in

როგორ ავირიდოთ თავიდან ქაოსური პროექტი? — რჩევები დიზაინერებისთვის

დამკვეთებთან ურთიერთობა თუ ხშირად გიწევთ, ქვემოთ თქვენთვის ნაცნობ პრობლემებზე გესაუბრებით. აი, უცბად რომ უჩინარდებიან, ცუდ ბრიფებს აგზავნიან ან ამბობენ, ამას მეც გავაკეთებდიო… მოკლედ იმ საკითხებზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას, რომლებიც ქაოსური პროექტების მანიშნებლად უნდა ჩათვალოთ, შემდეგ კი გეტყვით, რა მოუხერხოთ თითოეულს:

1. ბრიფი ნამდვილს არ ჰგავს

ერთ-ერთი პირველი გამაფრთხილებელი ნიშანი ბრიფი გახლავთ, როცა დამკვეთი გეუბნებათ, რომ მაშინ ეცოდინება, როცა ნახავს, დიდ შარში ხართ. ერთი შეხედვით, გეგონებათ, რომ შემოქმედებით თავისუფლებას გთავაზობთ, მაგრამ რეალურად პროექტის დაგეგმარებაში ფუნდამენტურ მარცხზე მიუთითებს. მკაფიო მიზნების გარეშე, წარმატების განსაზღვრა თუ გაზომვა შეუძლებელია. 

რა უნდა გავაკეთოთ? დაუყოვნებლივ ჩაატარეთ შეხვედრა, სადაც კონკრეტული მიზნების, სამიზნე აუდიტორიისა და წარმატების საზომების გაგებას მოახერხებთ. არ დაიწყოთ დიზაინის შექმნა მანამ, სანამ არ გექნებათ კონკრეტული პარამეტრები.

2. გაქრობის მომენტი

როცა მანამდე აქტიური დამკვეთები ჩუმდებიან, ესეც გამაფრთხილებელი ნიშანია. ფინანსურ სირთულეებზე, შიდა პოლიტიკისა თუ პროექტის მიმართულებისადმი ეჭვებზე მიუთითებს.

რა უნდა გავაკეთოთ? დიპლომატიურად მიმართეთ ამ სიჩუმეს, გაუგზავნეთ მოკლე პროფესიონალური წერილი, რომელშიც ახსენებთ კომუნიკაციის ცვლილებას და მოითხოვთ პასუხს. თუ დუმილი გაგრძელდება, პროექტის შეჩერებისა და გადახდების პრობლემებისთვის მოემზადეთ. 

3. შეფასების პრობლემა

„მეც გავაკეთებდი, მაგრამ დრო არ მაქვს“ სწორედ ის ფრაზაა, რომელიც დაუყოვნებლივ აყენებს შეურაცხყოფას თქვენს გამოცდილებას. ეს იმას ნიშნავს, რომ დამკვეთი დიზაინს მარტივ პროცესად უყურებს, არარეალური მოლოდინები აქვს და პოტენციურად მომავალში აზრთა სხვადასხვაობებიც გექნებათ. 

რა უნდა გავაკეთოთ? მიაწოდეთ ინფორმაციები დროულად. აუხსენით პროფესიული მახასიათებლები და სტრატეგიული აზროვნება, რომელიც ყოველი შემოქმედებითი გადაწყვეტილების უკან იმალება. გაუზიარეთ ამბები იმ ბრენდების შესახებ, რომლებზეც კარგმა დიზაინმა დადებითად იმოქმედა. 

4. ბიუჯეტის შავი ხვრელი

როცა დამკვეთი ამბობს, რომ ბიუჯეტი არ აქვს, გამოდის, იაფიან ვარიანტს ეძებს და არა, საუკეთესო შედეგს…

რა უნდა გავაკეთოთ? განასხვავეთ „ბიუჯეტი ჯერ არ მაქვს“ და „ბიუჯეტი საერთოდ არ მაქვს“ ერთმანეთისგან. თუ პირველთან გექნებათ საქმე, დაეხმარეთ ინვესტიციის დონეების გააზრებაში თუ მეორესთან, ზრდილობიანად უთხარით უარი. 

5. სტეიკჰოლდერების მრავალფეროვნება

ახალი ხელმძღვანელები და კონსულტანტები თუ ხშირად ჩნდებიან და ეჭვის ქვეშ აყენებენ პროექტების მიზნებს, ეს ხშირად შიდა არეულობასა თუ ორგანიზაციულ ცვლილებაზე მიუთითებს. 

რა უნდა გავაკეთოთ? ჩამოაყალიბეთ გადაწყვეტილების მიღების მკაფიო იერარქია თავიდანვე. როცა ახალი პირები გამოჩნდებიან, მოითხოვეთ შეხვედრა, რათა განსაზღვროთ, ვის აქვს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება. 

6. უკუკავშირის ხარვეზი

როცა სტეიკჰოლდერები ურთიერთსაწინააღმდეგო უკუკავშირს გაძლევენ, ესეც გამაფრთხილებელი ნიშანია…

რა უნდა გავაკეთოთ? დანერგეთ სტრუქტურირებული უკუკავშირის პროცესები. მოითხოვეთ კომენტარები თითოეული პროექტის მენეჯერისგან და, ურთიერთდაპირისპირების ნაცვლად, პრიორიტეტი მიანიჭეთ თითოეულს.

7. კონტენტის კრიზისი

როცა გეტყვიან დიზაინის შექმნა ახლა დაიწყეთ, კონტენტს კი შემდეგ მივხედოთო, ფრთხილად იყავით, ეს ზედმეტ შრომასა და დედლაინების გადაცილებას ნიშნავს. 

რა უნდა გავაკეთოთ? უფრო დეტალური მახასიათებლების გარეშე არ დაიწყოთ ვიზუალური ნამუშევრის კეთება. აუხსენით, როგორ მოქმედებს კონტენტის სტრუქტურა დიზაინის გადაწყვეტილებებზე.

8. ტექნიკური აცდენა

დაბოლოს, თუ PowerPoint-ში მოგთხოვენ ფაილის აწყობას, ესეც გამაფრთხილებელი ნიშანია. გამოდის, რომ პროფესიული დიზაინის ხელსაწყოებისა და სამუშაო ნაკადების ფუნდამენტური ცნებები არ ესმით. 

რა უნდა გავაკეთოთ? აუხსენით არჩეული ფორმატის შეზღუდვები და შესთავაზეთ ალტერნატივები. თუ მაინც PowerPoint-ს აირჩევენ, გაითვალისწინეთ, რომ ტექნიკური შეზღუდვების გამო ამ საქმეზე მეტი დროის დახარჯვა მოგიწევთ…

She’s Next in Design – ქალი მეწარმეების გაძლიერების ახალი ფორმატი Visa-სგან

ბურთით თამაშის ბედნიერება Puma-ს რეკლამაში