in

როგორ იქმნება ქართული მოზაიკა „კამარას“ სახელოსნოში

მოზაიკის კულტურას საქართველოში ბიზანტიური ფესვები აქვს. მოგვიანებით, ხელოვნების ეს მიმართულება პოპულარული საბჭოთა პერიოდში გახდა, რის შემდეგაც კვლავაც მიეცა დავიწყებას. ბოლო წლებში, მოზაიკისადმი ინტერესმა კვლავაც იმატა – დაახლოებით, 12 წლის წინ, ქვის მასალების საწარმომ „კამარა“ ხელოვანებთან ერთად აქტიური პროექტი წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც მოზაიკური შემოქმედებისთვის სპეციალური ექსპერიმენტული სივრცე მოეწყო. სახელოსნოში სამუშაოდ კომპანიამ მხატვრები და მოქანდაკეები მიიწვია. პროექტმა გაამართლა და თანდათან კომერციული დატვირთვა შეიძინა.

„კამარას“ მოზაიკის სახელოსნო კომპანიის დამფუძნებლის, დავით მაჭავარიანის ინიციატივით დაარსდა. მიზანი ამ უძველესი სახვითი ხელოვნების დარგის აღდგენა და  დანერგვა იყო ქართულ თანამედროვე ხელოვნებაში. თავდაპირველად, სახელოსნო ექსპერიმენტულ ხასიათს ატარებდა, ვინაიდან ბუნებრივი ქვებით მოზაიკის კეთება საუკუნეების მივიწყებული იყო და პროფესია “მოზაიკოსი” არ არსებობდა. შეიკრიბა ხუთამდე მხატვარი, რომელმაც მოზაიკის კეთება კლასიკური და შერეული ტექნიკით დაიწყეს. ექსპერიმენტმა გაამართლა და მომხმარებლის დაინტერესება მოყვა,“ – გვიამბო კომპანიის მოზაიკოსმა, ვარდო ცერცვაძემ. ის უკვე მეცხრე წელია „კამარას“ მოზაიკოსთა გუნდის ნაწილია. როგორც თავად ამბობს, გუნდმა საწარმოში არსებული აბსოლუტურად ყველა დასახელების ქვა აითვისა. დღესდღეობით, „კამარა“ მომხმარებელს სრულ სერვისს სთავაზობს, ესკიზით დაწყებული, ნამუშევრის შექმნით დასრულებული.

M: სანამ „კამარას“ მოზაიკაზე ვისაუბრებთ, მიმოვიხილოთ, რა ისტორია აქვს ამ სფეროს საქართველოში?

საქართველოში მოზაიკის ისტორია იწყება ძვ.წ.აღ. III საუკუნეში, სოფ. ძალისში აღმოჩენილ ნაქალაქარში. იქ ნაპოვნია უძველესი მოზაიკის ნიმუში, რომელიც აბანოების გასახდელების იატაკის მოპირკეთებას წარმოადგენდა. უფრო გვიანი პერიოდის მოზაიკა თარიღდება V საუკუნით. ბიჭვინთის მოზაიკა, რომელიც ძალისის მოზაიკისგან განსხვავებით, ქართველი ოსტატების მიერ ადგილობრივი ფერადი ქვების გამოყენებით არის შესრულებული. შესრულების ტექნიკით ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება, აქედან გამომდინარე, უნდა ვიფიქროთ, რომ საქართველოში მოზაიკის ერთი ძლიერი სკოლა იყო რომელიც რომაული სტილის დიდ გავლენას ატარებდა, რაც შეეხება კედლის მხატვრობას, ჩვენ გვაქვს უნიკალური ნიმუში – XII საუკუნის გელათის მოზაიკა, რომელიც ძალიან განსხვავდება მანამდე არსებული ნიმუშებისგან და თავისი დინამიკურობით გამოირჩევა. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან იგრძნობა დარგის განვითარების მხრივ წინ გადადგმული ნაბიჯები და ავტორის ინდივიდუალური ხასიათი უფრო მეტად ჩანს.

საქართველოში მოზაიკა მასიურად XX საუკუნეში გავრცელდა – ე.წ. საბჭოთა მოზაიკები, რომლებიც უხვადაა მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე მოფენილი. კომუნისტებმა მოზაიკას შეუცვალეს მნიშვნელობა და საკუთარი იდეოლოგიის გამავრცელებელ იარაღად გამოიყენეს. არანაირი კულტურული დანიშნულება აღარ ჰქონდა და გაჯერებული იყო საბჭოთა სიმბოლიკებით. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ სოციალისტური ხელოვნების ორომტრიალში ცოტა, მაგრამ მაინც შეიძლება მოიძებნოს, საბჭოთა იდეოლოგიის ბრჭყალებისგან თავისუფალი ნამუშევრები, რომლებიც სამწუხაროდ, ან კერძო საკუთრებაშია ან სახელმწიფოს ბალანსზეა და ნადგურდება.

M: რა როლი გაქვთ „კამარას“ მოზაიკოსებს ამ სფეროს აღორძინებაში?

