში.

 

ავტორი: ლალი ყიფშიძე

განხილვა