რა სჭირდებათ ყვავილებს? რამდენიმე ძალიან მარტივი ხელისშემწყობი ფაქტორი: მზე, წყალი, მოვლა და მეგობრული გარემო, იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, გაიხაროს და გარშემომყოფებსაც სიამოვნება მიანიჭოს. თუმცა, ყველა ყვავილი, როდია მისაღები საზოგადოებისთვის, არიან ისეთებიც, რომლებიც ერთი შეხედვით არც ვიზუალურად გამოირჩევიან და არც სურნელით, მაგრამ მათაც ისეთივე მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ ჩვენს ეკოსისტემაში, როგორც სხვა დანარჩენებს. რატომ ყვავილები? იმიტომ, რომ მათ მიმართ დამოკიდებულება ძალიან ჰგავს ადამიანების ერთმანეთთან ურთიერთობას. ცნობილი მომღერლის Frances–ის, ორგანიზაცია Refuge–ისა და სარეკლამო სააგენტო BBH–ის ახალი ერთობლივი მუსიკალური ვიდეგროლი, სწორედ ამ დამოკიდებულებებს და ურთიერთობებს გამოხატავს. ანიმაციურ რგოლში ახალგაზრდა ემიგრანტ ქალბატონს იმდენად აქვს საკუთარი თავის რწმენა დაკარგული, რომ მოჩვენებად არის ქცეული. დადის ქუჩებში სულ მოწყენილი და თავდახრილი, მანამ სანამ დახმარების ხელს არ გაუწოდებენ.
მუსიკალური ანიმაცია, არაჩვეულებრივად გამოხატავს იმ რეალობას რაც ჩვენს გარშემო ხდება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ 4 წუთიანი რგოლის ბოლოს, ანიმაცია რეალობად იქცევა და ერთი შეხედვით გამოგონილი პერსონაჟის მიღმა რეალურ ქალბატონს ვხედავთ, სახელად მელანი კლარკს. მელანი იმ ქალბატონების მრავალრიცხოვან სიაშია, რომლებიც, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი არიან, თავიანთი წარმომავლობის გამო. მელანი თითქმის ნახევარი ცხოვრებაა მეუღლისგან შეურაცხყოფასა და უხეშ მოქცევას იტანს. ამ კაპანიის, ზოგადად ორგანიზაციის მიზანი კი ასეთი ადამიანების აღმოჩენა და მათი მხარდაჭერაა, გარდა ამისა, საზოგადოებაში პრობლემის სირთულის მიმართ ცნობიერების ამაღლებაც.