ვცდილობთ, პოპულარიზაცია გავუწიოთ თანამედროვე მოზაიკას და გავაცნოთ ხალხს ჩვენს სახელოსნოში შემუშავებული სხვადასხვა ტექნიკა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა ვორკშოპები, რომლებიც უზრუნველყოფილი ინებოდა ყველა სახის  სამუშაო ინვენტარით და დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემდა უშუალოდ გასცნობოდნენ მუშაობის პროცესს და თავადაც მიეღოთ ამ პროცესში მონაწილეობა. ჩავატარეთ კიდეც, არა მხოლოდ თბილისში არამედ რეგიონებშიც და როგორც მოსალოდნელი იყო ამ ღონისძიებამ  დიდი დაინტერება გამოიწვია. ვთანამშრომლობთ სხვადასხვა შემოქმედებით ჯგუფთან და ვგეგმავთ, უფრო მასშტაბური ხასიათი მივცეთ ამ ყველაფერს. თუმცა, უნდა აღვნიშნო, პანდემიამ ძალიან შეგვიშალა ხელი.

M: „კამარას“ მოზაიკის ხელოვნებაზე გვიამბეთ…

ჩვენ მიერ დამზადებული მოზაიკა არ მიეკუთვნება რაიმე კონკრეტულ სტილს, ვერც რომელიმე კულტურის გავლენას ვერ იგრძნობთ. ჩვენი ნამუშევრები არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი, ინდივიდუალური ხასიათის მატარებელი, რომელიც არ მეორდება, მასალის თავისებურებიდან გამომდინარე. თვითონ ბუნებრივი ქვა იმდენად მრავალფეროვანია, ზედმეტ ჩარევას არც საჭიროებს, მთავარია, იცნობდე მასალას და მასთან ჰარმონიულ ურთიერთობაში იყო. ყველანაირი მცდელობა შენს ჭკუაზე წამოიყვანო, კრახით მთავრდება, პირიქით, უნდა მოერგო მის ხასიათს. ძალიან საინტერესოა ბუნებრივ მასალასთან მუშაობა – წარმოიდგინეთ, ყოველდღე ცოცხალ ორგანიზმთან გაქვთ შეხება, რომელიც არასდროს არაა ერთნაირი.

M: რომელია თქვენი რჩეული მოზაიკა, რაზეც გიმუშავიათ?

ჩვენ მიერ შესრულებული პროექტებიდან, გამოვარჩევდი ბოლო დროს გაკეთებულ ერთ-ერთ მასშტაბურ პროექტს აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრში. ჩვენი ურთიერთობა აბსოლუტური ნდობით დაიწყო. ჩვენ უნდა აგვეთვისებინა უზარმაზარი კედელი, რომელიც იქნებოდა სიცოცხლესთან, ხალისთან ასოცირებული, რომელიც მნახველში გამოიწვევდა მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურ განწყობას. ამავდროულად, ეს არ უნდა ყოფილიყო რაიმე რთული კომპოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი სწორი ვარიანტი საკურას მსუბუქი და ჰაეროვანი ყვავილები იყო, ჩვენ მაინც შევთავაზეთ რამდენიმე ესკიზი. საბედნიეროდ, ჩვენი და დამკვეთის ინტერესები დაემთხვა და არჩევანი “საკურას ყვავილობაზე” შეაჩერეს. პროექტი ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასალად გამოვიყენეთ რამდენიმე სახეობის მარმარილო, ონიქსი, გრანიტი, ტრავერტინი და კვარცი. მოზაიკა შერეული ტექნიკით შესრულდა.

ამ პროექტზე მუშაობის ხუთთვიანი პერიოდი ცალკე ისტორიაა და ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ. პროცესში უამრავჯერ შეიცვალა და დაიხვეწა ესკიზი, შეიცვალა მასალებიც და მრავალფეროვანი გახდა შესრულების ტექნიკაც. ზოგადად, ხანგრძლივი პროექტების დამახასიათებელი თვისებაა, პროცესის დროს ცვლილებები, რომლებიც ძალიან ამართლებს ხოლმე.

M: რა ეტაპზეა მოზაიკის მიმართულება ახლა და რას გეგმავთ? 

ვინაიდან მოზაიკის დამზადება არც თუ ისე მცირე ხარჯებთანაა დაკავშირებული, მასალისა და შესრულების სირთულიდან გამომდინარე, დიდი ზომის მოზაიკის რეალიზაცია იმ ინტენსიურობით არ ხდებოდა, რაც საჭირო იყო მისი პოპულარობისთვის. ამიტომ შევიმუშავეთ ისეთო ფორმის და ზომის ნიმუშები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნებოდა, როგორც ზომის, ასევე ფასის მხრივაც, სწორედ ასეთ ნიმუშს წარმოადგენს ჩვენი საახალწლო სათამაშოების კოლექცია, რომელსაც უკვე მესამე წელია სისტემატიურად ვთავაზობთ მომხმარებელს. ასევე მოზაიკები საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხედებით, ეს უკანასკნელი ტურისტულ სექტორზეა გათვლილი და დიდი პოპულარულობით სარგებლობს.

უახლოეს მომავალში, ვგეგმავთ თანამედროვე მოზაიკა უფრო ფართო მასშტაბებით გავაცნოთ ახალგაზრდა თაობას, თანამშრომლობას ვაპირებთ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან და ვფიქრობ, დაუღალავი შრომა და მონდომება აუცილებლად გამოიღებს შედეგს.

 

[R]

BTU ტექნოლოგიების ფესტივალს თბილისსა და ქუთაისში ჩაატარებს

CENN-ის ორგანიზებით, თბილისში, სოციალური და მწვანე საწარმოების გამოფენა ტარდება