კალათბურთს სპორტის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ სახეობად მიიჩნევენ და მას სიამოვნებით ადევნებს თვალს მილიონობით ადამიანი. როგორც ნებისმიერ სხვა სახეობას, კალათბურთსაც თავისი წესები აქვს, რომელთა ცოდნაც აუცილებელია, რომ ჩვენ, მაყურებლებმა მისგან სიამოვნება მივიღოთ და მატჩი უფრო საინტერესო იყოს. ის გუნდური თამაშია, რომელიც ქულების პრინციპზეა აგებული. იმარჯვებს ის, ვინც ყველაზე მეტ ქულას მოაგროვებს – ეს ის უნივერსალური, ყველაზე მარტივი წესებია, რომლებიც ყველამ ვიცით, მაგრამ როცა ნამდვილი გულშემატკივარი ხარ, აუცილებელია მეტი ცოდნა გქონდეს, იმისთვის, რომ გააზრებულად დააკვირდე მსვლელობას, გამოიტანო ლოგიკური დასკვნები და შეძლო ფინალის შეფასება.
მალე, 25 აგვისტოს, კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატი იწყება და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რომელსაც თავად სპორტსმენები და მათი გულშემატკივრები დიდი ემოციებით ელიან. ჩემპიონატში საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს. მისი მხარდამჭერი და სპონსორია საქართველოს ბანკი. იმისთვის, რომ დაძაბულ მატჩებს მომზადებულნი შევხვდეთ, ვისწავლოთ ან გადავიმეოროთ ის ძირითადი წესები, რაც კალათბურში არსებობს.
დავიწყოთ ზოგადი აღწერით…
კალათბურთს ორი გუნდი თამაშობს. თითოეულ მათგანში 5-5 წევრია. მატჩები, როგორც წესი, დახურულ შენობაში, სპეციალურ მოედანზე იმართება, რომელიც ფეხბურთის მოედანთან შედარებით პატარაა – მოედნის სიგრძე შეიძლება იყოს 28 მეტრი, სიგანე კი 15. მოედანი ხაზებითაა შემოსაზღვრული და ჰყოფს ცენტრალური ხაზი. მისი განუყოფელი ატრიბუტებია ბურთი და კალათა. კალათა ნარინჯისფერი ფოლადისგან მზადდება და აქვს ბადე, რომელიც ბოლოშია გაჭრილი. ბურთიც ნარინჯისფერია, სფერული ფორმის. მისი წონა დაახლოებით 567–650 გრამია.
მოთამაშეების მიზანი, ერთი შეხედვით, მარტივად ჟღერს – მათ ბურთი კალათაში უნდა ჩააგდონ. ვინც ყველაზე მეტჯერ ჩააგდებს, გაიმარჯვებს.
თამაშის პროცესი
თამაში დაყოფილია 4 ძირითად პერიოდად. საერთაშორისო მატჩებზე თითოეული მათგანი 10-წუთიანი ტაიმებისგან შედგება (NBA-ს თამაშებზე კი, ჩვეულებრივ, 12 წუთი). შუალედებში მცირე შესვენებებია, რომლებსაც ასევე თავისი წესი აქვს: პირველ და მეორე, მესამე და მეოთხე ტაიმს შორის, ასევე დამატებითი ტაიმის დანიშვნის შემთხვევაში, 2-წუთიანი შესვენებაა, ხოლო მეორე და მესამე პერიოდს შორის უფრო ხანგრძლივი, 15-წუთიანი შესვენება ინიშნება. სწორედ ამ დროს ცვლიან გუნდები კალათებს.
გუნდში 5 მონაწილეა, საიდანაც რომელიმე შეიძლება შეიცვალოს. შემცვლელების რაოდენობა შეზღუდული არ არის. თამაში მოედნის ცენტრში ორ მოთამაშეს შორის ბურთის აგდებით იწყება. კალათბურთს ხელით თამაშობენ, რას იმას ნიშნავს, რომ დაშვებულია ბურთის ტარება, სროლა, გადაცემა როგორც ერთი, ისე ორივე ხელით. თითოეული ჩაგდებული ბურთი გუნდს 2 ან 3 ქულას მატებს. ე.წ. საჯარიმო ტყორცნები კი 1-ქულიანია. იმისთვის, რომ ბურთი მეტოქის ნახევარზე გადაიტანონ, გუნდებს 8 წამი ეძლევათ, შეტევის განხორციელება კი 24 წამში უნდა მოასწრონ. ამ დროის გასვლის შემდეგ ბურთი მოწინააღმდეგე გუნდს გადაეცემა.
