in

კარაქი CO2-ისგან დაამზადეს!

ბილ გეითსი ამბობს, რომ გემრიელია…

რძის პროდუქტების მოყვარული თუ ხართ, თქვენთვის ახალი ამბავი გვაქვს. ძროხების წყალობით რომ ამზადებენ კარაქს, ამით, ახალს არაფერს გეტყვით, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ისინი უდიდესი რაოდენობით გამოყოფენ მეთანს, სათბურის აირებს, რაც გლობალური დათბობის საკითხს კიდევ უფრო ამწვავებს. ამიტომ, ახლა ბილ გეითსის მხარდაჭერილი სტარტაპის შესახებ უნდა გესაუბროთ, რომელმაც გადაწყვიტა, კარაქი გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის გარეშე შეექმნა. გამოდის, პროცესიდან ძროხები უნდა გამოვთიშოთ…

M2
M2

კალიფორნიაში არსებული სტარტაპი Savor კარაქის მსგავსი ცხიმიანი მასის შესაქმნელად თერმოქიმიურ პროცესს მიმართავს, იყენებს მხოლოდ ნახშირორჟანგს, სითბოს, წყალბადსა და ჟანგბადს. CO2-ს ჰაერიდან იღებენ, წყალბადს წყლიდან, შემდგომ ათბობენ და ჟანგვას მიმართავენ, რათა ცხიმი შემოგვთავაზონ. ეს ამბავი კი დიდ ყურადღებას იმსახურებს, განსაკუთრებით ბილ გეითსისგან, რომელიც ცხოველის ცხიმის დიდად მოყვარული გახლავთ. ამგვარად, Microsoft-ის თანადამფუძნებელი Savor-ის ინვესტორად ვიხილეთ.

პროცესი არ მოიცავს სათბურის აირებს, არც ნაკვეთს იყენებს და არც ტონობით წყალს, ტრადიციული სოფლის მეურნეობისგან განსხვავებით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საკმაოდ კარგი გემო აქვს, რეალურის მსგავსი…, — აცხადებს ბილ გეითსი. 

თუ ნახშირბადისგან დამზადებული კარაქის გემოზე გეფიქრებოდათ, მგონი, ღირს, ბილ გეითსის აზრი გავითვალისწინოთ… ამის პარალელურად კი ისიც გავიხსენოთ, რომ პირუტყვი სათბურის აირების ყველაზე დიდი წყაროა და გლობალური სათბურის ემისიების დაახლოებით 14.5%-ს შეადგენს. 

შესაძლოა, ფიქრობდეთ, რომ ეს სულაც არ არის საჭირო, როცა ბაზარზე რძის პროდუქტების მრავალი ალტერნატივა არსებობს, მაგალითად მარგარინი, თუმცა აქ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ეს უკანასკნელი მცენარეების ზეთებისგან იქმნება. შესაბამისად, სჭირდება მიწა და სხვა რესურსები, რაც გარემოსთვის შეიძლება იმაზე უფრო საზიანოც აღმოჩნდეს, ვიდრე თავად ფიქრობთ. 

ორიოდე სიტყვით პალმის ზეთსაც უნდა შევეხოთ, რომელიც უკვე თითქმის ყველა საკვებ და თავის მოვლის პროდუქტში გვხვდება. მართალია, პალმის ზეთის ინდუსტრია ცოტათი გაუმჯობესდა, მაგრამ მაინც დეფორესტაციის ან ბიომრავალფეროვნების შემცირების სინონიმად შეგვიძლია მოვიაზროთ…

აი, Savor კი ამბობს, რომ მათი კარაქი უკეთესია, რადგან არც მცენარეებს, არც ცხოველებს და არც ქიმიკატებს იყენებს, რათა კარაქი, მარგარინი ან სხვა მსგავსი ცხიმიანი პროდუქტები შექმნას. ამასთან, თვალი რძის, ნაყინის, ყველის, ხორცისა და სხვა ტროპიკული ზეთების შექმნაზეც უჭირავთ. ხოლო, თუ გეითსს დავუჯერებთ, მომდევნო რამდენიმე წელში მათი პროდუქტი ბაზარზე კარაქის ალტერნატივად მოგვევლინება… 

McDonald’s-მა რეტრო დაბადების დღით შთაგონებული კამპანია წამოიწყო

თიბისიმ, USAID-თან პარტნიორობით, ტექღონისძიება TechXplore გამართა