8
Nov
2019

საით გაუწევია „ქარავანს ორბელიანზე“? – ისტორიული უბნის განვითარების კონცეფცია

8 Nov 2019

„ქარავანი ორბელიანზე“  სააგენტო Windfor’s-ის მიერ, თბილისის მერიასა და ქალაქის ფონდთან თანამშრომლობით შემუშავებული იდეაა, რომელიც განახლებული ორბელიანის მოედნის პერიმეტრის კონცეპტუალურ მოწყობასა და მართვას მოიაზრებს. ხედვა კი ასეთია – ორბელიანის მოედანი უნდა ჩამოყალიბდეს მდგრადი განვითარების მომავალზე ორიენტირებულ სავაჭრო, გასართობ და შემეცნებით სივრცედ.

ისტორიულად, ეს ადგილი ყოველთვის დატვირთული იყო სხვადასხვა სახის სავაჭრო ობიექტებით, ბაზრიდან დაწყებული სახელოსნოებით და დუქნებით დამთავრებული და სწორედ ამ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, იდეის ავტორები ამბობენ, რომ ამ უბანს პოტენციალი აქვს, მომავალზე ორიენტირებულ სივრცედ ჩამოყალიბდეს, სადაც თავს მოიყრის ინოვაციები, ტექნოლოგიური მიღწევები, გამოგონებები, განვითარდება სტარტაპ კულტურა და, ზოგადად, სამეწარმეო სულისკვეთება.

ამ ეტაპზე სივრცის 7 ძირითადი მიმართულებაა გამოყოფილი:

1. აგროპროდუქტები – უპირატესობა მიენიჭება იმ პროდუქტებს, რომლებიც ხარისხზეა ორიენტირებული და რომელთა წარმოების პროცესში დაცულია თანამედროვე სტანდარტები, ეკოლოგიური ნორმები და ა.შ.

2. ღვინის ბაზარი – გაკეთდება უნიკალური ღვინის ბაზარი, რომელიც საშუალებას მისცემს ღვინის მწარმოებლებს, უკეთ წარმოაჩნინონ თავიანთი პროდუქცია და უშუალო კომუნიკაციაში შევიდნენ მომხმარებლებთან;3. სტარტაპები და მათი პროდუქცია/სერვისები – აქ შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც ხელნაკეთი ნივთები, ისე ტექნოლოგიური და ინოვაციური იდეები, სერვისები, გამოგონებები და ა.შ.

4. ხარისხიანი საკვები პროდუქცია – უნდა დაინერგოს ქუჩის კვების ახალი სტანდარტი, სადაც მწარმოებლები აქ მოსულ ადამიანებს მიაწვდიან მხოლოდ ხარისხიან, ბრენდირებულ ნაწარმს;

5. გასართობი პროგრამები – აქ მოსულ სტუმრებს დახვდებათ გასართობი პროგრამების ფართო სპექტრი, სადაც ერთამანეთს შეერწყმება მუსიკა, სხვადასხვა სახის თამაშები, გათამაშებები, წარმოდგენები, სპორტული სანახაობები და ა.შ.

6. შემეცნებითი პროგრამები -ავტორებს, ასევე, სურთ, ეს სივრცე ჩამოყალიბდეს ერთგვარი შემეცნების ცენტრადაც, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ, საინტერესო ადამიანებს შეხვდნენ, მოისმინონ საინტერესო საუბრები, გაეცნონ სხვადასხვა სახის მასალებს, ანუ გარკვეულწილად, ამ ადგილს ინტელექტუალური დატვირთვაც შესძინონ;

7. საბავშვო პროგრამები – სპეციალური ზონა ბავშვებისთვის, მათზე მისადაგებული პროდუქცია და გასართობი ღონისძიებები.

პირველ ეტაპზე ღონისძიებები შაბათ-კვირას გაიმართება, შემდეგ კი უკვე კვირის დანარჩენ დღეებზეც გავრცელდება.

პირველი ღონისძიება თბილისობას გაიმართა, 9 და 10 ნოემბერს კი,  12:00-დან 22:00-მდე, პროგრამაში იქნება სხვადასხვა სახის შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები. ასევე, ვინტაჟური და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

რაც შეეხება მუსიკალურ პროგრამას, შაბათს, 19:00 საათზე მსმენელის წინაშე ქართული ჯგუფი “Killages” წარდგება, ასევე, ორივე დღის განმავლობაში, დღის სხვადასხვა მონაკვეთში, შეკრებას მოწვეული DJ-ები და ქუჩის მუსიკოსები გააფორმებენ.

განხილვა