13
სექ
2017

10 წუთიანი „კანონი“, ანუ თქვენი დროის მართვის რევოლუცია

13 სექ 2017

როდესაც ,,ათწუთიანი წესის“ შესახებ წავიკითხე, შესვენება მქონდა ტრენინგზე, შესაბამისად, ჩემი ტვინი სულ სხვა ფიქრებზე იყო გადართული. გაყიდვების თანამედროვე მეთოდების სიახლეებზე ვფიქრობდი. სტატიის სათაურმა ყურადღება მიიქცია, თუმცა ჩავთვალე, რომ ესეც ერთ-ერთი მორიგი თეორია იყო ,,უკვდავთა“ ცხოვრებიდან, რომელიც სულ სხვა რიტმზეა მორგებული და საქართველოს რიტმს სრულიად არ ემთხვევა. თურმე საფუძვლიანად ვცდებოდი. როგორც კი ტრენინგს მოვრჩი, ჩემს ოთახში შევედი და ,,ზრდილობისათვის“ ამ წესის განხორციელებას შევუდექი, ასე ხშირად ვიქცევი, რათა რეალურად გამოვარკვიო, თუ რა არის რეალური და პრაქტიკული და რა არის თეორიის ,,ოპერიდან“.

statiebi-bog

დავჯექი, ავიღე გასაკეთებელი საქმე რომელსაც ვერასოდეს ვასწრებდი ,, გუგლის“ კალენდარში“ მონიშნულ დროში, დავყავი 10 წუთიან მონაკვეთებად ე.წ. ,,ქვეპუნქტებად“ მოვიმარჯვე წამზომი და გაცხოველებით შევუდექი წერას. თან წამზომს ვუყურებდი რომელზეც წამები და წუთები, უმოწყალოდ მიირბოდნენ ათი წუთისაკენ. პირველ ათი წუთიან საქმეს რომ მოვრჩი, ათ წუთს ცოტათი გადავაცილე და ჩემთვის გავიფიქრე, რომ ალბათ ესეც მორიგი ,,თეორიული ხრიკი“ იყო, თუმცა, სვლა მაინც განვაგრძე, ბოლობოლო საქმე იყო ბოლომდე მისაყვანი. მეორე ,,ათწუთიან საქმეზეც“ ოდნავ გადავაცილე ათ წუთს მაგრამ მცირედით, სულ რაღაც ოცდახუთი წამით. მესამე ,,ქვეპუნქტი“ კი უკვე პირნათლად და ზუსტად შევასრულე, ცხრა წუთსა და ორმოცდაათ წამში. როდესაც ყველაფერს მოვრჩი, თვალებს და საათს არ ვუჯერებდი! საქმე, რომელსაც ორსაათნახევარს ვანდომებდი, ზუსტად 45 წუთში მოვრჩი, ცოტა შემრცხვა, ცოტაც გამიხარდა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ დისციპლინა და სწორი სტრატეგია არის მთავარი და გადამწყვეტი ნებისმიერ საქმეში.

რა შეიცვალა ამის მერე ჩემს ცხოვრებაში? იმ დღეს ყველაფერი, რადგანაც ვიყავი სუპერპროდუქტიული, ხოლო შემდეგ ალბათ ისევე მოვიქეცი, როგორც ყოველი ჩვენგანი ვიქცევით ხოლმე, მიუხედავად ჩვენი მიღწევებისა თუ საინტერესო აღმოჩენებსა. დავუბრუნდი ჩემს ,,ძველ სტილს“ რომელიც ,,გუგლის კალენდარში“ უამრავი საკითხების ჩანიშვნასა და მერე ნახევარი საქმეების ვერმოსწრებასა და ,,შემდეგი“ დღისათვის გადადებას გულისხმობს. ახლაც ვზივარ და როდესაც ამ სტატიას ვწერ, ჩემი კალენდარი სიგნალს მაძლევს, სტატიის წერის დრო გასულა და ,,კვირის კალენდარი“ არის დასაგეგმი. რა გაეწყობა, ახლა მე უნდა დაგტოვოთ და ჩემს შემდეგ გასაკეთებელ საქმეს დავუთმო დრო, ხოლო თქვენ კი გიტოვებთ ,,ათ წუთიანი საქმის“ ინსტუქციას რომელიც ქვევით არის მოცემული.

