in

„თოჯინას ძალიან მცირე ვადასა და შრომასთან შეუსაბამო ფასში ვამზადებდით“ – „კამუსიას“ #შეცდომები  

„ვფიქრობ, ზუსტად იმ შეცდომებით სავსე გავლილი გზის დამსახურებაა ის, რომ ჩვენს სფეროში დღეს ასეთი წარმატებულები და განვითარებულები ვართ“.

Startauperi
Startauperi

მარკეტერი წარმოგიდგენთ რუბრიკას – #შეცდომები, რომლის ფარგლებშიც, ქართველი სტარტაპერები მოჰყვებიან ბიზნესის კეთებისას/დაწყებისას დაშვებული ყველაზე დიდი და გამოცდილების თვალსაზრისით, ღირებული შეცდომ(ებ)ის შესახებ. ამ შემთხვევაში, ადამიანის პროტოტიპით შექმნილი, ხელნაკეთი, კრეატიული და ორიგინალური თოჯინების ბრენდ „კამუსიას“ თანადამფუძნებელი, ლიანა ქობალია გვიზიარებს სტარტაპის გამოცდილებას:

„კამუსიას“ იდეა როდესაც გაჩნდა, მაშინვე შევთავაზე დედას (თამარ სამსონია), რომ ადამიანის პროტოტიპი თოჯინების შექმნა დაეწყო. იდეა ძალიან მალე განხორციელდა, თუმცა ამ ყველაფერს ჰობისა და ექსპერიმენტის სახე უფრო ჰქონდა, ვიდრე გამიზნული ბიზნესიდეის. რამდენიმე თოჯინის შექმნის შემდეგ, დაინტერესებასთან ერთად, მომხმარებელიც მოგვემატა და ნელ-ნელა კამუსია სტარტაპად გადაიქცა.

ჩვენი მთავარი შეცდომები იყო ის, რომ მომხმარებლისა და პროდუქტის ხარისხის ზრდასთან ერთად, ჩვენი პირობები არ იცვლებოდა. პროდუქტის დამზადების დრო და ფასი არ შეესაბამებოდა შრომას.

დარწმუნებული ვარ, ყველა სტარტაპისთვის ძალიან ემოციური და აზარტულია პირველი აქტიური გაყიდვები. ჩვენთანაც ზუსტად ასე მოხდა, უბრალოდ, ამ ყველაფერთან ერთად, ასევე, ვზარალდებოდით. ფაქტობრივად, მხოლოდ ენთუზიაზმზე ვმუშაობდით, ძალიან მცირე ვადასა და შრომასთან შეუსაბამო ფასში ვამზადებდით თოჯინას. უარს ვერცერთ ადამიანს ვერ ვეუბნებოდით, ძალიან გამოუცდელები ვიყავით და მიუხედავად იმისა, რომ ვერ ავუდიოდით შეკვეთებს, გვერჩივნა, ძილი ან კვება მოგვეკლო და უარით არცერთი ადამიანი არ გაგვესტუმრებინა.

ამ ყველფერთან ერთად, თოჯინას ნებისმიერ მისამართზე ჩვენითვე ვაწვდიდით ადრესატს. ესეც ძალიან ბევრ დროს გვართმევდა. ვფიქრობ, ამ დიდი შეცდომების მიზეზი იყო ის, რომ ჰობიდან ქცეული ზღვა შეკვეთების გამო, დაგეგმვა და ფიქრიც კი ვერ მოვასწარით.

დღე და ღამე „კამუსიას“ თოჯინების შექმნას ვუთმობდით, სხვა ყველა საქმე გადადებული გვქონდა, საჭმლის ჭამასაც ვერ ვასწრებდით ხოლმე, ვიფიტებოდით, თუმცა მაინც ძალიან ბედნიერები ვიყავით, რადგან ხალხისგან ამხელა დაინტერესება და დადებითი შეფასება მოდიოდა.

ნელ-ნელა განვითარებაზე ფიქრიც დავიწყეთ. ამ საქმეს სერიოზულად შევხედეთ, პირველ რიგში, ჩვენი შრომა ადეკვატურად შევაფასეთ, შემდეგ ყველაფრის დავთვალეთ, დავიანგარიშეთ და აქედან გამომდინარე, ლოგიკურ ვადებამდე და ფასამდე მივედით.

ამ ეტაპზე მიგვაჩნია, რომ ყველა ის შეცდომა, რომელიც დავუშვით, გამოსწორებულია. „კამუსიას“ ხარისხიც საგრძნობლად გაზრდილია და ასევე, დამზადების ვადაცა და საფასურიც ლოგიკურია, შრომისა და ხარისხის შესაბამისად.

შეცდომები ნორმალურია, მთავარია, ამის გააზრება და გამოსწორება შეგვეძლოს. „კამუსიამ“ საკუთარ შეცდომებზე ისწავლა და მთელი ენერგია განვითარებაში ჩადო.

ნახეთ: პერსონაჟებად ქცეული საკვების ილუსტრაციები საკვების სახალისო ილუსტრაციები

ლეონარდო და ვინჩის ახალი საგვარეულო ხე – 21 თაობა და 14 ცოცხალი შთამომავალი