in

რას კარგავს კომპანია ქალების იგნორირებით?

ბოლო დროს კომპანიები ხშირად საუბრობენ გენდერულ თანასწორობაზე, თუმცა, რეალობა განსხვავებულია, დაპირებებიც ნაკლებად სრულდება, განვითარების გზებიც ნაკლებად იკვეთება და ხშირად ქალების დაწინაურებაც პრობლემაა… თუ ამ კომპანიებს შორის არ ხართ, შესანიშნავი ამბავია და თუ როგორღაც ამ სიაში ხვდება თქვენი ბიზნესი, ახლა გეტყვით, რას კარგავთ, როცა ქალების დასაქმებაზე თუ დაწინაურებაზე ამბობთ უარს.

მოდით, ამ საკითხზე საუბარი სტატისტიკით დავიწყოთ:

  • მრავალფეროვანი მმართველი გუნდების მქონე ბიზნესები კონკურენტებს 35%-ით უსწრებს — მიუხედავად ამისა, McKinsey & Co. study-ის მიხედვით, Fortune 500-ში შემავალი კომპანიების აღმასრულებელ პოზიციებზე ქალებს მხოლოდ 10% უკავიათ. 
  • როცა კომპანიებში ნაკლები ქალი გვხვდება ხელმძღვანელობის გამოცდილებით, აქ მომუშავე მდედრობითი სქესის თანამშრომელთა შორის ნაკლები პროდუქტიულობა შეინიშნება, ეს კი საბოლოოდ თანამშრომლების დაკარგვამდე მიგიყვანთ, რაც კომპანიას, ყველაფერთან ერთად, დამატებითი თანხაც დაუჯდება.
  • World Bank-ის მიხედვით, გენდერული ნიშნით ანაზღაურება გლობალურ ეკონომიკას 172 ტრილიონი დოლარი უჯდება…

ამგვარად, კომპანია, რომელიც ინვესტიციებს არ დებს ქალებში, მყისიერი და გრძელვადიანი შედეგების მომსწრე ხდება, უფრო ზუსტად:

კარგავს ახალი თაობის ლიდერებს

მაღალი პროდუქტიულობის მქონე ქალები ტოვებენ კომპანიებს, რომლებიც არ უჭერს მხარს მათ განვითარებას. Deloitte-ის 2024 წლის მოხსენების თანახმად, 35-წლამდე ქალების 60% დაახლოებით 2 წელში ტოვებს სამსახურს სწორედ იმიტომ, რომ განვითარებისა და დაწინაურების მკაფიო გზებს ვერ ხედავს. თუმცა, ეს უბრალოდ სტატისტიკა არ არის — შემაშფოთებელი ნიშანია, რომელიც ტალანტების გადინებაზე მიგვანიშნებს და არც გენდერულ თანასწორობას ემსახურება. 

კარგავს კავშირს განვითარებად სამომხმარებლო ბაზართან 

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქალები სამომხმარებლო დანახარჯების 85%-ს აკონტროლებენ, კომპანიას, რომელიც ამ აუდიტორიას ლიდერულ პოზიციაზე ვერ ხედავს, არ აქვს უნარი, დაუკავშირდეს და ემსახუროს ამ დიდ სამომხმარებლო ბაზას. 

კარგავს ტალანტების მოზიდვისა და შენარჩუნების შანსებს

უნდა ითქვას, რომ კონკურენტუნარიანი ორგანიზაციების უმეტესობის ბიზნესსტრატეგიაში გენდერული თანასწორობის საკითხს ვხვდებით, ხოლო, როცა ასე არ ხდება, ისინი ტოპ კანდიდატების მოზიდვის პრობლემის წინაშე დგებიან, იმ პირების, რომლებიც ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას თუ ინკლუზიურ სამუშაო ადგილს ანიჭებენ უპირატესობას.

ვერ სარგებლობს ქალებით განპირობებული ინვესტიციების ძალაუფლებით

ხშირად ქალები აყალიბებენ ფილანტროპულ და ფინანსურ სექტორებს, ინვესტიციებსა და რესურსებს სოციალური გავლენის, განათლებისა და თანასწორობის საკითხებისთვის გამოყოფენ. კომპანია კი, რომელიც მათ არ მიჰყვება, კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორობებისა და ფინანსების მოზიდვის შესაძლებლობებს უშვებს ხელიდან. 

ვერ სარგებლობს ქალი ლიდერების უპირატესობით

კვლევა გამუდმებით ერთს რამეს გვეუბნება, რომ ლიდერულ თუ გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე მყოფი ქალები მეტად ეფექტურ და მდგრად შედეგებს გვთავაზობენ, იქნება ეს ბიზნესსექტორი თუ დიპლომატია. ამგვარად, ორგანიზაცია, რომელიც ზედაპირულად უყურებს ამ მრავალფეროვან პერსპექტივებს, ინოვაციებზე, ბაზრის გაფართოებასა და გრძელვადიან წარმატებაზე ამბობს უარს. 

გამოდის, გენდერული თანასწორობა სოციალური საკითხი კი არა, ბიზნესისთვის აუცილებელი კომპონენტია, რომელიც კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებასა და უკეთესი შედეგების მიღწევაში ეხმარება მას — მომავალიც სწორედ ასეთი კომპანიებისაა…

პროკრედიტ აკადემია – უწყვეტი განვითარების შესაძლებლობა

კანდიდატების წარდგენა ნიკა გუჯეჯიანის სახელობის საპატიო ჯილდოსთვის