ქართველები ოდითგანვე ვამაყობთ ჩვენი სუფრის დოვლათითა და ბარაქით. სტუმრისადმი პატივისცემას კარგი ღვინითა და სუფრით გამოვხატავთ. არაერთი უცხოელი სტუმარი გაგვიოცებია ქართული სამზარეულოს სიუხვითა და სიგემრიელით, მათ რიცხვს ამერიკელი წყვილი: შონი და მაკენზიც მიეკუთვნება.
შონი და მაკენზი ერთმანეთს 6 წლის წინ, აიოვას შტატში შეხვდნენ და მას შემდეგ ერთურთის განუყრელ თანამგზავრებად იქცნენ. უამრავ საერთო გატაცებათა შორის საქართველოსა და ქართული კერძებისადმი სიყვარული ღირსეულ ადგილს იკავებს. სიყვარული იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ საკუთარ ბიზნეს იდეად აქციეს და ორეგონის შტატში, ქალაქ პორტლენდში ქართული კერძების სწრაფი კვების ობიექტი: “კარგი გოგო” გახსნეს.
შონ, მაკენზი, როგორ დაიწყო ყოველივე და როგორ მოხვდით საქართველოში?
ყოველივე იმით დაიწყო, რომ ერთ დღეს გადავწყვიტეთ ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეგვეცვალა და თავგადასავლების საძიებლად აშშ-ს სამთავრობო ორგანიზაცია: “მშვიდობის კორპუსის” მოხალისეებად ჩავეწერეთ, მალევე საქართველოში: სამცხე-ჯავახეთში გაგვანაწილეს. საქართველოში ყოფნის პერიოდში უამრავ საგანმანათლებლო პროექტში მივიღეთ მონაწილეობა.
პირველად ქართულ სამზარეულოს სად ეზიარეთ?
ქართული კერძები პირველად სამცხე-ჯავახეთში, ჩვენს მასპინძელ ოჯახში დავაგემოვნეთ. ჩვენი ბებო საოცარი მზარეული გახლდათ და სუფრის მრავალფეროვნებით გვანებივრებდა. მახსოვს, ხაჭაპურის გასინჯვისას თავი სამოთხეში მეგონა, აღფრთოვანებაში მოვყავდით თითოეულ კერძს. ხინკალი, ბადრიჯანი, ლობიანი და საცივი ჩვენს უსაყვარლეს კერძად იქცა. მალევე მივხვდით, რომ საქართველოზე საუბარი მისი სურნელოვანი, გემრიელი კერძებისა და საოცარი ღვინის გარეშე შაუძლებელი იყო, და რომ ეს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდიდა ამ ულამაზესი ბუნებისა და მრავალფეროვანი კულტურის ქვეყანას.
ჩვენ იმდენად მოვიხიბლეთ ქართული კულინარიით, რომ გადავწყვიტეთ თავად გვესწავლა კერძების დამზადება, ამიტომ უამრავ დროს ვატარებსით მასპინძელი ოჯახის სამზარეულოში, ვისწავლეთ ხაჭაპურის ცომის და ხინკალის დამზადების ტექნოლოგია. ამასთან, ხშირად ვსტუმრობდით ეგრეთ წოდებულ “ბაზარს”, რათა შეგვესწავლა ქართული სანელებლების დანიშნულება.
როგორ გაჩნდა იდეა და რატომ ქართული სამზარეულო?
ჩვენ, ორივეს კვებით ობიექტებში მუშაობის დიდი გამოცდილება გვაქვს, საკუთარი რესტორნის გახსნის იდეას დიდი ხანია განვიხილავდით. საქართველოდან დაბრუნებულებს კი მუდმივად გვსურდა ყველასათვის გაგვეზიარებია ჩვენი აღფრთოვანება ამ საოცარი ქვეყნისადმი. ამას ისიც დაერთო, რომ ქალაქ პორტლენდში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ არ არსებობდა ქართული კვების ობიექტი და საქართველოს შესახებაც ძალიან ცოტას სმენოდა. სწორედ ეს გახდა წინაპირობა ჩვენი გადაწყვეტილების და ასე გაჩნდა იდეა: “კარგი გოგო”, რომელიც სულ რამოდენიმე კვირაა რაც გაიხსნა.
როგორ დაიბადა სახელი “კარგი გოგო”?
სახელი მეგობარმა გვირჩია, ლოგოს დიზაინიც მას ეკუთვნის. როგორც კი სახელი: “კარგი გოგო” მოვისმინეთ, მივხვდით რომ ეს სწორედ ის იყო რაც გვჭირდებოდა. “კარგი გოგო” მაკენზისათვის თბილ და სასიამოვნო მოგონებებთან არის დაკავშირებული, ეს არის სიტყვები, რომელსაც ის კომპლიმენტის სახით ხშირად იღებდა. ამასთან, ცხადი იყო, რომ ის იოლი წარმოსათქმელი და დასამახსოვრებელი იქნებოდა ამერიკელებისათვის: ”GO GO” ინგლისურად ხომ ქმედებას და მოძრაობას გულისხმობს. ხშირად გვეკითხებიან თუ რას ნიშნავს “კარგი გოგო”, ეს კი ჩვენთვის კიდევ ერთი შანსია ვისაუბროთ საქართველოზე და ამერიკელებს ჩვენი საქართველოსადმი სიყვარული გადავდოთ.
ყველაზე პოპულარული რომელი კერძია?
ხაჭაპურს განსაკუთრებით ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, თუმცა არც ხინკალი ჩამორჩება პოპულარობით, ხოლო ბადრიჯანი ვინც კი დააგემოვნა, ყველამ შეიყვარა. ვცდილობთ ყველა კერძი ქართული მეთოდით და ქართული წარმოების პროდუქციით დავამზადოთ. ჩვენი წარმატების საზომი კი არის ქართველის მიერ დაგემოვნების შემდეგ ნათქვამი სიტყვები: “კი, ნამდვილად ქართული გემო აქვს”.
შონ, მაკენზი, სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ და როგორ წარმოგიდგენიათ “კარგი გოგო” 5 წლის შემდეგ?
ჩვენი მთავარი გეგმა “კარგი გოგოს” წარმატებაა, თუმცა ძნელი სათქმელია სად ვიქნებით 5 წლის შემდეგ, ერთი დანამდვილებით ვიცით: გვინდა საქართველო ჩვენი ცხოვრების ნაწილად დარჩეს, “კარგი გოგო” კი ამის გარანტია.
რას ურჩევდით დამწყებ მეწარმეებს და რა არის წარმატების საწინდარი?
წარმატების საწინდარი საქმისადმი სიყვარულია, თუ საქმეს სიყვარულით აკეთებთ, წარმატება გარანტირებულია, სწორედ სიყვარული გაძლევთ ენერგიას მუხლჩაუხრელად იშრომოთ და წარმატებისკენ მიმავალი აღმართები დასძლიოთ.
ჩვენ უდიდეს წარმატებას ვუსურვებთ შონისა და მაკენზის “კარგ გოგოს”. ხოლო ქალაქ პორტლენდში მცხოვრებ ქართველებს მოგიწოდებთ ესტუმროთ მათ, დააგემოვნოთ ქართული კერძები და შთაბეჭდილებები გაგვიზიაროთ.
ავტორი: მაკა ყუფარაძე