in

კარატე ოლიმპიურ თამაშებზე

კარატე ოლიმპიურ თამაშებში პირველად წელს მოხვდა. სპორტის ამ სახეობის ოლიმპიადაში შეტანაზე საუბარი დიდი ხანია მიდის, თუმცა, თავს იმის გამო იკავებდნენ, რომ კარატე ძალიან ტრავმასაშიშად მიიჩნეოდა. ამას გარდა, კარატეს აღიარებას ხელს უამრავი სტილისა და სახეობის ფედერაციის არსებობა უშლიდა. საბოლოოდ, კარატე ტოკიოს თამაშებს მაინც დაამატეს, თუმცა, ისიც ცნობილია, რომ 2024 წელს პარიზში დაგეგმილ ოლიმპიადაში ისევ არ იქნება შეტანილი.

კარატეში შეჯიბრება ორ სახეობაში ტარდება: კუმიტესა (თავისუფალი სპარინგი) და კატაში (მოძრაობების ფორმალიზებული თანამიმდევრობა, რომელიც ვირტუალურ მეტოქესთან ბრძოლის პრინციპებთან არის დაკავშირებული). ტოკიოში ჯამში 80 სპორტსმენს ვიხილავთ (40 კაცი, 40 ქალი), რომლებიც მედლების 8 კომპლექტს გაითამაშებენ.

კუმიტეში სპორტსმენები ერთმანეთს სპეციალურ მოედანზე (8X8 მეტრი) ეჯიბრებიან, ბრძოლა 3 წუთს გრძელდება და ის იგებს, ვინც მეტ ქულას აიღებს ანაც პირველი დააგროვებს 8 ქულას. იუკო 1 ბალია, ვაზარი – 2 ბალი, იპონი – 3 ბალი. დაშვებულია ხელებითა და ფეხებით დარტყმები, ასევე სპეციფიური გდებებიც. შეხვედრას მოედანზე 1 არბიტრი სჯის, რომელსაც გვერდიდან კიდევ 4 რეფერი ეხმარება.

თუკი ორთაბრძოლა ფრედ დასრულდა, ის კარატისტი იგებს, ვინც ქულის აღება პირველად მოახერხა. შეხვედრა თუ უქულოდ გაილია, გამარჯვებულს მსაჯები ასახელებენ. გათვალისწინებულია საჯარიმო ქულები და შესაძლებელია სპორტსმენის დისკვალიფიკაციაც. კარატისტების უსაფრთხოებისთვის მათ სპეციალური დამცავები უკეთიათ მკერდზე, ფეხებსა და ხელებზე, ასევე იყენებენ კაპს.

ნახევარფინალში გასასვლელად კარატისტმა ერთზე მეტი ორთაბრძოლა არ უნდა წააგოს. ამ შემთხვევაში ის ბრძოლას სანუგეშო ტურნირის საშუალებით აგრძელებს. კუმიტეში მთელი ტურნირი ერთ დღეს სრულდება. ბრინჯაოს მედლებისთვის შეხვედრები არ ტარდება, რადგანაც კრივის მსგავსად, ნახევარფინალში გასული სპორტსმენები მედლებს ავტომატურად იღებენ.


კარატეს ისტორია საქართველოში

საქართველოში კარატეს ისტორია 1967 წლიდან იწყება. მაშინ ქვეყანაში კარატეს არცერთი სპეციალისტი არ იყო და არც სრულფასოვანი ლიტერატურა მოიპოვებოდა, მაგრამ ენთუზიასტთა ჯგუფმა კარატეს განვითარებას საფუძველი ჩაუყარა. ხელისუფლება სდევნიდა ყველას, ვინც ამ აღმოსავლური ორთაბრძოლით იყო გატაცებული. ანალოგიური მდგომარეობა იყო სსრკ სხვა რესპუბლიკებშიც, მაგრამ 1979 წლისთვის ამ სახეობაში მოვარჯიშეთა რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა ეღიარებინა კარატე, როგორც სპორტის სახეობა.

ქართველი კარატისტები, რომლებსაც უკვე ვარჯიშის ათწლიანი გამოცდილება ჰქონდათ, აღნიშნულ ამბავს მომზადებულნი შეხვდნენ. დაიწყო მათი წარმატებული გამოსვლები სხვადასხვა რანგის ტურნირებსა და ჩემპიონატებში. 1982 წელს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, საბჭოთა კავშირის II ჩემპიონატში, ქართველმა სპორტსმენმა გიორგი ბაკურაძემ ოქროს მედალი მოიპოვა, რისთვისაც მას სპორტის ოსტატის, მის მწვრთნელ ზურაბ ლეჟავას კი საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭათ (ქართველ კარატისტთა შორის ბაკურაძე ერთადერთი სსრკ ჩემპიონი და სპორტის ოსტატია). 1983 წელს სსრკ მინისტრთა საბჭოს დადგენილებით კარატე აიკრძალა, მისი სწავლება კი სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში, 80-იანი წლების ბოლოს, საქართველოში კარატეს განვითარების მეორე ეტაპი დაიწყო. გაჩნდა უცხოელ სპეციალისტებთან კავშირის დამყარებისა და მათი მოწვევის შესაძლებლობა. სხვადასხვა დროს საქართველოში ჩამოვიდნენ მსოფლიოში აღიარებული იაპონელი ოსტატები: კანაბავა, ხიგუანა, სუზუკი, ნანბუ, იკატა, ხისატაკა და სხვები. შედეგმაც არ დააყოვნა – ქართველმა სპორტსმენებმა თვალსაჩინო წარმატებებს მიაღწიეს საერთაშორისო სარბიელზე.

საქართველოს კარატეს ფედერაცია 1980 წელს დაფუძნდა. ამას გარდა, შექმნილია 48 საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია და ორგანიზაცია, რომლებიც გაერთიანებულნი არიან შესაბამის მსოფლიო ორგანიზაციებში. მოვარჯიშეთა რიცხვი 30 000-ს აჭარბებს. ამ დროისთვის საქართველოში კარატეს სხვადასხვა სტილით მოასპარეზე 20-მდე სპორტსმენი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, პრიზიორი და საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებულია. ბოლო პერიოდში ყველაზე ცნობილი ქართველი კარატისტი (კუმიტეში) 37 წლის გოგიტა არქანიაა. მან 2014 წელს გერმანიის ქალაქ ბრემენში მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, ამას გარდა, არის მსოფლიოს პირველობის (2008), ევროპის ჩემპიონატისა (2018) და ევროპული თამაშების (2019) ბრინჯაოს პრიზიორი. ტოკიოში სწორედ არქანიას ვიხილავთ, რომელიც ხუთკაციან ჯგუფშია და თუკი ნახევარფინალში გავიდა, მინიმუმ ბრინჯაოს მედალს მოიპოვებს.

ჩამოსხმული წყალი 3.500-ჯერ საზიანოა გარემოსთვის, ვიდრე – ონკანის

ლიბერთი ნიშნავს თავისუფლებას – სიმბოლური ველორბოლა საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