დრიბლინგი
კალათბურთში ერთ-ერთი ყველაზე ნაცნობი და ხშირად გამოყენებადი ტერმინია. ის ბურთის კონტროლს ეწოდება, როცა მოთამაშე ცდილობს, რომ ბურთი მოწინააღმდეგის მხარეს არ გადავიდეს. მეორენაირად ამას ბურთის ტარებასაც უწოდებენ. კალათბურთელებს, რომლებსაც დრიბლინგი კარგად გამოსდით, გამთამაშებელს უწოდებენ ხოლმე. ის უნდა იყოს სწრაფი და მოხერხებული. მთავარი წესი, რაც დრიბლინგის დროს უნდა გაითვალისწინონ, ბურთის სწორად ტარებაა. მოთამაშის ხელი უნდა იყოს ბურთის თავზე. თუ დრიბლინგის დროს ის ბურთის ძირს ეხება, ის მას დაკარგავს და მეტოქისთვის დათმობა მოუწევს.
რის გამო შეიძლება დაჯარიმდეს მოთამაშე
- მოთამაშეს ეკრძალება ბურთის დაგდების გარეშე ორ ნაბიჯზე მეტის გადადგმა.
- არ შეიძლება ბურთიანად ახტომა და დახტომა.
- მოთამაშე არ უნდა გაჩერდეს მეტოქის საჯარიმო ზონაში 3 წამზე მეტი ხნით.
- მან არ უნდა დაარტყას ბურთს მუშტი.
- მოთამაშეებს ეკრძალებათ უხეშობა და სხვების ბლოკირებაც.
- საკუთარ კალათაში ბურთის ჩაგდებაც წესების დარღვევაა.
ყველა ამ წესის დარღვევისთვის კალათბურთელები ჯარიმდებიან.
ეს ჯარიმა შეიძლება იყოს ჩვეულებრივიც და პესონალური შენიშვნაც. თუ მოთამაშემ 5 პერსონალური შენიშვნა დააგროვა ერთი მატჩის განმავლობაში, ის მოედანს დატოვებს. თამაშს, ჩვეულებრივ, აკვირდება მსაჯი, რომელიც აკვირდება კალათბურთელთა ქმედებებს მოედანზე და წყვეტს, ვის მისცეს ჯარიმა ან, საჭიროების შემთხვევაში, დისკვალიფიკაცია.
რა აცვიათ კალათბურთელებს
ისევე როგორც სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენლებს, კალათბურთელებსაც თავიანთი ფორმები აქვთ. მათ უსახელო მაისურები აცვიათ, რომლებიც წინაც და უკანა მხარესაც დანომრილია. საინტერესოა, რომ ნომრები შეიძლება იყოს 4-დან 15-მდე, სხვა რიცხვები არაა ნებადართული. მათ ასევე აცვიათ შორტი და მაღალყელიანი სპორტული ფეხსაცმელი. მკაცრად უნდა იქნეს დაცული მაისურზე გამოსახული ნომრების ზომებიც. უკანა მხარეს ნომერი 20 სანტიმეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს, ხოლო სამკერდე ნომერი არანაკლებ 10 სანტიმეტრისა.
მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ
კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატი FIBA-ს, კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ღონისძიებაა. ის ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება და ფლაგმანურ მოვლენად ითვლება.
პირველი ჩემპიონატი 1950 წელს არგენტინაში გაიმართა. წელს ჩემპიონატი სამ მასპინძელ ქვეყანაში ჩატარდება: ფილიპინებში, ინდონეზიასა და იაპონიაში. სულ 32 გუნდი მონაწილეობს, რომელიც 16 დღის განმავლობაში 92 თამაშს ჩაატარებს. მასში სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული ნაკრებები მონაწილეობენ, რომლებიც მანამდე, წინასწარ ჩატარებული მატჩების მეშვეობით ხვდებიან ტურნირზე. მაგალითად, 2023 წლის FIBA-სთვის მატჩები 2021 წლის ნოემბრიდან 2023 წლის თებერვლამდე იმართებოდა, რომლებშიც 80 ქვეყნის ნაკრები იბრძოდა ჩემპიონატზე მოსახვედრად. წელს საქართველოს კონკურენციას გაუწევენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა: საფრანგეთი, ავსტრალია, ბრაზილია, ლატვია და სხვები.
ბოლო ჩემპიონატი 2019 წელს ჩატარდა და გამარჯვეული ესპანეთი გახდა, რომელმაც არგენტინის ნაკრები 95:75 შედეგით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.
იმედია, ჩვენი სტატია კალათბურთის ზოგადი წესების გარკვევაში დაგეხმარათ. ჩემპიონატის დაწყებამდე კიდევ რამდენიმე საინტერესო მასალას მოგიმზადებთ. გვადევნეთ თვალი და შეხვდით ჩემპიონატს მომზადებული!
საქართველოს კალათბურთის ნაკრების მთავარი პარტნიორია საქართველოს ბანკი.