ქართული ღვინისა და კულინარიის ჰაბი აგრძელებს რეგიონებში ადგილობრივი მევენახე-მეღვინეებისთვის ცნობიერების ამაღლების კურსებს.
ამჯერად ტრენინგები ჩატარდა გურული მეღვინეებისთვის, ქალაქ ჩოხატაურში.
პროექტი შედგა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და 4 დღის განმავლობაში ლექციებს ქართულ მეღვინეობაში მომუშავე პროფესიონალები კითხულობდნენ.
პირველი დღე გაიხსნა მევენახეობის საფუძვლების კურსით, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორი, დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი – ლევან უჯმაჯურიძე უძღვებოდა.
მეორე სემინარი ენოლოგმა და მეღვინემ, პროფესორმა მარიამ ხომასურიძემ ჩაატარა თემაზე, კლასიკური და ქვევრის ღვინოები.
მესამე სალექციო კურსი ჯაბა ძიმისტარიშვილმა წაიკითხა, რომელიც არის ქართული ღვინის ექსპერტი, საერთაშორისო ღვინის კონკურსების ჟიურის წევრი და საქართველოს საუკეთესო სომელიე 2020. ჯაბას თემა იყო დეგუსტაციის საფუძვლები.
შემდეგი სემინარი ეძღვნებოდა ღვინის ტიპებსა და საღ თუ დაავადებულ ღვინოებს. კურსს გაუძღვა სერტიფიცირებული სომელიე, ენოლოგი, საქართველოს საუკეთესო სომელიე 2024, წლის სომელიე Gault & Millau 2022 და ღვინის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის წევრი საბა ქიტიაშვილი.
ტრენინგები დაიხურა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტისა და მეღვინის, შალვა ხეცურიანის მასტერკლასით.
ქართული კულინარიისა და ღვინის ჰაბი სამომავლოდაც გააგრძელებს საქართველოს რეგიონებში მსგავსი ტიპის ღონისძიებებს, რაც ქართული ღვინის განვითარებასა და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
[პარტნიორის კონტენტი]