შემოქმედებით ინდუსტრიაში სულ უფრო მეტ ქალს ვხვდებით, თუმცა, საინტერესოა დღეს რა მიზანს ემსახურება ქალი დამფუძნებლის სტატუსი. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ასე სხვა ქალების მაგალითი ხდებიან, ეს მეტად შესამჩნევს ხდის მათ, უფრო სოლიდარობისა და ცვლილებების მანიშნებელია. ზოგი კი მეტად მოძველებულად მიიჩნევს — თუკი კაც დამფუძნებლებს არ ვიყენებთ საუბარში, არც ქალზე უნდა გავუსვათ ხაზი გენდერული ნიშნით…
საინტერესოა, რას ფიქრობენ ამ საკითხზე შემოქმედებით ინდუსტრიაში მოღვაწე ქალები, კითხვაზე პასუხს ქვემოთ შემოგთავაზებთ:
ორაზროვანი იარლიყი კარგი განზრახვებით
STUDIO.C-ის დამფუძნებელი შარლოტა ფერისი ქალი დამფუძნებლის ტიტულს რეალობის ასახვად მიიჩნევს: „როგორც ქალი, ბევრი ჩვენგანი ასოცირდება „ქალ დამფუძნებელთან“ ან „ქალის მიერ დაფუძნებულთან“, რადგან ჯერ არ ვართ იქ, სადაც გვჭირდება, რომ ვიყოთ და ეს ჩვენი გენდერის გამო ხდება. გამოწვევები და რეალობა, რომელსაც ვუმკლავდებით, მუდმივია, რადგან ქალი ბიზნესის მმართველები ვართ და აქ ურთიერთგაგება არსებობს. ზოგი კი დამამცირებლად თვლის ამ სტატუსს, მაგრამ ჩემთვის ქალი დამფუძნებელი მანიშნებელია იმისა, რომ ქალები საოცარ რაღაცებს ჩავდივართ, გენდერის გამო კი არა, არამედ იმიტომ, რომ შეგვიძლია“.
LULACREATES-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი ლუიზ ო’კანიც ამ სტატუსის ღირებულებაზე ამახვილებს ყურადღებას და გვეუბნება, რომ ქალები შემოქმედებით ინდუსტრიაში მოწინავე პოზიციებზე მაინც ნაკლებად გვხვდებიან, მხოლოდ 12%-ია მათი რიცხვი, ეს სტატუსი კი არსებულ ტენდენციას სასიკეთოდ შეცვლის.
მეტად შესამჩნევს გხდით თუ უბრალოდ შეურაცხმყოფელია?
ზოგიერთისთვის ქალი დამფუძნებლის სტატუსი პირდაპირ მეტ ხილვადობას ნიშნავს, მათ შორისაა DNCO-ს დამფუძნებელი ჯოი ნაზარიც, რომელიც თავიდან ეწინააღმდეგებოდა იდეას, რომ სტუდიისთვის ქალის მიერ დაფუძნებული ეწოდებინათ. თუმცა, ბრენდის სტრატეგიის ხელმძღვანელმა აღნიშნული სულ სხვაგვარად დაანახვა — „მან მითხრა, ეს შენთვის არ არის ჯოი, სხვა ქალებისთვისაა“. მაშინ კი გაიაზრა, რომ ასე რაღაც მნიშვნელოვანს აკეთებდა სხვებისთვის.
მიუხედავად ამისა, Denomination-ის CEO როევენა კულიევესი ამ სტატუსს მეტად კრიტიკულად უყურებს: „თავზე თავაზიანად ხელის გადასმას ჰგავს და არა, რაღაც ღირსების აღმნიშვნელს. ეს ამყარებს იდეას, რომ ქალების მართული ბიზნესი გამონაკლისია და არა, ნორმა. მირჩევნია, ჩემი ბიზნესის გავლენისა და წარმატებისთვის მაღიარონ, ვიდრე ჩემი სქესის გამო“.
საინტერესო მოსაზრებას აჟღერებს Allies-ის თანადამფუძნებელი ემა ჰეთერინგტონიც — „მესმის, რომ ეს უფრო შესამჩნევს გვხდის, მაგრამ არ მინდა ჩემი პოზიცია გენდერმა განსაზღვროს, უბრალოდ მინდა, რომ კარგი შემოქმედებითი ადამიანი ვიყო. სწორედ არსებულმა აღქმებმა მიბიძგა ნარატივის შეცვლისკენ…“.
„ქალი დამფუძნებლის“ პრაქტიკული უპირატესობები
ზოგიერთი დამფუძნებელი ტერმინს მეტად პრაგმატულად უყურებს და მათ შორისაა POD LDN-ის დამფუძნებელი ედრიენ მეიჯორი, რომელიც საკმაოდ სტრატეგიულ მიდგომას გვაცნობს: „მე ნამდვილად ვუწოდებ ჩემს თავს ქალ დამფუძნებელს ლინკდინზე, იმიტომ კი არა, რომ ასე ვხედავ თავს, არამედ იმიტომ, რომ ზოგიერთი მომხმარებელი სწორედ ქალების მართულ ბიზნესებს ეძებს. იდეალურ სამყაროში გენდერს არ ექნებოდა მნიშვნელობა, მაგრამ ახლა, ამ გზით მიღებული ხილვადობა მრავალ კარს აღებს“.
How&How-ის დამფუძნებელიც ამ კატეგორიას მიეკუთვნება: „ქალი დამფუძნებლის სტატუსი ადრე გამოვიყენე და ამას, ალბათ, კიდევ გავაკეთებ — საპატიო ნიშნად ითვლება, რადგან ჯერ კიდევ იშვიათი და ძალიან რთული ამბავია. თუმცა, მომავალში ვისურვებდი, რომ საუბრებიდან ეს გენდერული ენა ამოგვეღო“.
ამგვარად, აშკარა ხდება, რომ ტერმინის მიღებისა თუ უარყოფის მიუხედავად, მომავალს შემოქმედებით ინდუსტრიაში მოღვაწე ქალები ერთნაირად ხედავენ, სურთ, იყვნენ დამფუძნებლები და მათ უნარებს სქესი კი არა, რეალური შესაძლებლობები განსაზღვრავდეს.