ფრანგი ფილოსოფოსი ჟილ დელიოზი (1925-1995) XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მოაზროვნედ მიიჩნევა. მისი ფილოსოფია ცხოვრებისადმი პოზიტიურ დამოკიდებულებას ეფუძნება, იდეას, რომ ადამიანი მოვლენებს უბრალოდ კი არ უნდა შეეგუოს, არამედ მათგან ახალი შესაძლებლობები უნდა შექმნას.
მისი აზრით, ერთ-ერთი სისტემა, რომელსაც შეუძლია ადამიანის აზროვნებისა და ცხოვრების კონტროლი, კაპიტალიზმია. მას გამოცემული აქვს წიგნი, რომელშიც აღწერილია, როგორ აყალიბებს სოციალური და ეკონომიკური სისტემები ჩვენს სურვილებს და როგორ შეიძლება სურვილმა ამ ჩარჩოებს თავი დააღწიოს.
დელიოზი ინტერესდება არა მხოლოდ იმით, თუ რას ნიშნავს სურვილი, არამედ იმითაც, რას აკეთებს ის: რას ქმნის, რას უკავშირებს ერთმანეთს და ცხოვრების როგორ შესაძლებლობებს აჩენს.
ამ ხედვის მიხედვით, სურვილი პროდუქტიული ძალაა. ის მხოლოდ იმას არ ნიშნავს, ადამიანს რა აკლია. სურვილი ერთმანეთთან აკავშირებს ადამიანებს, საგნებს, იდეებს, ინსტიტუტებს, ტექნოლოგიებს, ფულსა და სოციალურ ურთიერთობებს.
როგორ მოქმედებს კაპიტალიზმი ჩვენს სურვილებზე
კაპიტალიზმი მხოლოდ შრომაზე არ მოქმედებს, ის ჩვენს სურვილებშიც აღწევს და გავლენას ახდენს იმაზე, თუ რა უნდა გვინდოდეს, რას უნდა ვაფასებდეთ და როგორი ადამიანი უნდა გავხდეთ.
ამიტომ კითხვა მხოლოდ ის აღარ არის „რა მინდა?“, საჭიროა ვიკითხოთ: „ვინ ან რამ მასწავლა, რომ სწორედ ეს უნდა მინდოდეს?“
ამის მარტივი მაგალითია ისეთი პლატფორმები, რომლებიც მომხმარებლების გამოცდილებებს აგროვებს და აჯგუფებს. მაგალითად, მოგზაურობისას TripAdvisor ადამიანს ეხმარება გადაწყვიტოს, სად წავიდეს, რა ნახოს და სად დარჩეს. ერთი მხრივ, ეს არჩევანს ამარტივებს, თუმცა, მეორე მხრივ, ადამიანებს უკვე არსებული შეფასებებისა და „საუკეთესო პრაქტიკის“ გამეორებისკენაც უბიძგებს.
თუ ამას დელიოზის პერსპექტივიდან შევხედავთ, თავისუფლება მხოლოდ იმ სისტემაში ჩართვას არ ნიშნავს, რომელიც უკვე არსებობს. უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ახალი გზებისა და შესაძლებლობების შექმნა.
როცა საკუთარ თავს მუდმივად პროექტად აღვიქვამთ
იგივე მექანიზმი ადამიანის საკუთარ თავთან დამოკიდებულებაშიც ჩნდება.
დღეს სულ უფრო ხშირად გვეუბნებიან, რომ: უნდა გავიუმჯობესოთ უნარები, სხეული, პროდუქტიულობა, კარიერა, ურთიერთობები და ფსიქოლოგიური მდგომარეობაც კი. მუდმივად ვაკვირდებით საკუთარ თავს, ვაფასებთ შედეგებს და სხვებს ვადარებთ.
