in ,

„კამპა” რებრენდინგისთვის ემზადება – როგორი იქნება განახლებული ბრენდი?!

 „კამპა” რებრენდიგისთვის ემზადება. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ,  სურთ, მომხმარებელს თავი ახლებურად დაანახონ და აქვთ ამბიცია, ბაზარზე წამყვანი პოზიცია დაიკავონ. მანამდე კი ბრენდს გარდამავალი პერიოდი აქვს, რომელსაც აქტიურად იყენებს კომუნიკაციისთვის.

კონკრეტულად რა აქტივობებს  მოიცავს გარდამავალი პერიოდი და როგორი იქნება საბოლოოდ განახლებული „კამპა”, Marketer.ge კომპანიის მარკეტინგის მენეჯერს, ნათია ნოზაძეს ესაბურა:

„ქართული კომპანია „კამპა” 2008 წელს დაარსდა. საწარმო მდებარეობს საგურამოში და აწარმოებს 30-მდე დასახელების პროდუქტს, 3 სავაჭრო ნიშნის ქვეშ (კამპა, ჩვენი და Frutata). პროდუქციას ვაწარმოებთ Tetra Pak-ის ასეპტიკური ტექონლოგიით. წლების განმავლობაში „კამპამ” ბევრი ცვლილება განიცადა, როგორც ტექნოლოგიის, ისე შეფუთვის კუთხით. ახორციელებდა აქტიურ სარეკლამო კამპანიას. სწორედ ამ დროს შეიქმნა სლოგანი: „ჩემი, შენი, ჩვენი წვენი”. 2013 წელს განხორციელდა ფართომასშტაბიანი ცვლილებები და „კამპა” ბაზარზე ახალი პაკეტით გამოჩნდა. თუმცა, არ შეცვლილა შეფუთვის დიზაინი. შეფუთვის დიზაინის ცვლილების საჭიროებაზე ბოლო კვლევაც მიგვითითებს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ რებრენდინგის განხორციელება, რომელიც ეტაპობრივად მოხდება.

M: ახლა რა ეტაპზე ხართ?

ახლა გვაქვს გარდამავალი პერიოდი. რის შემდეგაც ვგეგმავთ რებრენდინგს. გვინდა, ჩვენი პროდუქტი იყოს თანამედროვე ადამიანებისთვის და ატარებდეს საამაყო ქართულ ხასიათს. ჩვენი მომხმარებელი პროდუქტით კმაყოფილია. თუმცა, ვიზუალური მხარე და ბრენდის კომუნიკაციის გარკვეული ელემენტები მოძველებულია. სწორედ ამიტომ გადაწყდა ამ ცვლილებების განხორციელება.

M: რას ითვალისწინებს გარდამავალი პერიოდის აქტივობები?

ამ ეტაპზე გვსურს მომხმარებლებს შევახსენოთ თავი, გავახსენოთ კარგად ნაცნობი სლოგანი – „ჩემი, შენი, ჩვენი წვენი”. ოღონდ, უკვე სხვა, განახლებული დატვირთვით. გვსურს წარმოვაჩინოთ ახალი მიდგომა, როგორ ვხედავთ მომხმარებელს. ეს არის ქართული, პოზიტიური მუხტის მატარებელი ოჯახი. გარდამავალი პერიოდის აქტივობების ფარგლებში, საზოგადოებამ უკვე იხილა პირველი რეკლამა, რომელიც გადაიღო სარეკლამო კომპანიამ „ედვენი“. ვფიქრობთ, თანამშრომლობა შედგა. ჩვენი მთავარი სათქმელი, ამ შემთხვევაში იყო, რომ ყველა ოჯახში არის აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, არსებობს რაღაც, რაზეც ყველა თანხმდება. სწორედ ასეთი პროდუქტია „კამპას” წვენი.

M: რაც შეეხება რებრენდინგს . . .

რებრენდინგი, სავარაუდოდ, წლის ბოლოს განხორციელდება. გვინდა, ახლებურად დავანახოთ თავი მომხმარებელს და გვაქვს ამბიცია ბაზარზე წამყვანი პოზიცია დავიკავოთ. სწორედ ეს არის ცვლილებების მიზანიც. განახლებულ „კამპას” ექნება ის ღირებულებები, რაც გარდამავალ პერიოდში გვაქვს და დაემატება გარკვეული მახასიათებლები. ჩვენი პროდუქტი შექმნილია ქართული ოჯახებისთვის, მაგრამ  ქართული ჩვენთვის არ ნიშნავს ძველებურს და ძალიან ტრადიციულს, არამედ ის , რაც დღეს არის ქართული და როგორიც მომავალში წარმოგვიდგენია. რაც შეეხება ოჯახის თემას: არ გვინდა ჩვენი გმირები სტანდარტული, „ბედნიერი ოჯახის” წევრების პროტოტიპი იყვნენ. ისინი უნდა გავდნენ რეალურ ადამიანებს ვიზუალურადაც და იდეურადაც. კომუნიკაციის არც ერთ ეტაპზე, არ გამოვიყენებთ ხელოვნურ ადამიანებს და სიტუაციებს.

სკოლის ეზოში აირწინაღებით მოთამაშე ბავშვები – ვიდეორგოლი ჰაერის დაბინძურების კრიტიკულ მაჩვენებელზე

ქვევრი ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში – ბორდოში გამოფენა „საქართველო – მეღვინეობის აკვანი” გაიხსნა