in ,

ნამუშევრები, რომლებიც საქართველოდან კანის კრეატიულ ფესტივალზე გაიგზავნა

კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული სარეკლამო ფესტივალია. ფესტივალი უკვე 62 წელია ტარდება. 2016 წელს საქართველოდან 28 ნომინაციაში მიმდინარეობს “ლომებზე” ნადირობა. კონკურსში ნამუშევრები გაგზავნეს სარეკლამო სააგენტოებმა: Leavingstone, Branding.ge , Jwt Metro, Betterfly, Live Branding,  Windfro’s და არტარეამ[TBC Bank]. მარკეტერი გთავაზობთ გაგზავნილ ნამუშევრებს და ავტორების კომენტარებს.

გასულ წელს ლივინგსტონისა“ და „ნატახტარის“ ერთობლივმა პროექტმა „ძეგლები ლუდის სიყვარულისთვის“ ბრინჯაოს ლომი მოიპოვა. ამჯერად „ლივინგსტონი“ Old Irish-ის ვიდეოს წარადგენს თანამედროვე ტექნოლოგიის საინტერესო გამოყენების ქვეკატეგორიაში.

ლივინგსტონის“ დამფუძნებელი და კრეატივ დირექტორი ლევან ლეფსვერიძე: – “წელს ყველაზე ეფექტიანი სწორედ ეს კამპანია გამოგვივიდა და დადებითი კომენტარების რეკორდული რაოდენობა დაიმსახურა. მოლოდინები, რა თქმა უნდა, ოპტიმისტური გვაქვს. თუმცა, 50 000 ნამუშევარს შორის გამარჯვება იოლი არ არის. ვნახოთ, ივნისში რა მოხდება.”

Old Irish-ის გარდა, „ლივინგსტონი“ მიკრო საიტის კატეგორიაში წარადგენს ლუდსახარში „ნატახტარის“ ციფრულ ბარს – sheav.se/ge. ეს ონლაინ ბარია, სადაც კომპიუტერისა და სმარტფონის გამოყენებით, თავად შეგიძლიათ ჭიქაში ვირტუალური ლუდის ჩამოსხმა და მეგობრებისთვის გაზიარება..

ლივინგსტონი Branded content-short film – ის კატეგორიაში წარადგენს ვიდეოს “უსაზღვრო მეგობრობა”, რომელიც კომპანია “ნატახტარი”-ს დაკვეთით შესრულდა.

TBC Bank წარადგენს პროექტს – #წერექართულად. პროექტის მიზანია ქართული ანბანის უნიკალურობის დაცვა და ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფა კლიენტებსა და ბანკს შორის.

TBC Bank-ის  ციფრული მარკეტინგის მენეჯერი ტატო ნორაკიძე: მომხმარებლები ჩვენს ოპერატორებს ხშირად წერდნენ ლათინური უნიკოდით და ერთ დღეს მიიღეს ასეთი პასუხი: #წერექართულად. პროექტის იდეაც აქედან წამოვიდა და წამოწყებამ დიდი ინტერესი გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში. ჩვენ შევქმენით დამოუკიდებელი ვებგვერდი – writeingeorgian.org, სადაც თავი მოვუყარეთ ამ ინიციატივის გარშემო შექმნილ კრეატიულ მასალასა და დაგროვილ ინფორმაციას. ვფიქრობთ, რეალური პრობლემის გადასაჭრელად ჩვენს მიერ დასახული მიზანი 100%-ით გამართლდა.”

კანის ფესტივალზე სარეკლამო სააგენტო  JWT Metro ვინ გახდება Orange Santa-ს” საახალწლო კამპანიით იასპარეზებს. ფესტივალში რეგულარული მონაწილეობა JWT Metro-ს გლობალური სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს .

“JWT Metro”-ს კრეატივ დირექტორი ეკა ყიფიანი: – “არასოდეს იცი, რას უნდა ელოდო კანისგან. აქ თავმოყრილია წლის საუკეთესო იდეები და გამარჯვებას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს. ვთვლით, რომ ზუსტი ქვეკატეგორიები (Entertainment და Promo and Activation) ავარჩიეთ. მთავარი მაინც თავად კამპანიაა, რომელიც ჩვენ განსაკუთრებულად გვიყვარს და რომლის შედეგებიც საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა.”

https://www.youtube.com/watch?v=THQOdQA5-1I

Branding.ge-მ  საერთაშორისო ფესტივალზე  Dugladze Wines & Spirits-ის  ღვინის ერთ-ერთი ბრენდი „რანინა“ გაგზავნა ალკოჰოლური სასმელების შეფუთვის დიზაინის კატეგორიაში. ტრადიციული ქართულის გათანამედროვეობის ამოცანა კომპანიამ სწორედ „რანინას“ კრატიული შეფუთვით გადაჭრა.

პროექტის მენეჯერი ტატა გორდელაძე: -„ რანინა branding.ge-ის ერთ-ერთი  ყველაზე საყვარელი და საინტერესო პროექტია. ამ ნამუშევარში შერწყმულია სტრატეგია და დიზაინერის პროფესიონალიზმი, ამიტომაც კარგ „ქეისად“ მივიჩნევთ კანის უმაღლესი ჯილდოს მოსაპოვებლად. მოხარულები ვიქნებით, თუ მსოფლიო ქართულ ღვინოს 8000 წლიანი ისტორიისა და გემოს  გარდა, კრეატიული შეფუთვითაც გაიცნობს.”

რანინა

სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო Live branding  კანის ფესტივალზე წარსდგება ქართველი მორაგბეების მხარდასაჭერად შექმნილი კამპანიით, – #მევარმე16.  აღსანიშნავია, რომ ეს კამპანია “ვითიბი ბანკი”-ს დაკვეთით განხორციელდა.

ბრენდ კონსულტანტი შოთა ჩინჩალაძე: – “კამპანია ძალიან წარმატებული გამოდგა და ეს წარმატება წლის ბოლოს რეალურ შედეგებში აისახა. ამ წამოწყებამ შექმნა პლატფორმა გულშემატკივრების გასაერთიანებლად და მასშტაბური შედეგებიც მოიტანა. რა თქმა უნდა, დაუნდობელ კონკურენციასაც ვაცნობიერებთ, მაგრამ ვფიქრობთ, რომ სწორად შევძლებთ საკუთარი თავის წარმოჩენას.”

კანის ლომის მოპოვებას კომპანია Betterfly შეეცდება პროექტით –„დროის მანქანა“. კამპანია წინასახალწლოდ, “ნატახტარის” დაკვეთით შესრულდა.

Betterfly-ის კრეატიული დირექტორი ბაჩო მებურიშვილი: – „დროის მანქანა ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა იყო.  ადვილი არ არის, ადამიანები ბავშვობაში დააბრუნო და ნოსტალგიური მოგონებები გაუღვიძო. „დროის მანქანამ“  კი ეს შეძლო.  ვფიქრობთ, ეს პროექტი საინტერესო და ორიგინალურია როგორც იდეით, ისე შესრულებით. წელს მეორედ ვმონაწილეობთ და სხვა კონკურსანტების მსგავსად, ჩვენც პოზიტიური მოლოდინი გვაქვს.”

ლომებზე ნადირობას Windfor’s-ი კავკასუს ონლაინისთვის განხორციელებული კამპანიით შეეცდება, მარკეტერი კომპანიის სტრატეგს ლადო მალაზონიას ესაუბრა: “ვფიქრობ ძალიან საინტერესო, არაორდინალური კამპანიაა, რომელიც ბევრ ჟანრობრივ სტერეოტიპს არღვევს და კანის ჟიურისთვისაც შესაძლოა გამორჩეული გამოდგეს. მართალი რომ გითხრათ წელს ქეისის კანში წარდგენას არ ვჩქარობდით – გვინდოდა ჯერ სხვა ფესტივალების გამოხმაურებას დავლოდებოდით. მაგრამ შემაჯამებელი ვიდეოს გაზიარებას უკვე საკმაოდ კარგი შეფასებები მოჰყვა. მათ შორის იმ ადამიანების მხრიდანაც ვისი აზრიც ძვირად ფასობს ამ ინდუსტრიაში. ლონდონის ერთ-ერთი წამყვანი სააგენტოს – MullenLowe-ს კრეატიულმა დირექტორმა გასული კვირის საუკეთესო outdoor კამპანიებს შორისაც დაგვასახელა საიტზე bestadsontv.com – რის შემდეგაც საბოლოოდ დავრწმუნდით რომ ზომბის კამპანია კანში უკვე წელსაც შეიძლება დაფასდეს.”



შემთხვევით აღმოჩენილი საყვარელი საქმე – მიხეილ თოდუა

ჩვენ ვახმოვანებთ სამყაროს! – Betkho’s Audio Lab