in

kaldra.ge – უსინათლოთა საჭიროებებზე მორგებული ბლოგების ქართული პლატფორმა

Startauperi
Startauperi

ბლოგების პლატფორმა kaldra.ge-ზე მუშაობა ერთი თვის წინ დასრულდა და ის მთლიანად, უსინათლოთა საჭიროებებზეა მორგებული. ჯერჯერობით, ეს ერთადერთი ადგილია ქართულ ვებსივრცეში, სადაც მათ საკუთარი საიტის – ბლოგის შექმნა, წარმოება, შეხედულებათა გაცვლა და აზრის გამოხატვა შეუძლიათ. „კალდრას” იდეა პროგრამისტ ელენე ლაცოშვილს ეკუთვნის. მან მარტომ შექმნა მარტივი და ადაპტირებული პლატფორმა, რომელსაც დამოუკიდებლად გამოიყენებენ უსინათლოები. განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების გარდა, საიტით სარგებლობა შესაძლებელია სხვა დაინტერესებული ადამიანებისთვისაც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ უსინათლოთა აუდიტორიისთვის საჭირო ან საინტერესო ინფორმაციას ქმნიან. „კალდრა” ახალბედა პროექტია, ჯერჯერობით, პოპულარობით არ სარგებლობს, თუმცა, იგეგმება საინფორმაციო შეხვედრები შესაბამისი საჭიროების ჯგუფებთან. რა შესაძლებლობებს იძლევა საიტი, როგორია უსინათლოთა მიერ ბლოგის წერის პროცესი და რა გამოწვევების წინაშე დგას „კალდრა” – ამ საკითხებთან დაკავშირებით მარკეტერი პლატფორმის შემქმნელს – ელენე ლაცოშვილს  ესაუბრა:

M: როგორ შექმენით ბლოგების ადაპტირებული პლატფორმა და რატომ შეარქვით საიტს „კალდრა”?
დაახლოებით, 10 წელია, რაც პროგრამისტი ვარ. ინტერნეტში სტატია შემხვდა, სადაც უსინათლო ბავშვი წერდა, რომ უნდოდა პროგრამისტი გამოსულიყო. მაშინ დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ რა სირთულეები ექმნებათ ასეთ ადამიანებს ვებსისტემების გამოყენებისას. ზოგი მათგანი აქტიურად იყენებს კომპიუტერს, უბრალოდ, ქართული ვებგვერდები არ არის მათ საჭიროებებზე მორგებული, ამიტომ, გამიჩნდა სურვილი, ამ მიმართულებით მემუშავა. „კალდრა” დავარქვი იმიტომ, რომ მგონია მარტივი ასაკრეფია კლავიატურაზე და კარგად ჟღერს.

M: რა შესაძლებლობას იძლევა საიტი და როგორია მისი კონცეფცია?
„კალდრაზე”, ისევე, როგორც მაგალითად, WordPress-ზე, ადამიანი ქმნის საკუთარ საიტს – ბლოგს. აქვს კომენტირების, ინტერაქციის, საძიებო სისტემის გამოყენების, მომხმარებლებთან მიმოწერის შესაძლებლობა. უფრო დაწვრილებით კი, kaldra.ge -ზე შესაძლებელია:

  • მომხმარებლის რეგისტრაცია;
  • საკუთარი საიტის – ბლოგის შექმნა, რომელსაც ექნება მისამართი: <შერჩეული სახელი>.kaldra.ge;
  • სტატიების გამოქვეყნება;
  • საკუთარ ბლოგსა და სტატიებზე სტუმრების სტატისტიკის ნახვა;
  • სტატიებზე გამოხმაურება;
  • სხვა მომხმარებლებთან მიმოწერა;
  • სტატიების ძიება და საყვარელი ბლოგების შეგროვება.

M: რა დონეზეა ადაპტირებული ქართულ ინტერნეტსივრცეში პლატფორმები? 
შარშან, არსებობდა ფორუმი, თუმცა, დავუკავშირდი და გავიგე, რომ აღარ არსებობს. ასევე, არის საიტები, რომლებსაც აქვთ წამკითხველის ფუნქციაც, თუმცა ინტერაქციის, ასევე, ვებპლატფორმით დამოუკიდებლად სარგებლობის შესაძლებლობას, უსინათლოთათვის, არცერთი იძლევა. „კალდრაზე” შუძლიათ, შექმნან ტექსტი, გამოაქვეყნონ, ჰქონდეთ საიტი და ამ ფორმით გამოხატონ საკუთარი აზრი.

