სულ ახლახანს კერხერი ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბის სპონსორი გახდა! გერმანულ კომპანიასა და საფეხბურთო კლუბს შორის გაფორმებული მემორანდუმი საფეხბურთო კლუბის ფინანსურ მხარდაჭერას და ფეხბურთელებისთვის შესაფერისი სავარჯიშო პირობების შექმნას ითვალისწინებს.
გაფორმებული მემორანდუმით, კერხერი ადასტურებს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, გენდერული თანასწორობის პრინციპების გაძლიერებას და ქალთა ფეხბურთის განვითარებას, განსაკუთრებით რეგიონებში.
„მოხარული ვარ, რომ კერხერის სახით ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბმა დიდი მხარდამჭერი შეიძინა. შეთანხმებული მემორანდუმის ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მთელი წლის განმავლობაში კლუბს ჰქონდეს ყველა პირობა სრულფასოვანი მომზადებისა და წარმატებული სეზონისთვის“, — ნიკოლოზ ბათირაშვილი, გენერალური დირექტორი.
„გამორჩეული საერთაშორისო კომპანიის მხარდაჭერა უფრო მეტ სტაბილურობას შესძენს კლუბს, დაეხმარება სპორტული მიზნების მიღწევაში და ასევე, თავის წვლილს შეიტანს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაში. მსგავსი ტიპის თანამშრომლობა უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართულ სპორტში და განსაკუთრებით ქალთა ფეხბურთში“, — დურმიშხან ჩხაიძე, კლუბის დირექტორი.
კომპანია კერხერი დასუფთავების ტექნიკის მწარმოებელი ლიდერი კომპანიაა მსოფლიოში. 80 ქვეყნის 150 ფილიალში 15,300-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. საქართველოში ფილიალი 2016 წლიდან ფუნქციონირებს.
ქსკ ლანჩხუთი — საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი ქალთა საფეხბურთო კლუბი, ქვეყნის სამგზის ჩემპიონი, თასის ორგზის მფლობელი და ერთადერთი ქართული კლუბია, რომელმაც უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობა შეძლო.
[R]