სტენლი არიანტოსთვის ფოტოგრაფია ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ კადრის მიღება. აქ ყველაფერი თავგადასავლებს ეხება… იგი ამჯერად კანადის კლდოვან მთებში ყინულის გამოქვაბულებს ეძებს. მიუხედავად იმისა, რომ ცივ გარემოს ჩვეულებრივ არ იღებდა, ავსტრალიელთა ჯგუფთან შემთხვევითმა შეხვედრამ ყველაფერი შეცვალა…
აღნიშნულ გუნდს კანადის სამუშაო ვიზა ჰქონდა მიღებული და ქვეყნის კლდოვან ადგილებში გადაადგილებას აპირებდა, ფოტოგრაფმა კი მათთან შეერთება გადაწყვიტა. მოგზაურობის კვლევისას ის თვალწარმტაცი ყინულის გამოქვაბულების ფოტოებს წააწყდა და თან, იმასაც მიხვდა, რომ ამ ადგილების სანახავად ათლეტურობის მაღალი დონე იყო საჭირო. ამიტომ, როგორც კი კანადაში მოხვდა ფოტოგრაფ ლუდოვიკ ლაბე-დუსეტს დაუკავშირდა, რომელიც მყინვარებზე ნავიგაციაში განსწავლული იყო.
თავგადასავალიც სწორედ აქედან იწყება — მას შემდეგ, რაც არიანტომ უსაფრთხოების რამდენიმე კურსი გაიარა, იგი ლაბე-დუსეტსთან ერთად შორეული ტერიტორიის შესასწავლად გაემგზავრა. მათ ერთად 4 სხვადასხვა ყინულის გამოქვაბული გამოიკვლიეს. ამ მოგზაურობაში დიდი როლი კი სწორედ ლაბე-დუსეტს მიუძღვის, რადგან მან არიანტოს რჩევებიც გაუზიარა, თუ როგორ უნდა გადაეღო საუკეთესო კადრები ასეთ გარემოში.
„ყინულის გამოქვაბულის პოვნა არ არის მარტივი საქმე, თანაც, გლობალური დათბობის პირობებში, ამისთვის ხშირად ხანგრძლივი ლაშქრობაა საჭირო, მაშინაც კი, როცა მყინვარს მიაღწევთ, შესაძლოა, იგი ვერ იპოვოთ. ხოლო, როცა პირველად ყინულის გამოქვაბულს მივუახლოვდით, გაოცებული ვიყავი, სიტყვები დავკარგე. კამერა ავიღე და გადაღება დავიწყე. თუ აქ მზიან ამინდში მოხვდებით, ყინულის ელექტრო ლურჯი ფერის დაფიქსირებასაც მოახერხებთ, ხოლო თუ გაგიმართლათ, ყინულის გამოქვაბულში სრიალსაც შეძლებთ“, — ამბობს არიანტო.
როგორც ხედავთ, ყველა გამოქვაბული თავისი ფორმებით უნიკალურია, გამოსახულებები გამორჩეულად ესთეტიკურიცაა, მაგრამ ამავდროულად წარმოუდგენელი…
„ბევრი რამის გაკეთება შეგვეძლება, თუ ჩვენს დროს, გონებასა და ძალისხმევას ჩვენი ოცნებების ასასრულებლად დავხარჯავთ. ადრე ინჟინრად ვმუშაობდი და მომთაბარე ფოტოგრაფობაზე არასდროს მიფიქრია, მაგრამ კანადის მთებში მისვლისას მივხვდი, რომ მე მივყვებოდი იმ გამოცდილებას, რომელიც ყოველთვის მინდოდა“, — აცხადებს არიანტო.