M: მიუხედავად პროგრამისტობის გამოცდილებისა, ალბათ, არ გქონიათ შეხება ადაპტირებული საიტის შექმნასთან. რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული საიტზე მუშაობა?
განსხვავებული იყო, იმისგან, რასაც სტანდარტულად ვაკეთებდი ხოლმე. ტექნიკურად, არ იყო გადაუჭრელი გამოწვევა, თუმცა სპეციფიკური მიდგომები დასჭირდა. საიტზე მუშაობისას, რჩევებისთვის მივედი უსინათლოთა სკოლაში, ინფორმატიკის მასწავლებელ კახა ცხოვრებაშვილთან და მან ამიხსნა, თუ როგორ იყენებდნენ კომპიუტერულ სისტემებს უსინათლოები, რა დამჭირდებოდა საიტის მათ საჭიროებებზე მოსარგებად და ა.შ. ასევე, საიტის ტესტირებაში დამეხმარა ერთი ძალიან ნიჭიერი ადამიანი – ბექა გოზალიშვილი, რომელიც თავად არის უსინათლო პროგრამისტი და პროგრამირების სხვადასხვა ენაზე წერს. ის არის ქართული, ხმოვანი სინთეზატორის ერთ-ერთი შემქნელი, რომლითაც ეკრანის მკითხველი გაცილებით სასიამოვნო ხმაზე საუბრობს ქართულად.

M: როგორია უსინათლოს მიერ საიტის გამოყენების პროცესი? იყენებენ ტაქტილურ ნიშნებს თუ ხმოვანად ხდება ბლოგის განთავსება?
მომხმარებელი მხოლოდ კლავიატურას იყენებს. საიტის გამოსაყენებლად, ოპერაციულ სისტემაში უნდა გაეშვას პროგრამა ხმოვანი N.V.D.A. ქართული სინთეზატორით, რომელიც კითხულობს ხმამაღლა იმას, რაც ეკრანზეა. ის ანალოგიურად კითხულობს იმას, რასაც ბრაუზერში გახსნი. ისინი უფრო აქტიურად იყენებენ კლავიატურას  და საერთოდ არ ხმარობენ მაუსს. კომპიუტერის გამომყენებელმა უსინათლოებმა იციან, ასე ვთქვათ, თუ რა „შორთქათები” გამოიყენონ ნავიგაციისთვის, კლავიატურაზე არის ტაქტილური ნიშნები ორიენტირებისთვის. 

M: გარდა მომხმარებლების მიერ შექმნილი ბლოგებისა, იგეგმება, თუ არა სხვა სახის ინფორმაციის განთავსება, იმისათვის, რომ ხელმისაწვდომი იყოს ის უსინათლოთათვის და შეეძლოთ თუნდაც კომენტირება?
ახლა ბლოგებია მხოლოდ. ჩვენს კონტენტს არ ვდებთ, ჯერჯერობით. თუმცა, ნებისმიერ მსურველს, ვისაც უნდა მისი აუდიტორია მოიცავდეს უსინათლოებს და მიაჩნია, რომ მათთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდება შეუძლია, რა თქმა უნდა, აქვს შესაძლებლობა განათავსოს პუბლიკაციები საიტზე. 

M: ერთი თვის განმავლობაში, თუ გყოლიათ უსინათლო მომხმარებლები, რომლებმაც აზრის გამოხატვის ეს გზა გამოიყენეს?
მოხმარება არ არის დიდი, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთმა მომხმარებელმა შექმნა საკუთარი გვერდი და დამოუკიდებლად შეძლო ამ ყველაფრის გაკეთება. ძალიან ცოტაა იმ უსინათლოთა რაოდენობა, ვინც ინტერნეტს იყენებს, რადგანაც ქართული საიტები არ არის ადაპტირებული. ვგეგმავ საინფორმაციო შეხვედრებსა და „კალდრას” გაცნობას უსინათლოთათვის.

2000 სტუმარი, საიუბილეო ივენთი და სიახლეები! – “მოზაიკა” 8 წლის გახდა

5 საინტერესო წუთი Eko&Vinda Folio-სთან ერთად – ქართული რიტმი