წაიკითხეთ, სცადეთ, თავიდან შეიძლება არ გამოგივიდეთ, მაგრამ თავს, ცოტა დააძალეთ. დიდი და კარგი საქმეები ხომ ,, ცოტა დაძალებით“ გამოდის. გისურვებთ, თქვენი დროის წარმატებულათ გამოყენებას.

პირველი რჩევა

„10 წუთიანი წესი“ მარტივია: თითოეული შესასრულებელ სამუშაოზე 10 წუთზე მეტი არ უნდა დავხარჯო. თუ 10 წუთზე მეტი დრო სჭირდება რომელიმე დავალებას, მაშინ ის ან მცირე ნაწილებად უნდა დავაცალკევოთ. მთავარია, კანონი ზუსტად დაიცვათ და არ გადაწიოთ წამზომის დრო. „კანონის მიღებიდან“ რამდენიმე დღეში თქვენ თვითონ გაგიკვირდებათ, როგორი სისწრაფით და დაკვირვებული დაიწყებთ მუშაობას.

მეორე რჩევა

თავიდან ეს პუნქტი შეიძლება არარეალურად მოგეჩვენოთ, თუმცა თუ შეცვლით თქვენ შეხედულებებს, მიხვდებით, რომ ყველა სამუშაო შეგიძლიათ 10 წუთიან ნაწილებად დაშალოთ. უნდა მოიძიოთ ინფორმაცია ახალი პროექტისთვის? დაიწყეთ ყველაფერი ინტერნეტში 10 წუთიანი მიმოხილვით და ინფორმაციის მოძიებით, შემდეგი 10 წუთის განმავლობაში ჩამოწერეთ პუნქტებად, თუ რა ინფორმაცია მიიღეთ და რა კითხვები გაქვთ კიდევ საპასუხო. მესამე 10 წუთი დაუთმეთ ადამიანებს, რომლებსაც უნდა გადააბაროთ ის კითხვები, რომლებიც ჯერ ამოწურული არ არის.

თქვენ მინიმუმ 3 საათიან სამუშაოს 30 წუთში შეასრულებთ!

ეს მიდგომა სამსახურის გარეთაც კარგად მუშაობს. მაგალითად, ჩემს ერთ-ერთ კოლეგას იმდენად დააინტერესა 10 წუთის „კანონმა“, რომ გადაწყვიტა აღნიშნული დროის მონაკვეთში დილაობით მიეღო შხაპი, ეჭამა საუზმე და ა.შ. შედეგად, მან აღმოჩინა რომ მსგავსი ტემპით მას ნაკლები დრო სჭირდებოდა დილით გასამზადებლად, ხოლო დაზოგილი დროით კი ძილი ხანგრძლივობა გაეზარდა.

მესამე რჩევა

ზემოხსენებული წესის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა არის ისეთი მარტივი და საჭირო ტექნოლოგიის გამოყენება, როგორიცაა წამზომი. იმის იმედი, რომ თქვენი შინაგანი „საათი“ ამოქმედდება და თქვენვე მიხვდებით, როდის გავა 10 წუთი, ნუ გექნებათ.

რა თქმა უნდა, იქნება შემთხვევები, როდესაც გარკვეულ საქმეებს 10 წუთზე ბევრად ნაკლებ დროში მოილევთ, ან პირიქით, უფრო დიდი ხანი დასჭირდება საკითხის მოგვარებას, ასეთი ფაქტების და წესის დარღვევის გამო თავი არ უნდა იგრძნოთ დამნაშავედ, უბრალოდ, ჩაინიშნეთ მსგავსი შემთხვევა და მომავლისთვის გაითვალისწინეთ.

თუ მაგალითად, თქვენი რომელიმე თანამშრომელი ლაპარაკის მოყვარულია, იმისათვის, რომ დრო არ დაკარგოთ, საუბრის წინ გააფრთხილეთ რომ თქვენ მხოლოდ 10 წუთი გაქვთ. თუ მეტი დრო დაგჭირდათ საკითხის მოსაგვარებლად, ესეც ნორმალურია. უბრალოდ, შემდეგისთვის გაითვალისწინეთ ეს შემთხვევა იმისთვის რომ დრო და დღე უკეთესად დაგეგმოთ.

ასე რომ გამოწვევა მიღებული გაქვთ! აიღეთ წამზომი და გამოსცადეთ თქვენი თავი! გახსოვდეთ, დრო არ ჩერდება და ცხოვრებაში წამზომიც, მუდამ ჩართულია.

ავტორი:  დავით ჩიკვაიძე  – საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტი

წესები თარგმნა სალომე სილაგაძემ



განხილვა