in

მანქანის კამერები – სტანდარტი, რომელიც რბოლიდან საყოფაცხოვრებო ავტომობილებში გადმოვიდა

1979 წელს CBS-მა გააშუქა რბოლა, Daytona 500, რომელმაც წარმოადგინა მანქანის LIVE კამერები. მანქანა, რომელშიც პირველი კამერა ჩამონტაჟდა, ბენი პარსონს ეკუთვნოდა. ასე დაიბადა კამერების ცნება ავტოინდუსტრიაში და მას შემდეგ ნელ-ნელა დაიწყო განვითარება.

მაშინ ალბათ ჯერ კიდევ ვერ წარმოიდგენდნენ, რომ დადგებოდა დრო, როცა კამერები მანქანებისთვის სტანდარტად იქცეოდა. თუმცა დღევანდელი, 2022 წლის გადმოსახედიდან, გაგვიჭირდება ისეთი ავტომობილის პოვნა, რომელსაც უსაფრთხოებისთვის კამერა არ აქვს დაყენებული.

პირველი წლები

გამოჩენიდან პირველი ორი წლის განმავლობაში მანქანების კამერები სტაციონარული იყო. 1981 წლიდან კი გამოვიდა ისეთები, რომელთა მართვაც დისტანციურად იყო შესაძლებელი. ამის შემდეგ ყველა რბოლაზე კამერები გამოიყენებოდა. თუმცა ისინი ჯერ კიდევ არ ჩანდა ჩვეულებრივ, საყოფაცხოვრებო მანქანებში.

მანქანის კამერა, როგორც მარკეტინგული ხელსაწყო

80-იან წლებში რბოლები თითქმის აღარ ტარდებოდა მანქანაში ჩამონტაჟებული კამერების გარეშე. ისინი მარკეტერებისთვის ერთგვარ ხელსაწყოებადაც იქცა, რადგან სპონსორებმა და გუნდებმა მისი დახმარებით რეკლამების გაშვება დაიწყეს. 

კამერა, როგორც უსაფრთხოების სისტემა

წლების განმავლობაში არაერთი კვლევა დაგროვდა იმის შესახებ, რომ მანქანაში დაყენებული კამერა მნიშვნელოვნად ამცირებს ავარიების ალბათობას. მეტიც, 2018 წელს აშშ-ში გამოვიდა ფედერალური რეგულაცია, რომელიც მოითხოვდა, რომ ქვეყანაში გაყიდულ ყველა ახალ მანქანას სარეზერვო კამერები ჰქონოდა. მათი დახმარებით, ავტოსაგზაო შემთხვევების დროს არაერთი სიცოცხლე გადარჩა.

90-იანი და 2000-იანი წლები

1991 წელს Toyota Soarer Limited იყო მოდელი, რომელშიც სპეციალური CCD კამერა იყო დაყენებული და ის მრავალხედვის ფერად ეკრანთან იყო დაკავშირებული. მართალია, Toyota-მ მალევე შეწყვიტა Soarer-ის წარმოება, მაგრამ ინოვაცია მაინც იდეად დარჩა სხვა მწარმოებლებისთვის, რომლებმაც ნელ-ნელა დაიწყეს ფიქრი საკუთარ მოდელებში კამერების ჩაყენებაზე.

უფრო მეტად პოპულარული გახდა კამერების წარმოება 2000-იანი წლიდან. Nissan-მა 2002 წლის Infiniti Q45 სედანი ნიუ-იორკის საერთაშორისო ავტო შოუზე წარადგინა. მანქანას საბარგულში კამერა ჰქონდა დამაგრებული. ის გადასცემდა კადრებს სალონში დამონტაჟებულ ეკრანზე, რომელსაც მძღოლი პარკირებისთვის გამოიყენებდა. 

ამის შემდეგ უკვე Cadillac-მა შემოიტანა კამერები თავის მანქანებში, რამაც მასშტაბური სახე მიიღო. Cadillac-მა შექმნა ამ კამერისა და დისპლეის კომბინაცია, რათა მძღოლის მხედველობის ველი 300%-ით მეტად უზრუნველეყო, ვიდრე ამას ტრადიციული უკანა ხედვის სარკეები აკეთებდა.

შედეგები

კომბინირებულმა ტექნოლოგიამ, რომელმაც ავტომობილის უსაფრთხოება გაზარდა, გააჩინა მოთხოვნა, რომ ყველა თანამედროვე მანქანას ჰქონდეს კამერები. 

იყო დრო, როდესაც მხოლოდ მაღალი დონის მოდელებს ჰქონდათ ჩამონტაჟებული სარეზერვო კამერები და რამდენიმე პარალელური პარკირების კამერაც კი. დღესდღეობით მანქანის კამერის ტექნოლოგიამ პიკს მიაღწია და ის ამაზე გაჩერებას არ აპირებს, რადგან უახლეს მანქანებში სულ უფრო დახვეწილი სისტემებია წარმოდგენილი. ეს ეხება არა მხოლოდ პარკირებისა და უსაფრთხოების კამერებს, არამედ სახის ამომცნობ სისტემებსაც და ნებისმიერ პროგრამას, რომლისთვისაც აუცილებელია კამერიდან კომპიუტერზე ინფორმაციის გადატანა.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

Lipton – ბრენდი, რომლის ისტორიაც თავიდან ბოლომდე მისმა დამფუძნებელმა დაწერა

50%-იანი ფასდაკლება ძრავის ზეთის შეცვლის სრულ სერვისზე – Black Friday „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“