მსოფლიო კალათბურთის ჩემპიონატისთვის ემზადება. სპორტულ მოვლენამდე, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება, სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ის 25 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. მასში 32 ქვეყნის ნაკრები იბრძოლებს პირველობისთვის. ამ 32-ს შორის წელს პირველად მოხვდა საქართველოც. თუ გავითვალისწინებთ საქართველოს ნაკრების ისტორიას და გავიხსენებთ, რომ ჯერ საბჭოთა კავშირის, შემდეგ კი 90-იანი წლების სიდუხჭირე გამოვლილმა გუნდმა სულ რამდენიმე წელიწადში მოახერხა დიდ და მრავალმნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირებზე გასვლა, ეს ჩვენთვის საამაყო შედეგია.
ამ სტატიაში მოგიყვებით, როგორ მოხვდა ჩვენი ნაკრები მსოფლიო თასზე და რა დაბრკოლებების გადალახვა მოუწია ამისთვის.
ყველაფერი დაიწყო შერჩევით
მსოფლიო თასის წესების მიხედვით, ჩემპიონატში მონაწილეობა, რა თქმა უნდა, მარტივი არ არის. ნებისმიერი ქვეყნის ნაკრებს სურვილთან ერთად დიდი მონდომების გამომჟღავნებაც უწევს. საქართველოს ნაკრებმა ამ ჩემპიონატისთვის მზადება შარშან, 2022 წელს დაიწყო, როდესაც საკვალიფიკაციო ტურნირი გამოცხადდა, ერთგვარი შესარჩევი ეტაპი.
ჩვენი ეროვნული გუნდის ამჟამინდელი მწვრთნელი ბერძენი სპეციალისტი, ილიას ზუროსია. შარშან, 17 ივნისს, მის მიერ გაწვრთნილი ეროვნული გუნდი თბილისში შეიკრიბა და საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მომზადება დაიწყო. მატჩები უკრაინასთან და ესპანეთთან გაიმართა. ამ უკანასკნელს ჩვენი გუნდი თბილისში შეხვდა.
საქართველოს ნაკრებს 22 მოთამაშე ჰყავდა, თუმცა საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 12 ადამიანი შეირჩა. ჩემპიონატის საკვალიფიკაციო თამაშებისთვის ისინი აქტიურად ემზადებოდნენ ჯერ სპორტის სასახლეში, შემდეგ კი ევრობასკეტისთვის აშენებულ ახალ დარბაზში. ნაკრები თავის მწვრთნელთან ერთად თბილისში ვარჯიშობდა და 29 ივნისს გაემგზავრა რიგაში, სადაც პირველ ივლისს უკრაინას შეხვდა. რამდენიმე დღეში კი უკვე ესპანეთთან გამართა შეხვედრა. უკრაინასთან განცდილი მარცხის შემდეგ მონდომებულმა გუნდმა იმ დროის მსოფლიო ჩემპიონი, ესპანეთი 82:76 დაამარცხა. ბრძოლა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და საბოლოო შედეგის გამოსავლენად ოვერტაიმი გახდა საჭირო.
გადამწყვეტი მატჩები
ჩემპიონატამდე საქართველოს გუნდს ბევრჯერ მოუწია თავისი პირველობის დამტკიცება. ერთ-ერთი გადამწყვეტი მატჩები ჩატარდა 2023 წლის თებერვალში, როცა ნაკრები ჯერ ნიდერლანდებს, შემდეგ კი ისლანდიას შეხვდა. ეს თამაშები მნიშვნელოვანი იმით იყო, რომ ამ დროისთვის ქართულ გუნდს 4-4 მოგება და წაგება ჰქონდა. თუ ამ ორივე მატჩს წარმატებით ჩაატარებდა, აღარ ექნებოდა მნიშვნელობა, რა შედეგით დაასრულებდა მომდევნო თამაშებს. ამის გამო ნიდერლანდებისა და საქართველოს შეხვედრას პირველი ფინალიც კი უწოდეს. საბედნიეროდ, საქართველომ ეს თამაში 88:80 ქულით მოიგო.
