in

როგორ მოვუაროთ კანს ზაფხულში?

მართალია, ჯერ კარგი ამინდებით ვერ დავიტრაბახებთ, მაგრამ ზაფხული გვიახლოვდება და შესაბამისად, მცხუნვარე დღეებიც მალე მოვა. ეს, ერთი მხრივ, სასიხარულოა, რადგან ცოტა ადამიანი თუ მოიძებნება, ვისაც ზაფხული არ უყვარს, თუმცა, მეორე მხრივ, დიდი გამოწვევა არის ხოლმე ჩვენი კანისთვის. როგორც ზამთარში იფიტება, ზაფხულის სიცხეც ისეთივე ზეგავლენის მქონეა ჩვენს კანზე და უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ მოვუფრთხილდეთ მას და დავიცვათ ულტრაიისფერი სხივებისგან. 

ზოგადად, კანს არც მზის ნაკლებობა უხარია და არც მისი სიჭარბე. ზაფხულობით ყველაზე მნიშვნელოვანი და უნივერსალური წესია სახის კანის დატენიანება. ცნობილია, რომ სვხადასხვა ტიპის კანი არსებობს: მშრალიმ ცხიმიანი, კომბინირებული, მაგრამ ზაფხულში დატენიანება სამივე მათგანისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. ქვემოთ ნახავთ რამდენიმე რჩევას, რეკომენდაციას, თუ როგორ დაიცვათ თქვენი კანი ზაფხულში და შეინარჩუნოთ მისი ჯანმრთელობა. აქვე არ დაგავიწყდეთ, რომ ჯანმრთელი კანი ლამაზსაც ნიშნავს.

რჩევა #1 – მაკიაჟი

ზაფხულს მაინცდამაინც მაკიაჟით გადატვირთვა არ უხდება და სასურველია, ყოველდღიურ რეჟიმში მსუბუქი ზემოქმედებით შემოიფარგლოთ. თუ სადმე მიდიხართ და პროფესიონალური მაკიაჟის გაკეთება გარდაუვალია, არ დაივიწყოთ მისი ჩამოშორება. აუცილებელია, რომ ის ჯერ სპეციალური გამწმენდი გელით დამუშავდეს, რომელსაც დამატენიანებელი ეფექტიც ექნება და მერე ჩვეულებრივი, ნელთბილი წყლით ჩამოიბანოთ. 

რჩევა #2 – მზის დამცავი

მზისგან თავის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი კანისთვის. აუცილებელია თქვენს ყოველდღიურ ჰიგიენურ კოსმეტიკაში შედიოდეს კრემი, რომელსაც მზისგან დამცავი ეფექტი აქვს. ამასთან, უნდა მოერიდოთ დღის საათებში პირდაპირ მზის სხივების ქვეშ მოხვედრას. ზოგიერთს ჰგონია, რომ ტუჩებს არ სჭირდება მოვლა ამ დროს და არც ესაა სწორი. როგორც კანს, ტუჩებსაც სჭირდებათ სპეციალური დამატენიანებელი, რომელიც იყიდება აფთიაქებსა და კოსმეტიკის მაღაზიებში.

რჩევა #3 – წყლის მიღება

დატენიანება კანისთვის არა მხოლოდ გარეგნულად არის მნიშვნელოვანი, არამედ შინაგანადაც. სასურველია, ზაფხულში დალიოთ ბევრი წყალი, რაც აცოცხლებს კანს და ხელს უშლის მის გამოშრობას. დღეში 2-3 ლიტრი წყლის დალევა ზაფხულში აუცილებელია, თუ გსურთ, რომ თქვენს კანს ჯანსაღი ელფერი დაჰკრავდეს.

რჩევა #4 – ხილი და ბოსტნეული

ხილი და ბოსტნეული მინერალებითა და ანტიოქსიდანტებით სავსე პროდუქტებია, ამიტომ უკეთესი იქნება, თუ ზაფხულის პერიოდში უფრო მეტად მცენარეულ საკვებზე იქნებით, ვიდრე ცხოველურზე. გარდა იმისა, რომ ხილისა და ბოსტნეულის ჭამაა სასარგებლო, მათგან განაჯანსაღებელი ნიღბების დამზადებაც შეგიძლიათ.

რჩევა #5 – დაიცავით რუჯის მიღების წესები

ვის გაუგონია ზაფხული რუჯის გარეშე? მართალია, მაგრამ თუ წესებსა და რეკომენდაციებს დაიცავთ, რუჯი არა მხოლოდ ლამაზი, არამედ ჯანმრთელიც იქნება და კანსაც არ დააზიანებს. უპირველეს ყოვლისა, ყველაზე მთავარი და ოქროს წესია სწორი დროის შერჩევა. მიიღეთ მზის აბაზანები დილის საათებში, როცა სხივები არ არის ძალიან ძლიერი, ეს არის დაახლოებით 7-დან 9, მაქსიმუმ 10 საათამდე პერიოდი. თუ დილით ვერ ახერხებთ, 17:00 საათის შემდეგ შეგიძლიათ რუჯის მიღება. ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ საათობით მზის ქვეშ წოლა არაფრით არაა რეკომენდებული და ის უნდა მერყეობდეს 20-დან 30 წუთამდე.

რჩევა #6 – არ ჩაიტაროთ ქიმიური პილინგები

ზაფხულში ქიმიური პილინგების ჩატარებას არცერთი დერმატოლოგი არ გირჩევთ. ეს არის ხშირად დაშვებული შეცდომა, რომელსაც მომხმარებლები უშვებენ და სამწუხაროდ, ხშირად სპეციალისტისგანაც არ აქვთ მიწოდებული ზუსტი ინფორმაცია, რომ ზაფხულში პროცედურა არ ტარდება.

რჩევა #7 – ექსფოლიაცია

ეს კანის ე.წ. აქერცვლის პროცედურაა, რომელიც ზაფხულში კვირაში ერთხელ მაინც უნდა ჩატარდეს. ის აშორებს კანს მკვდარ უჯრედებს. ექსფოლიაციისთვის შეიძლება სპეციალური სკრაბის გამოყენებაც, რომელიც შედგება წვრილი ნაწილაკებისაგან და წმენდს კანს. არსებობს სხვა საშუალებებიც, სპეციალური კრემები, რომლებსაც იგივე ეფექტი აქვს. რომელიც არ უნდა გამოიყენოთ, იცოდეთ, რომ კვირაში მაქსიმუმ ორჯერ შეგიძლიათ პროცედურის ჩატარება და ის იმისთვისაა კარგი, რომ კანის მოვლის სხვა საშუალებები უკეთესად შეიწოვოს და ჰქონდეს ეფექტი.

რჩევა #8 – დაბანის სიხშირე

დილა-საღამოს დაბანა სრულიად საკმარისია – გვეუბნებიან ექსპერტები. ზოგიერთს ჰგონია, რომ რადგან ზაფხულია და ცხელა, ბევრჯერ უნდა დაიბანოს, მაგრამ კანისთვის ეს არც ის სასარგებლო ყოფილა. თუ ოფლიანობა გაწუხებთ, სპეციალური ხელსახოცების გამოყენებას გვირჩევენ, რომლებიც ნაზი მოძრაობით უნდა გამოვიყენოთ, რათა არ დავიზიანოთ კანი.

რჩევა #9 – მზის სათვალე

ძალიან მნიშვნელოვანია მზის სათვალის ტარება, რადგან ის იცავს კანს თვალის გარშემო. ამ მიდამოების დასაცავად, სათვალის გარდა, სპეციალური კრემები უნდა გამოიყენოთ, რომელიც ატენიანებს კანს. სათვალე კი ნაოჭებისგან იცავს კანს და ასევე მზის მავნე ზემოქმედებისგან.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

„თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალური კვირეულის მხარდამჭერია

ამელი – „ყვავილების მაღაზიობანა“, რომელიც დიდ ბიზნესად იქცა