რამ შეიძლება შეაფერხოს ინტერნეტის მიწოდება? მიზეზი ძალიან ბევრია, იქნება ეს სერვერების დაზიანება თუ ინტერნეტ-კაბელის გაწყვეტა. თუმცა შემთხვევა, რომელზეც ახლა გიამბობთ, უპრეცედენტოა – ბრიტანეთის კოლუმბიაში 900-მდე მომხმარებელს Telus-ის ინტერნეტზე წვდომა 36 საათის განმავლობაში შეუწყდა, რისი მიზეზიც თახვების მიერ მიწისქვეშა ბოჭკოვანი კაბელების დაღრღნა იყო…
“ჩვენი კაბელები კაშხალებთან ახლოს იყო გაყვანილი და, როგორც ჩანს, თახვებმა მიწის თხრასთან ერთად მიაღწიეს კაბელს, რომელიც დაახლოებით სამი მეტრის სიღრმეშია მოთავსებული და 4.5 დიუმიანი სისქის მილით არის დაცული” – ნათქვამია Telus-ის განცხადებაში. აშკარაა, თახვებმა კაბელის მასალები კაშხლისთვის გამოიყენეს! მერე რა მოხდა, რომ ადამიანები სულ რაღაც 36 საათით უინტერნეტოდ იყვნენ? – ამ დროს ხომ თახვები მნიშვნელოვან საქმიანობას ეწეოდნენ…
როგორც კომპანია აღნიშნავს, შეფერხება ინტერნეტთან ერთად მობილურისა და სატელევიზიო მომსახურებასაც შეეხო. “ჩვენმა ეკიპაჟმა დამატებითი აღჭურვილობა და ტექნიკოსები გამოიყენა, რათა დაედგინათ, რამდენად მასშტაბური იყო დაზიანება. მათ საკმაოდ რთულ პირობებში უწევდათ მუშაობა, რადგან ზედაპირი ნაწილობრივ გაყინული იყო” – აღნიშნავს კომპანია.
რას ვიზამთ, მიუხედავად იმისა, რომ თახვი კანადის ეროვნული ცხოველია, მას არაერთგვაროვანი რეპუტაცია აქვს – გარემოს დაცვის წარმომადგენლებს ის ძალიან უყვართ, რადგან კაშხლის მშენებლობის უნარ-ჩვევები ეკოლოგიური სარგებლის მომტანია. მაგრამ თახვის ძლიერი კბილები, შესაძლოა, დიდი ზიანის მომტანი აღმოჩნდეს.
ბოჭკოვანი ხაზების სიჭარბის ნაკლებობა
აღნიშნული შემთხვევა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ინტერნეტ-სერვისის დაზიანება სხვადასხვა გზით. გასულ თვეში მასაჩუსესტის დასავლეთ ნაწილში 2000 მომხმარებელს შეუწყდა ინტერნეტკავშირი, როდესაც ცეცხლმოკიდებულმა ხემ კაბელი დააზიანა.
“რთული მისახვედრი არ არის, რატომ ხდება მსგავსი შემთხვევები სოფლებში. აქ ინტერნეტთან წვდომისთვის იმავე ბოჭკოვან ხაზებს იყენებენ, რომლებიც წლების წინ შეიქმნა სატელეფონო მომსახურებისთვის” – წერს სატელეკომუნიკაციო კონსულტანტი, დუგ დოუსონი. ამ პრობლემას კი ის სამწუხარო ამბავი ემატება, რომ არავინ ცდილობს საკითხის მოგვარებას…