დაძაბული თამაშის მიუხედავად, გამარჯვებით დასრულდა მეორე გადამწყვეტი მატჩიც – საქართველო – ისლანდიის შეხვედრა.
29 აპრილს ფილიპინებში კალათბურთის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა, სადაც საბოლოოდ დადასტურდა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასზე ითამაშებდა. აქვე დასახელდნენ ის ქვეყნები, ვის წინააღმდეგაც მოუწევს გუნდს ბრძოლა: სლოვენია, ვენესუელა და კაბო ვერდე.
ბოლო შეკრება ჩემპიონატამდე
მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ ერთი შეკრება ჩაატარა. ის ორ ნაწილად იყო დაყოფილი: გაფართოებული შემადგენლობით, ერთი კვირის მანძილზე გუნდი თბილისში, დიღმის არენაზე ვარჯიშობდა, ხოლო 21 ივლისიდან 18 რჩეული მოთამაშით იტალიაში გაემგზავრა, სადაც შეკრების მეორე ეტაპი გაიმართა.
შეკრების მეორე ეტაპი მნიშვნელოვანი იმ კუთხითაც იყო, რომ საბოლოოდ გამოვლინდა ის 12 მოთამაშე, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე წარადგენენ.
ამხანაგური მატჩები
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ინტენსიურად ემზადებოდა. ბოლო დღეებამდე გუნდს აქტიური სამოქმედო გეგმა ჰქონდა დასახული, რომელსაც ზედმიწევნით ასრულებდა. იტალიაში ვარჯიშის დასრულების შემდეგ მოთამაშეებმა 7 ამხანაგური მატჩი გამართეს, რომლის ფარგლებშიც, ისინი ეგვიპტეს, ლიეტუვას, ლატვიას, იორდანიასა და სხვა ქვეყნის წარმომადგენელ გუნდებს შეხვდნენ. ბოლო ასეთი შეხვედრა 22 აგვისტოს ავსტრალიასთან გაიმართა. მატჩი დახურული ტიპის იყო და მისი პირდაპირი ტრანსლაცია არ ხდებოდა.
ჩემპიონატის 12 ქართველი მოთამაშე
ისიც გავიგოთ, რომელი კალათბურთელები მონაწილეობენ FIBA-ზე…რჩეულები, რომლებმაც მრავალი დაბრკოლება გადალახეს და ახლა ჩემპიონატზე საქართველო უნდა წარადგინონ, არიან:
🏀 თორნიკე შენგელია;
🏀 გიორგი შერმადინი;
🏀 გიორგი ცინცაძე;
🏀 რატი ანდრონიკაშვილი;
🏀 დუდა სანაძე;
🏀 გოგა ბითაძე;
🏀 მიხეილ ბერიშვილი;
🏀 სანდრო მამუკელაშვილი;
🏀 კახაბერ ჯინჭარაძე;
🏀 ლუკა ლიკლიკაძე;
🏀 გიორგი ტურძილაძე;
🏀 თად მაკფადენი.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები 17 აგვისტოს იაპონიაში, კუნძულ ოკინავაზე გაემგზავრა. FIBA-მ, რომელიც აკვირდებოდა ნაკრების წარმატებებს, საინტერესო პუბლიკაცია გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ დებიუტანტი გუნდი ყველანაირად მზადაა იმის დასამტკიცებლად, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ღირსეული მონაწილეა. პუბლიკაციაში აღნიშნულია ქართველი კალათბურთელებისადმი გამოხატული სიმპათიაც.
25 აგვისტოს მსოფლიო ჩემპიონატი იწყება და მეორე დღეს ჩვენი გუნდი კაბო ვერდეს შეხვდება. 28 აგვისტოს მას თამაში სლოვენიასთან, ხოლო 30 აგვისტოს ვენესუელასთან აქვს.
საქართველოს კალათბურთის ნაკრების მთავარი პარტნიორია საქართველოს ბანკი.