17
Jul
2019

კახა კახაძის ნამუშევრები LogoLounge-ის მე-11 გამოცემის გარეკანზე!

17 Jul 2019

ცოტა ხნის წინ, LogoLounge-ის მე-11 წიგნი გამოიცა, რომლის ყდაზეც გრაფიკოსი დიზაინერის, კახა კახაძის, ორი ნამუშევარი მოხვდა. საერთო ჯამში, გამოცემაში კახა კახაძისა და მისი მეუღლის, ნინო მეგრელიძის, ორმოცზე მეტი ნამუშევარია დაბეჭდილი. აღსანიშნავია, რომ გრაფიკოსი დიზაინერის ნამუშევარი ჟიურის წევრი სააგენტო LAND-ის რჩეული გახდა, ხოლო მის ნამუშევარს RadarCreative-ისთვის ორგვერდიანი ქეის სთადი მიეძღვნა.

 

რა არის LogoLounge?

LogoLounge, 2002 წელს, ლოგოტიპების ძიების გასამარტივებლად შეიქმნა. დღეს, LogoLounge უმსხვილესი საძიებო და სოციალური ქსელია გრაფიკოსი დიზაინერებისთვის, რომლებიც მუშაობენ კორპორაციული იდენტობისა და ლოგოების შექმნაზე. პლატფორმის წევრებს შეუძლიათ მოიძიონ სასურველი ვიზუალები ფერის, ფორმის, სიმბოლოს, კლიენტისა და სხვა საკვანძო სიტყვების მეშვეობით. პლატფორმას აქვს გამოცემაც. თითოეულ წიგნში წარმოდგენილია ბოლო დროის საუკეთესო ლოგოტიპები. ნამუშევრებს სფეროს პროფესიონალები არჩევენ. LogoLounge-ის გამოცემაში მოხვდა გრაფიკოსი დიზაინერების, თაკო ჭაბუკიანისა და გია ბოხუას ნამუშევრებიც. ამასთან, გია ბოხუა გამოცემის ჟიურის წევრად იყო მიწვეული.

მეთერთმეტე წიგნში მსოფლიოს პროფესიონალი და ახალგაზრდა გრაფიკოსი დიზაინერების ნამუშევრებია წარმოდგენილი. როგორც LogoLounge-ის პლატფორმაზე განმარტავენ, ესაა ერთიანი კოლექცია, რომელიც გრაფიკოს დიზაინერებსა და მათ დამკვეთებს შთაგონებას და თანამედროვე ტრენდების გააზრების საშუალებას აძლევს. ყველა ნამუშევრის ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

მე-11 გამოცემის ყდაზე კახა კახაძის შემდეგი ორი ნამუშევარი მოხვდა:

ერთი ნამუშევარია ასო M-ის ეს კონცეფცია, რომელიც კომპანია MOVSA-სთვის შეიქმნა:

 

მეორე კი, RadarCreative-სთვის შეთავაზებული ერთ-ერთი ესკიზია, რაზეც უფრო ვრცლად ქვევით გიამბობთ:

აღსანიშნავია, სიმბოლო ZEN/ Personal Mark საერთაშორისო დიზაინ სტუდიო LAND-მა, რომელიც ლოგოებს ჟიურის წევრის სტატუსით აფასებდა, თავის რჩეულ ნამუშევრად დაასახელა.

მეორე ნამუშევარზე, რომელიც წიგნში სხვა 2500-მდე ლოგოსთან ერთად მოხვდა, ვრცელი ქეის სთადი დაიწერა. ლოგო დიზაინერმა სააგენტო RadarCreative-ისთვის შექმნა. სააგენტო ფროდაქშენის, კონტენტისა და ციფრული დიზაინის მიმართულებით მუშაობს. LogoLounge-მა კახა კახაძის ამ ნამუშევარს მთელი ორი გვერდი მიუძღვნა, სადაც ქეის სთადია აღწერილი. ბრიფის თანახმად, სააგენტომ დიზაინერს სთხოვა, შეექმნა ტიპოგრაფიული ლოგო, სადაც ასო R, დამკვეთის თანახმად, უნდა შექმნილიყო ლოგო ორნაირი ვერსიით: ერთ ლოგოს ჰქონოდა ასო R-ის მკაფიო კონტურები, მეორეს კი, კონცეფციაში მთის გამოსახულებაც უნდა ჰქონოდა. როგორც სააგენტოს დირექტორი, დრიუ ლუკასი ამბობს, ამ სიმბოლოს უნდა გადმოეცა მისი გვარის მემკვიდრეობა და ღირებულებები.

“კახა კახაძემ მუშაობა ფანქრითა და ფურცლით დაიწყო. მან შექმნა 30-მდე მონახაზი, მათგან რამდენიმე დაამუშავა და 6 ვერსია წარუდგინა დამკვეთს. ამ კონცეპტების შესაქმნელად, მას 12 დღე დასჭირდა” – ნათქვამია ნამუშევრის აღწერაში.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა