„კარაველა“ ბავშვებისთვის განკუთვნილი ხელნაკეთი კარვების სტარტაპია, რომელიც დედის, 32 წლის ბარბარე გალდავას მიერ, შეიძლება ითქვას, თამაშ-თამაშით შეიქმნა. „როცა შვილები მეყოლა, მათთან ერთად „სახლობანას“ ვთამაშობდი და ვიფიქრე, მათთვის კარავი ამეწყო. პირველ ეტაპზე ეს მინიმალურად შევძელი, ჩვეულებრივი ჯოხებით, ფარდისა და ბავშვების ძველი თეთრეულის ნაჭრებით. დავაკვირდი, რომ ისევე მოსწონდათ მასში შეძრომა და თამაში, როგორც მათ ასაკში მე“, – ბარბარე გალდავა.
2 წლის წინ, სწორედ ასე შექმნა აფხაზეთიდან დევნილმა, პროფესიით ექთანმა ბარბარემ პირველი ხელნაკეთი კარავი – ნაჭრის ფერადი და მყუდრო ბედნიერება, დღეს უკვე, 6 წლის დაჩისთვის, რომელიც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვია და მისი 4 წლის ძმა ანდრიასთვის. ბარბარეს გამოცდილება კერვასა და დეკორატიული ნივთების შექმნაში მხოლოდ თანდაყოლილ ნიჭსა და სურვილს უკავშირდებოდა, თუმცა დღეს ერთ-ერთ საზოგადოებრივ კოლეჯში სამკერვალო საქმიანობას სწავლობს და მალე, საფუძვლიანი ცოდნა და პრაქტიკა ექნება ამ სფეროში. „კარაველას“ შესახებ კი, უფრო დეტალურად, თავად გვიამბო:
M: როგორ იწყება „კარაველას“, როგორც ხელნაკეთი კარვების მწარმოებელი სტარტაპის ისტორია?
პირველი კარავი, რომელიც შვილებისთვის შევკერე, ზაფხულში ზღვაზე წავიღეთ და სანაპიროზე ლეიბის გარეშე დავდგით. ჩემი შვილები, მეგობრებთან ერთად, სილაში თამაშობდნენ და არც მზე აწუხებდათ. ფაქტობრივად, ზაფხულიდან დავიწყე და ერთდროულად რამდენიმე კარავი შევკერე, ფეისბუკის გვერდიც ამ დროს შევქმენით. პირველად „საჩუქრების გვერდზე“ გავაზიარე, სადაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, უამრავი მშობელი წერდა, რომ მის შვილს მსგავსი რამ ძალიან მოეწონებოდა და ასე გავაჩუქეთ პირველი კარავიც. შემდეგ კი დაიწყო შეკვეთებიც.M: ვინ მუშაობს, უშუალოდ, პროდუქციაზე და რა ქსოვილებსა და მასალებს იყენებთ კარვების დასამზადებლად?
მხოლოდ მე ვკერავ და ქსოვილებზეც თავადვე დავდივარ.მასალები ნატურალურად სუფთაა: ნაჭრების სახით ბამბასა და ტილოს ვიყენებ, იმ ქსოვილებს, რომლისგანაც ბავშვის თეთრეულს ამზადებენ. ანტიალერგიულ სინთიპონს სირბილისთვის და ასევე, გასუფთავებულ ხეს. დანადგარებს რაც შეეხება, მხოლოდ საკერავ მანქანას ვიყენებ.
M: როგორ ხდება „კარაველას“ პროდუქციის რეალიზება და რას შეადგენს მისი ღირებულება?
რეალიზება ხდება ონლაინ და ტრანსპორტირების საკითხებში მეუღლე მეხმარება, რადგან თბილისის მასშტაბით, ადრესატთან თავად მიგვაქვს უფასოდ. რაც შეეხება ჩვენს საფასო პოლიტიკას, კარვის ფასი 150 ლარიდან იწყება და თან მოჰყვება რბილი ლეიბი და ორი ბალიში.
M: როგორია თქვენი სამომავლო ხედვები?
მინდა, სხვადასხვა კრეატიული ნივთი დავამატო, რომლებიც ასევე, ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი.