29
Nov
2018

კონკრეტული ადამიანის პროტოტიპი თოჯინა, ანუ „კამუსია“, როგორც საჩუქარი

29 Nov 2018

Startauperi
Startauperi


კამუსია“ ორიგინალური საჩუქრის ჩუქების შესაძლებლობაა, ანუ სტარტაპი, რომელიც თქვენი მეგობრის პროტოტიპ თოჯინას დაამზადებს.

„კამუსიას“ იდეა თამარ სამსონიას, დაახლოებით, ერთი წლის წინ გაუჩნდა. ეს იყო მისი შვილის დაბადების დღეზე, როცა მან შვილის პროტოტიპი თოჯინა დაამზადა. დღეს, იმისათვის, რომ თქვენი მეგობრისთვის ორიგინალური და ექსკლუზიური საჩუქარი შეარჩიოთ, შეგიძლიათ მისწეროთ თამარს, გაუგზავნოთ მეგობრის ფოტო, ის კი 4 დღეში ეცდება თქვენი მეგობარი თოჯინა შექმნას.

თამარ სამსონია

თამარი ტანსაცმლის დიზაინზე სწავლობდა. ამბობს, რომ მისი მთელი ცხოვრება კერვასა და დიზაინს უკავშირდება და მუდმივად ცდილობს საქმეში სიახლე იპოვნოს:

აქამდე ბევრი რამ მიკეთებია, მაგალითად, ვქმნიდი საკარნავალო კოსტიუმებს ბაღებისთვის. ახლა ვიტრინების საახალწლო დიზაინზე ვმუშაობ, სხვადასხვა შეკვეთის ფარგლებში. მუდმივად ვცდილობ რაღაც ახალი, პირველ რიგში, ჩემთვის საინტერესო მიმართულება აღმოვაჩინო და მისით დავკავდე. მორიგი ასეთი რამ „კამუსიაა“, მით უფრო მაშინ, როცა თოჯინების მიმართულებით გამოცდილება არ მქონია. ამ საკითხში, ფაქტობრივად, თვითნასწავლი ვარ“.

„კამუსია“ საზოგადოების წინაშე 2018 წლის აპრილიდან გამოჩნდა, მას შემდეგ, როგორც თამარი ამბობს, დიდი იყო დაინტერესება და შეკვეთები. კონკრეტული ადამიანის პროტოტიპი თოჯინის შესაქმნელად, თამარს მისი ფოტო სჭირდება. აქცენტი საჩუქრის ადრესატის ჩაცმულობაზე კეთდება:

ფოტოზე ადრესატისთვის დამახასიათებელი ჩაცმის სტილი, ერთგვარი „ლუქი“ უნდა ჩანდეს. გამომდინარე იქიდან, რომ კამუსიას თოჯინებს სახეზე მხოლოდ თვალები აქვთ (კონკრეტულ შემთხვევებში წვერიც), ადრესატმა თოჯინაში საკუთარი თავი ჩაცმის სტილით, ტანსაცმლითა და აქსესუარებით უნდა ამოიცნოს“.

„კამუსიას“ პროდუქცია, ძირითადად, ნაჭრებისგან იქმნება. თუმცა, თუ თამარი შესაბამის ფაქტურას ვერ პოულობს, ცდილობს თავად შექმნას. იყენებს პოლიმერსა და თიხას, როცა აქსესუარია გასაკეთებელი.

თამარი ამბობს, რომ ბაზარზე მსგავსი სტარტაპები არსებობს, თუმცა, მათგან ხარისხი და თოჯინისა და ადრესატის მსგავსება გამოარჩევს. ამჟამად, „კამუსია“ იღებს შეკვეთებს საქართველოს მასშტაბით, თუმცა, თამარის გეგმებში მისი, როგორც ბიზნესის განვითარება არ შედის. მისი გეგმები დიზაინის კუთხით, სხვა სახის საქმიანობას უკავშირდება. მომავალში კი, შესაძლოა, „კამუსია“ თამარის ჰობად დარჩეს.

განხილვა