ამ პროცესში ჩნდება კითხვა: „საკმარისად კარგი ვარ?“
თუმცა პასუხის გაცემა ყოველთვის შეგვიძლია გადავდოთ, რადგან ყოველთვის არსებობს შემდეგი მიზანი, ახალი მიღწევა, სტატუსი, გამოცდილება, ნივთი ან საკუთარი თავის ახალი ვერსია, რომელიც ჯერ კიდევ უნდა შევქმნათ.
სწორედ აქ იკვეთება კაპიტალიზმისა და ფსიქოლოგიის კავშირი. დელიოზი ასეთ კითხვას სვამდა: „რა მოხდება, თუ ის, რასაც საკუთარ სურვილად აღვიქვამ, ნაწილობრივ უკვე ჩამოყალიბებულია იმ სოციალური გარემოს მიერ, რომელშიც ვცხოვრობ?”
როცა ადამიანის ღირებულება პროდუქტიულობას უკავშირდება
როდესაც ადამიანის ღირებულება პროდუქტიულობას, აღიარებას, სტატუსსა და ეკონომიკურ სარგებელს უკავშირდება, თვითშეფასება შეიძლება მუდმივი შეფასების პროცესში აღმოჩნდეს.
თუ ადამიანის ღირებულება მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, რამდენის წარმოება შეუძლია, რა ხდება მაშინ, როდესაც ის ვეღარ აწარმოებს? თუ მისი იდენტობა სხვების აღიარებაზეა დამოკიდებული, რა ხდება მაშინ, როდესაც ეს აღიარება ქრება? და თუ მთელი ცხოვრება საკუთარი ღირებულების გაზრდაზეა ორიენტირებული, როდის რჩება, უბრალოდ, ცხოვრების დრო?
თუ სურვილს მხოლოდ დანაკლისად აღვიქვამთ, ყოველთვის იარსებებს რაღაც, რაც ჯერ არ გვაქვს: კიდევ ერთი მიღწევა, ნივთი, აღიარება ან ცხოვრების გაუმჯობესება.
დელიოზისთვის სურვილი რაღაცის შექმნის ძალაა. იმის ნაცვლად, რომ მხოლოდ სურვილების დაკმაყოფილების გზებზე ვიფიქროთ, შეგვიძლია დავაკვირდეთ, რას ქმნის ჩვენი სურვილები.
დელიოზის მიხედვით, ადამიანები შეიძლება აღმოჩნდნენ ისეთი ეკონომიკური კატეგორიების გავლენის ქვეშ, როგორიცაა „ადამიანური კაპიტალი“ და „ადამიანური რესურსები“, ან მუდმივად სტატუსის ძიებაში იყვნენ იმის შიშით, რომ საკმარისად დაფასებული, აღიარებული ან ეკონომიკურად ღირებულნი არ არიან. აქ ჩნდება მთავარი საფრთხე: ეკონომიკური ღირებულება შეიძლება ადამიანის ღირებულებასთან გაიგივდეს.
თუ ჩემი ღირებულება მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, რამდენის გაკეთება ან წარმოება შემიძლია, რა ხდება მაშინ, როდესაც ამის შესაძლებლობა აღარ მაქვს? თუ ჩემი იდენტობა აღიარებაზეა დამოკიდებული, ვინ ვიქნები მაშინ, როცა ეს აღიარება გაქრება?
დელიოზის ფილოსოფიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვა სწორედ ეს არის. პრობლემა სურვილების არსებობა კი არ არის, არამედ ის, ხომ არ მოექცა ჩვენი სურვილები იმ სისტემის გავლენის ქვეშ, რომელიც მუდმივად გვარწმუნებს, რომ ჯერ კიდევ არ ვართ საკმარისი.
ცხოვრების სხვა შესაძლებლობა
ამ პერსპექტივიდან ცხოვრების მიღება მხოლოდ არსებული რეალობისთვის შეგუებას არ ნიშნავს. ეს ნიშნავს კითხვას: კიდევ რა შეიძლება გახდეს შესაძლებელი?












